"ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს" - რას აცხადებს ადვოკატი - კვირის პალიტრა

"ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს" - რას აცხადებს ადვოკატი

ხმამაღლა და ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ საფუძველი იმისა, რომ მორის მაჩალიკაშილი დააკავონ, არ არსებობს და ვფიქრობ, არც იარსებებს, - ამის შესახებ მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს მორის მაჩალიკაშვილის სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. კუბლაშვილის განმარტებით, საქმე გასაიდუმლოებულია, რის გამოც, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. რაც შეეხება გამოკითხვისას მორის მაჩალიკაშვილის მიმართ დასმულ კითხვებს, ადვოკატმა განაცხადა, რომ მორის მაჩალიკაშილმა გამოძიებას მისი ცხოვრების შესახებ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდა.

რაც შეეხება სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, კუბლაშვილი აცხადებს, რომ ამ ჩანაწერისთვის არ მოუსმენია.

„იქიდან გამომდინარე, რომ გახლავართ მორის მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ხელი მოვაწერე საქმეს, გავეცანი მასალებს, რომელიც არის გასაიდუმლოებული. მე სამართლებრივი უფლება არ გამაჩნია, რომ საქმის დეტალებზე ვისაბრო. დღეს გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმული კითხვებიდან გამომდინარე, დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და იმაზე მსჯელობა, რომ ხვალ მორისი შესაძლოა დააკავონ, ძალიან ადრეა. ჩვენ 6-7 საათის განმავლობაში ვიყავით შენობაში და კითხვები დაისვა იმ მინიშნებით, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის შენს გვერდით“, რომ მათ იციან ყველა ინფორმაცია ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ. გამოკითხვა იყო ვრცელი და მან დამაჯერებელი და ზუსტი ინფორმაცია მისცა. ხმამაღლა და ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ საფუძველი იმისა, რომ მორის მაჩალიკაშილი დააკავონ, არ არსებობს და ვფიქრობ, არც იარსებებს.

რაც შეეხება ჩანაწერს, უშუალოდ არ მოგვისმენია. ვერ დავადასტურებთ ამ მტკიცებულებათა არსებობას ან მათ ავთენტურობას. შესაბამისად, ამაზე კომენტარის გაკეთება ადრეა,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"