"სასტუმრო "მამიდას" კათარზისად გადაკეთება მქონდა მოფიქრებული" - რა განაცხადა პროცესზე როენა ხუცურაულმა? - კვირის პალიტრა

"სასტუმრო "მამიდას" კათარზისად გადაკეთება მქონდა მოფიქრებული" - რა განაცხადა პროცესზე როენა ხუცურაულმა?

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო "მამიდას" მფლობელი, როენა ხუცურაული აცხადებს, რომ სასტუმროს კათარზისად გადაკეთებას აპირებდა.

აღნიშნულის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მის მიმართ და ასევე, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძის მიმართ აღკვეთის ღინისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

"სანამ ეს მოხდებოდა, სამი თვის წინ ვაპირებდი ზინაიდა ქორიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას. ქირა ვერ მოჰქონდა და ამიტომ მინდოდა შემეწყვიტა. ზინაიდან მითხრა, მეწილეები მყავს და ქირას მოგიტანო, კიდევ შანსი მივეცი. დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, კათარზისი მინდოდა გამეკეთებინა", - განაცხადა ხუცურაულმა.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო "მამიდას" მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად "მამიდა", ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად "სალომე" და სასტუმრო "გოლდის" მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ. გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო "მამიდას" ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო "მზის" მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. - მეტსახელად "ფისო".

"ინტერპრესნიუსი"