"მოუკლავს, მერე კარი ბოქლომით დაუკეტავს და წასულა. დილით გარდაცვლილი დედა ვაჟმა იპოვა" - რა მოხდა ხაშურში? - კვირის პალიტრა

"მოუკლავს, მერე კარი ბოქლომით დაუკეტავს და წასულა. დილით გარდაცვლილი დედა ვაჟმა იპოვა" - რა მოხდა ხაშურში?

ორიოდე დღის წინ მკვლელობა მოხდა ხაშურში. 55 წლის ქალი მოკლული საკუთარ სახლში შვილმა იპოვა. მომხდარიდან მალევე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქალის მეუღლე დააკავა.

გამოძიების ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ვ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულმა მეუღლეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მომხდარის შესახებ გარდაცვლილის მეზობელი გვესაუბრება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: - ადამიანის მკლველობა უმძიმესი ფაქტია. თუ შეგიძლია და გრძნობ, რომ ადამიანებს საქმე აქეთ მიჰყავთ, უნდა ეცადო და  ყველაფერი გააკეთო, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ ზოგჯერ გარემოება არ გაძლევს ამის საშულებას. რაც ჩვენს ეზოში მოხდა, სწორედ ეს შემთხვევა იყო, - საბრალო ქალს ვეუბნებოდით, რომ მისი და მისი ქმრის გამუდმებულ ჩხუბს კარგი არაფერი მოჰყვებოდა, მაგრამ არ მოგვისმინა. გარდაცვლილი ლუსია კრავცოვა ჩვენი კორპუსის ერთოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა, შვილები დაქორწინებული ჰყავდა, ეკონომიკურად არ ულხინდა,  თუმცა სულ შრომობდა - ხან დამლაგებლად მუშაობდა რკინიგზის სადგურში, ხანაც წიწაკასა და სხვა წვრილმანებს დაატარებდა და ჰყიდდა ბაზარში. ამ მცირე შემოსავალს შვილებსაც უწილადებდა და თავიც გაჰქონდა. ცხოვრობდა მშვიდად, მაგრამ 3-თუ 4 წლის წინათ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ლუსიამ გათხოვება გადაწყვიტა.

მისი ქმარი დიდწილად მთვრალი იყო და ბინიდანაც გამუდმებულად ჩხუბის ხმა ისმოდა. ქმარი ლუსიაზე ახალგაზრდა იყო და როგორც ამბობდა, ის ძალიან უყვარდა, მაგრამ საუბედუროდ, ეს სიყვარული ქმრის მხრიდან მხოლოდ ჩხუბით და აყალმაყალით გამოიხატებოდა. კაცი მუდმივად ლუსიასთან არ ცხოვრობდა, მაგრამ როცა მოდიოდა, როგორც წესი, ნასვამი იყო და გამუდმებით ჩხუბობდა, როგორც ამბობენ, ლუსია საკუთარ მწირ შემოსავალს მასაც უყოფდა...

- თუ სახლიდან გამუდმებით ჩხუბის ხმა გამოდიოდა, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მეზობლებს, სულ მცირე, პატრულის გამოძახება მაინც შეგეძლოთ. - ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ შედეგი არ გამოიღო, იმიტომ, რომ მერე ლუსია ქმარს უკან დაბრუნებაზე უარს არ ეუბნებოდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. პირადადაც არაერთხელ მისაყვედურია ლუსიასთვის - ადამიანი არ ხარ, ამდენს რატომ იტან, მეზობლები მაინც მოგვასვენეთ-მეთქი.... ჯერ დამეთანხმებოდა, მაგრამ მერე ისევ ქმრის მხარეზე იყო. რა ვიცი, როგორც ჩანს, მართლა უყვარდა...

- სავარაუდოდ, მკვლელობის დღესაც ექნებოდა ცოლ-ქმარს ჩხუბი... - მკვლელობის დღეს ხმაური არც ერთ მეზობელს არ გაგვიგია. როგორც ჩანს, ლუსიას ქმარი გვიან ღამით ნასვამი დაბრუნდა, როცა ყველას ეძინა, იმიტომაც ვერაფერი გავიგეთ. მოუკლავს, მერე კარი ბოქლომით დაუკეტავს და წასულა. დილით ადრე ლუსიას ვაჟი, არტური მოვიდა დედასთან და ამ მდგომარეობაში ნახა. ტიროდა, - დედაჩემმა დამირეკა, - მოდი, ფული უნდა მოგცეო, მეც მოვედი და მკვდარი დამხვდაო.

- გარდაცვლილს დანით აქვს ჭრილობები მიყენებული? - არტური ამბობდა, - დედა შპრიცით არის დაჭრილიო, - ყელიც შპრიცით აქვს გამოჭრილი და სხვა ჭრილობებიც შპრიცით მიაყენესო. წარმოიდგინეთ რა საზარელი სიკვდილია, გული მიკვდება. ერთ-ერთი ვერსიით, საბრალო ქალმა ქმარს ფული აღარ მისცა, რადგანაც შვილს შეჰპირდა და ეს უბედურებაც იმიტომ მოხდა.

(სპეციალურად საიტისთვის)