საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება "როენას საუნიდან" - სად გაქრა თამაზ ლუცუფიძე? - არქივი - კვირის პალიტრა

საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება "როენას საუნიდან" - სად გაქრა თამაზ ლუცუფიძე? - არქივი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით 5 პირი დააკავა. მათ შორისაა სასტუმრო "მამიდას" მფლობელი როენა ხუცურაული.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით. ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როენა ხუცურაული ანალოგიური ბრალდებით 2007 წელსაც დააპატიმრეს, მან საპატიმრო 2010 წელს დატოვა. 2013 წელს კი საქალაქო სასამართლომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, როენა ხუცურაულს 40 000 ლარიანი ჯარიმა, ერთწლიანი პირობითი სასჯელი და ორწლიანი გამოსაცდელი დროით შეუფარდა.

2013 წელს "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა სტატია სათაურით "რა მოხდა "როენა მამიდას" საუნაში?", რომელიც ეხებოდა რამდენიმე წლის წინ როენა ხუცურაულის კუთვნილი საუნიდან გაუჩინარებული თამაზ ლუცუფიძეს, ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო, საეჭვო რეპუტაციის ამ დაწესებულებიდან გამოსული სტუმრების კვალი სხვა დროსაც დაკარგულა.

გთავაზობთ სტატიას არქივიდან:

2006 წლის 12 თებერვალს 29 წლის თამაზ ლუცუფიძე მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდა. ნასვამი სიგარეტის საყიდლად გავიდა... მას შემდეგ ის ოჯახს აღარ უნახავს.

თვითმხილველების თქმით, თამაზი ბოლოს ქერჩის ქუჩაზე მდებარე "მამიდას" სასტუმროში მივიდა, სადაც ვინმე ლევან ყარყარაშვილთან უთანხმოება მოუვიდა ქალის გამო. ოჯახი ეჭვმიტანილებზე, დანაშაულის მფარველებსა და მკვლელობის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს. "ჩემი შვილი მოკლულია, მკვლელს კი პოლიციამ დააფარა ხელი. ყველამ იცის, რომ საღამოობით "როენას საუნა" გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს ბუნაგი იყო. იმ პერიოდში, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, დახურეს საუნა, ალბათ, ჩვენი თვალის ასახვევად, ახლა ისევ მუშაობს. როენა ხუცურაულსაც შევხვდი, მითხრა, ეგ ამბავი რომ მოხდა, აქ არ ვიყავი, მაგრამ ყარყარაშვილი ფეხებით უნდა დაკიდოთო. სხვათა შორის, როენამ ჩემი შვილის გაუჩინარების შემდეგ საუნიდან ყველა თანამშრომელი დაითხოვა", - ამბობს გაუჩინარებული თამაზ ლუცუფიძის მამა, მიხეილ ლუცუფიძე. გაგრძელება