"შესაძლოა ასეთი საუბარი მქონოდა, მაგრამ ეს ჩემი ფიქრებია, როცა ჯოჯოხეთში ვყავარ სუს-ს, მინდა გავიგო ვინაა ჩემი მტერი" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა ასეთი საუბარი მქონოდა, მაგრამ ეს ჩემი ფიქრებია, როცა ჯოჯოხეთში ვყავარ სუს-ს, მინდა გავიგო ვინაა ჩემი მტერი"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული. ამის შესახებ განცხადება სუს-ში გუშინ გაკეთდა. (იხილეთ სრულად)

მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელმაც ღამე პარლამენტთან გაატარა, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ "ტერაქტი უნდა გამოირიცხოს".

"ხელისუფლებისა და მთელი საქართველოსადმი ჩემი გზავნილია შემდეგი: როცა ტერაქტს მაბრალებენ და ამბობენ, რომ მე ვარ საშიში, პირველად ყურადღება უნდა გამახვილდეს, თუ შევისყიდე სადმე იარაღი, თუ მქონია რამე შეხება. ამის შემდეგ შეიძლება დამაბრალონ ტერაქტთან დაკავშირებით რამე.

ამ შემთხვევაში ტერაქტი საერთოდ უნდა გამოირიცხოს. მე ერთი წელია აქ ვდგავარ და ვიცავ სასტიკად მოკლულ თემირლანს, თუმცა მე ამ ფიცით ვარ გამოსული აქ, რომ დავიცვა მისი სახელიც და დავიცვა მთელ ქვეყანაში ახალგაზრდობა. ასეთი საუბარი მე მქონია რამდენიმე, როცა ამათ გამოვყავარ მდგომარეობიდან. ეს ჩემი ფიქრებია, თუმცა მიზანი არ მქონია. როცა მე ესენი ძალათ მამწარებენ... მხეცი ვერ გაუძლებდა და როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე ასეთი საუბარი. არ მახსოვს, შესაძლოა მეთქვას, მაგრამ როცა ჯოჯოხეთში ვყავარ სუს-ს, იქ მინდა გავიგო ვინაა ჩემი მტერი - მისი ცოცხალიც მაინტერესებს, მისი მკვდარიც მაინტერესებს, მისი შთამომავალიც და მოდგმაც, თუმცა არა იმიტომ რომ გავანადგურო, არამედ ვიცოდე, ვინაა ჩემი მტერი. თუ ჩემი ფიქრებიდან ამათ რაღაცის შექმნა უნდათ, მზად ვარ პასუხი ვაგო... მე გავიფიქრე, მე მომივიდა ეს აზრი და ბევრჯერ მომდის, მაგრამ ამას ვკლავ ჩემში, იმ ძალას ვნახულობ ჩემში, რადგან საქართველოს მოსახლეობის თანაგრძნობას ვხედავ და ამაზე არ ვარ წამსვლელი. მე ჩეჩენი, ქისტი კაცი ვარ - მომისმინეთ, მე ჩემს თვალწინ, სახლში მომიკლეს შვილი, ერთადერთი ვაჟი. მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, მაგრამ ამის მიუხედავად, ვცემ საქართველოს პატივს. მე არ მეშინია ციხის, მე ციხიდან ვიბრძოლებ. დამიჭირონ, აქ ვარ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სუს-ში დაკითხვაზე მივიდოდა, რომ სცოდნოდა, უწყება ტერაქტის მომზადებაში დაადანაშაულებდა.

"ხუთჯერ ვიყავი დაბარებული. ბოლოს 10 საათი დამკითხეს. მაშინ ვთქვი, თუ ძალით არ მიმიყვანთ, ჩემით არ მივალ, რადგან ვინც იქ ზის, ყველას თემირლანის სისხლში აქვთ ხელები. რომ მცოდნოდა ამ საკითხს ეხებოდა, წავიდოდი. ახლა ნებისმიერ დროს წავალ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, მზადაა პასუხი აგოს, "თუ დანაშაული აქვს ჩადენილი".

"ძალიან მაინტერესებს, თუ ვიყავი საშიში და ვამზადებდი ტერაქტს, დალოდებოდნენ, რომ ფაქტზე დავეჭირე. მე არ მეშინია. თუ მაქვს ჩადენილი დანაშაული, თუ ჩემი ფიქრებიდან ამათ რაღაცის შექმნა უნდათ, მზად ვარ პასუხი ვაგო", - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო