საქმის გაყალბებასაც პროფესიონალიზმი სჭირდება, ბატონებო! - კვირის პალიტრა

საქმის გაყალბებასაც პროფესიონალიზმი სჭირდება, ბატონებო!

გახმაურებული მკვლელობის პარადოქსული დეტალები

"თუ სამართალს ვერ ვიპოვი, უარს ვიტყვი საქართველოს მოქალაქეობაზე"

"ჰგონიათ, ირინა ენუქიძესავით მოვკვდები და მიმკითხავი არავინ იქნება"

თბილისში 2008 წლის 6 თებერვალს საზარელი მკვლელობა მოხდა: აღმაშენებლის პროსპექტის #10-ში მდებარე ოფთალმოლოგიურ კლინიკაში "ნასო" ორი ექიმის გვამი აღმოაჩინეს. კლინიკის დამფუძნებელი 41 წლის ზურაბ გვანცელაძე და მისი თანამშრომელი დომნა კილაძე დანით იყვნენ მოკლული. სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე აღიძრა. იმავე დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილის სტატუსით დომნა კილაძის მეუღლე, ზაზა გუბელაძე დააკავეს, მაგრამ ის მალევე გაათავისუფლეს. სისხლის სამართლLის საქმის მასალებში დღეს ის აღარც ფიგურირებს როგორც ეჭვმიტანილი.

ზაზა გუბელაძე თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის სამმართველოს სამედიცინო სამსახურის უფროსია. ის დღემდე უარყოფს ამ დანაშაულში მონაწილეობას, გამოძიება კი ერთადერთ ვერსიას განიხილავს. მისი ვერსიით ანესთეზიოლოგი დომნა კილაძე ზურაბ გვანცელაძემ მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

სხვა ვერსია აქვს ზურაბ გვანცელაძის დედას, ჟანა გვანცელაძეს:

- ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს მკვლელობა შეეძლო ჩაედინა, დომნა კილაძის მეუღლე ზაზა გუბელაძეა. მკვლელობის მოტივი მარტივია:

გუბელაძემ იცოდა, რომ დომნა მასთან განქორწინებას აპირებდა. ჩემს შვილს დომნა უზომოდ უყვარდა, ოცნებობდა იმ დღეზე, როცა ერთ ოჯახად იცხოვრებდნენ (ზურა განქორწინებული იყო). გუბელაძე არაერთხელ დაემუქრა ზურას, გააფრთხილა კიდეც, რომ მისი ურთიერთობა დომნასთან ცუდად დამთავრდებოდა.

მაშინ მე დომნას ამ საკითხზე ვესაუბრე. როგორც მითხრა, ქმარი დამუქრებია, ზურას გავანადგურებო და დომნას გაუფრთხილებია, იცოდე, გამხელო.

- რაში უნდა ემხილებინა ქმარი?

- ზაზა გუბელაძე მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრ ლადო ჭიპაშვილის ჯგუფელი და ახლო მეგობარია. დომნამ ბევრი რამ იცოდა ჭიპაშვილის, გუბელაძისა და ზაზა სოფრომაძის ერთობლივ საქმიანობაზე, თუ რა მაქინაციებით შოულობდნენ ფულს. როგორც მითხრა, თუ მათ საქმიანობას სააშკარაოზე გამოიტანდა, კარგი დღე არც ერთს დაადგებოდა.

თებერვალში სამი წელი შესრულდება  ჩემი შვილის მკვლელობიდან, მაგრამ დამნაშავის დასჯას არავინ აპირებს. მეტიც, პროკურატურამ საქმე ისე მოაწყო, რომ მკვლელი ახლა დაზარალებულად არის ცნობილი.

მძიმე ხვედრი მხვდა წილად. ორი შვილიდან აღარც ერთი აღარ მყავს ცოცხალი.

მკვლელობიდან მეთორმეტე დღეს ჩემს დასაკითხად თბილისის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მოვიდა. ვკითხე, ცხელ კვალზე ხსნით დანაშაულს-მეთქი? მიპასუხა, არ ვიცი, რასაც ზემოდან მეტყვიან, იმას გავაკეთებო.

გავოგნდი, ამას როგორ ეუბნებით გამწარებულ დედას, ესეც არ იყოს, მე ხომ ყოფილი პროკურორი ვარ-მეთქი, ვუთხარი. შეცბა, მართლაც ვერ გამომივიდა კარგადო. 25 წელი პროკურორი ვიყავი, უამრავ საქმეზე მიმუშავია როგორც ბრალმდებელს და მივხვდი, რომ გამოძიება შეეცდებოდა, გაენადგურებინა ყველა სამხილი, რათა სიმართლე არ დადგენილიყო. ამიტომ ძალა მოვიკრიბე, ლოგინიდან წამოვდექი და შემთხვევის ადგილას მივედი.

ხალხის გამოკითხვა დავიწყე. ვიღაც ღვთისნიერმა მითხრა, რომ კლინიკის მახლობლად მდებარე სილამაზის სალონ "ზიზის" გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერა ჰქონდა დამონტაჟებული. სალონის მეპატრონემ უსიტყვოდ მომცა უფლება, მენახა ვიდეოთვალის კომპიუტერული ჩანაწერი და  აღმოვაჩინე კიდეც სამხილი იმისა, რომ მკვლელობა სწორედ გუბელაძემ ჩაიდინა. კერძოდ, ვიდეოფირზე დაფიქსირებულია, რომ მკვლელობის ღამეს გუბელაძე სწორედ იმ ტერიტორიაზე ტრიალებდა. ვიდეოფირზე აღბეჭდილია, როგორ ჩაიარა ჯერ სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა, შემდეგ კი მას გუბელაძის ავტომანქანა "ნივა" წამოეწია.

ვიდეოფირი რამდენიმე ეგზემპლარად გადავწერე და გამომძიებელს დავურეკე.

- გამოძიება თქვენამდე არ დაინტერესებულა ვიდეოფირით?

- როგორ არა, ოღონდ სხვანაირად. მკვლელობიდან მესამე დღეს სალონის მეპატრონეს მიაკითხეს და ჩვენება ჩამოართვეს, რომ მის კომპიუტერში ინფორმაცია სამ დღეზე მეტხანს არ ინახებოდა (როგორც ჩანს, ფირი არ გაანადგურეს. ასე რომ, საქმის ფალსიფიკაციასაც პროფესიონალიზმი სჭირდება. - ავტ.). როცა ფირი მოვიპოვე და რამდენიმე ეგზემპლარად გავამრავლე, გამომძიებელს დავურეკე და ვაცნობე, რომ ჩანაწერი ხელთ მქონდა. მაგრამ სიმართლის დადგენის ნაცვლად მთელი ერთი წელი იმას ცდილობდნენ, როგორმე გადაერჩინათ გუბელაძე.

გამოძიების ვერსია, რომ დომნა კილაძე ჩემმა შვილმა მოკლა და მერე თავი მოიკლა, აბუჩად აგდება და თვალში ნაცრის შეყრაა.  მკვლელობის ადგილზე სისხლის კვალი გაწმენდილი, ოთახი კი დალაგებული დაგვხვდა, გამქრალი იყო რამდენიმე ზეწარი, ზურას სააბაზანო ხალათი და ჩანთა. ბუნებრივია, თვითმკვლელი ამის გაკეთებას ვერ მოახერხებდა. ეგეც არ იყოს, მკვლელობის იარაღზე - დანაზე ზურას ერთადერთი თითის ანაბეჭდია. შეიძლება კაცმა ერთი თითით მოიკლას თავი? ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ორივე გარდაცვლილს კუჭში კვერცხი და პური ჰქონდა. ე.ი. ორივემ ერთად ივახშმა.

როცა დაძაბული ურთიერთობა გაქვს ვინმესთან, ხომ ბუნებრივია, რომ მასთან ერთად არ ივახშმებ? გარდა ამისა, ჭრილობები ორივეს მსგავსი და ერთი მიმართულებით, მარჯვნიდან მარცხნივ ჰქონდათ მიყენებული. საკუთარ თავს რომ გულის არეში ამ მიმართულებით ჭრილობა მიაყენო, ცაცია უნდა იყო. მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი შვილი არც ცაცია  ყოფილა და არც პროფესიონალი მკვლელი. ეჭვი მაქვს, რომ გუბელაძესთან ერთად სხვა პირიც იყო.

სავარაუდოდ, სამხედრო. ვიდეოფირზეც ჩანს, როგორ მოუყვება ქუჩას სამხედროფორმიანი პირი და როგორ წამოეწია მას გუბელაძის ავტომანქანა. ექსპერტიზამ აღმოაჩინა ჩემი შვილის ქურთუკზე მომწვანო ხაკისფერი ბოჭკო, რომელიც გუბელაძის სვიტრის შემადგენელი ბოჭკოების საერთო-გვარობრივი კუთვნილებისაა. ანალოგიური ნაწილაკები აღმოჩნდა დომნა კილაძის ქურთუკის ზედაპირზეც. დომნა კილაძის ტანსაცმლის მიკრონაწილაკები ზურაბის ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ მოკლულები ერთმანეთს არც გაჰკარებიან. მაშ ჩემმა შვილმა როგორ მოკლა დომნა? სამაგიეროდ, გამოძიება ვერ ხსნის, როგორ აღმოჩნდა ჩემი შვილის ქურთუკზე გუბელაძის ტანსაცმლის მიკრონაწილაკები. დადგენილია ისიც, რომ ზურაბის ქურთუკზე აღბეჭდილი ფეხსაცმლის ანაბეჭდი სწორედ გუბელაძეს ეკუთვნის. ამას არც გუბელაძე უარყოფს. გუბელაძემ ეს იმით ახსნა, რომ როცა კლინიკაში შესულა და მკვდარი ზურა და დომნა დაუნახავს, დარწმუნებულა, რომ ქალი ზურამ მოკლა, მერე კი თავი მოიკლა და ამით გამწარებულს ფეხი ჩაურტყამს ზურასთვის.

გამოძიებას არც იმის დადგენით შეუწუხებია თავი, დაედგინა, სიმართლეს ამბობდა თუ არა გუბელაძე. საინტერესოა, კლინიკაში შესვლისთანავე რატომ დაასკვნა გუბელაძემ, რომ მისი ცოლი მაინცდამაინც ზურას უნდა მოეკლა? გამოძიებას არც ექსპერტიზა ჩაუტარებია იმის გასარკვევად, გუბელაძემ ზურას ფეხი უკვე მიცვალებულს ჩაარტყა თუ ჯერ კიდევ ცოცხალს.

შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია აკ-47-ის (კალაშნიკოვის ავტომატის) კომპლექტში შემავალი საბრძოლო ხიშტ-დანა, რომელსაც სარეგისტრაციო ნომერი აქვს, რომლის მეშვეობით მისი პატრონის დადგენა სულ იოლი საქმეა, მაგრამ არც ამაზე შეუწუხებიათ თავი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მე, შვილმოკლული დედა, დაზარალებულად დღემდე არ ვარ ცნობილი სწორედ იმიტომ, რომ საქმეში არ ჩამეხედა.

მე კი დოყლაპია პროკურატურისა და გამომძიებლის წყალობით ამათი "დაცული" სამმართველოდან  მაინც მოვიპოვე სისხლის სამართლის საქმის ქსეროასლები, რომლებიც საიმედო ადგილას მაქვს გადანახული. პირველი ტომის გაცნობისას მთავარი, რაც თვალში მომხვდა, ის იყო, რომ საქმის არც ერთი ფურცელი დანომრილი არ იყო.

დაუნომრავმა საქმემ მოიარა გენერალური პროკურატურა, დაბრუნდა უკან. დაუნომრავ საქმეში იოლია სასურველი დოკუმენტების ამოღება-ჩადება. ახლა ეს საქმე სადღაც თაროზე დევს და იმტვერება. ჰგონიათ,  ამას ვერ გადავიტან, ირინა ენუქიძესავით მოვკვდები და მიმკითხავი არავინ იქნება. ცხადია, პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო, რომლებიც ერთმანეთის ტყავს იცავენ, არასოდეს აღიარებენ თავიანთ დანაშაულს, მაგრამ საქმის გაცნობის შემდეგ დილეტანტისთვისაც კი გასაგებია, რომ გუბელაძემ გავლენიანი მფარველის წყალობით მოახერხა სასჯელისთვის თავის არიდება.

საქმეში მითითებულია, რომ გამოძიებამ ტრაგედიის დღეს, 6 თებერვალს, დაჰკითხა დომნა კილაძის დედა ლენა ბაბუნაშვილი, მაშინ, როცა მე მხოლოდ მეთორმეტე დღეს მომაკითხეს. რატომ, მეც ხომ შვილმკვდარი დედა ვიყავი? სინამდვილე კი ის არის, რომ ჩვენება გუბელაძის სიდედრს მოგვიანებით დააწერინეს და ოქმზე მითითებული თარიღი გააყალბეს. ეს ჩანს კიდეც საქმეში.

იმედია, ღვთის წყალობით, უახლოეს წლებში სიკვდილი არ მოვა ჩემთან. თავდაუზოგავად ვიბრძოლებ სამართლიანობის აღსადგენად. თუ ვერაფერს მივაღწევ, უარს ვიტყვი საქართველოს მოქალაქეობაზე და ჩემს მიცვალებულთან ერთად მამის სამშობლოში, უკრაინაში დავბრუნდები.