ვინ არის 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს? - კვირის პალიტრა

ვინ არის 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს?

3 მაისს ტრაგედია დატრიალდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში. შვილის, რძლისა და ორი ახლობლის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავა. მის წინაღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა- ტარებას.

გამყრელიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, მას 5 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც სხდომაზე გამყრელიძემ განაცხადა, დანაშაული არ ჩაუდენია, მისი შვილი, რძალი და ორი მეზობელი სხვამ მოკლა.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ მომხდარი მკვლელობების გამოძიების ფარგლებში, მკვლელობაში ბრალდებულის მეორე შვილის ადგილსამყოფელის დასადგენად შსს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.

"მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს, ო.გ.-ს მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა იყოს ამ საქმესთან შემხებლობაში, განვმარტავთ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს - მეორე შვილმა 1 მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღით ადრე განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

საქმეზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს გამოძიებას, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ყანდაურაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას", - აცხადებენ შსს-ში.

ამას გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა-ტარებას ედავება (სსკ-ის 236-ე მუხლი).

ჩვენ როგორც შევიტყვეთ, ახალგაზრდა დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს, მაგრამ აქამდე არ გახმაურებულა. დაკავებულია 22 წლის ბაბუის მოსახელე, ომარ (ომარიკო) გამყრელიძე. იგი სტუდენტია და გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა ტარებას ედავება.

მართალია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, რეალურად ბიჭის დაკავების მიზეზი მისგან მამაზე ინფორმაციის მიღებაა. ამ გზით სამართალდამცავებს სურთ მიაგნონ მამამისს ნოდარ გამყრელიძეს. არსებული ინფორმაციით, სწორედ მას ეძებს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ამ უმძიმეს დანაშაულში მხილებულ კიდევ ერთ პირს ეძებენ. სავარაუდოდ, იძებნება სწორედ ნოდარ გამყრელიძე.

ჩვენი ინფორმაციით, ნოდარი წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ის ყოფილი სპეცრაზმელია. თუმცა ამ ეტაპზე ის სისტემაში არ მუშაობდა. როგორც ამბობენ, ამხელა ტრაგედიის შემდეგ ის სოფელ ყანდაურაში არ გამოჩენილა.

მისი ვაჟი ომარიკო ამბობდა, რომ მამამისი რუსეთში აპირებდა წასვლას და ნახა პასპორტში ვიზა ჩარტყმული რომ ჰქონდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ოფიციალურად საზღვარი არ გადაუკვეთავს. არ გამორიცხავენ რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე. თავად სამართალდამცავები კი მას ყველგან ეძებენ. განსაკუთრებული ძებნა სოფელ ყანდაურას ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. კახეთის რეგიონში სპეციალური დანაყოფები ჩაიყვანეს ძალოვნებმა და ნოდარ გამყრელიძეს ტყე-ტყეც კი ეძებდნენ. როგორც ირკვევა, უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ტრაგედიის ადგილას ორი სხვადასხვა იარაღიდან განხორციელდა სროლები, ამიტომ გამორიცხავენ რომ ეს ერთ ადამიანს ჩაედინა. მეორე იარაღი ჯერ ნაპოვნი არ არის სამძებრო სამუშაოები კი ინტენსიურად ხორციელდება, რომ იპოვონ მკვლელობის იარაღი. ამ დრომდე არ არის პასუხი მთავარ კითხვაზე, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაული. მომხდარის გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)