ხარკი გადაიხადე და ყველაფერი გეპატიება - კვირის პალიტრა

ხარკი გადაიხადე და ყველაფერი გეპატიება

ჩვენი ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ქვეყანა გაფურჩქვნილია და სადაც არის ავყვავდებით, მაგრამ, როგორც ჩანს, საამისოდ ამინდები არ გვიწყობს ხელს. პრეზიდენტმა კი ქამრების მოჭერისკენ მოგვიწოდა, ეტყობა, ბიუჯეტსაც დააკლდა ფული. არადა, ფული იმ ქვეყანაში, სადაც არც საწარმოები მუშაობს და ეკონომიკაც მიწასთან არის გასწორებული, არცთუ იოლი მოსაპოვებელია. ამიტომაც ხელისუფლება დროდადრო ჯიბეების გამოფხეკის რაუნდებს აწყობს და არცთუ წარუმატებლად.

მას შემდეგ, რაც მსხვილი ბიზნესმენები დედაბუდიანად აიბარგნენ და საქართველოდან გადაიხვეწნენ, ხელისუფლებამ ჯერ წვრილფეხობას შეახსენა თავი, შემდეგ თავისი გუნდის წევრებიც გაიხსენა. ვერ გეტყვით, ვანო ჩხარტიშვილი ხელისუფლების გუნდის წევრად მოიაზრება თუ არა, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებასთან საერთო ენა კიდევ ერთხელ რომ გამონახა, აშკარაა.

KvirisPalitra.Geვანო ჩხარტიშვილი საქართველოდან ლონდონში იყო გადახვეწილი, როგორც ამბობდნენ, ფულის მორიგი "შეწერის" გამო. მის საქართველოში დაბრუნებას აღარავინ ელოდა, მაგრამ როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა, ნურას უკაცრავად! სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ახლა კუს ტბაზე ვარჯიშით ირთობს თავს. სხვა ბიზნესმენებისაგან განსხვავებით, ჩანს, მან უფრო საღად შეაფასა ვითარება და ხელისუფლებასთან ბრძოლას ისევ ხარკის გადახდა ამჯობინა.

არადა, მთავრობაზე გაგულისებულს გრანდიოზული გეგმები ჰქონდა, ტელეკომპანია "მზის" დასაბრუნებლად ჩივილსაც აპირებდა და ბიზნესის "დასაკრიშად" ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატადაც უნდოდა კენჭისყრა. ისე, ამ მეორე მიზნის მიღწევაში შეიძლება ხელისუფლება მიეხმაროს კიდეც, თუ კარგად მოიქცევა, რა თქმა უნდა.

როგორც ჩანს, ასეთი გარიგებები ორივე მხარეს ხელს აძლევს, რადგან ხელისუფლება ხარკის მიღების შემდეგ მოწყალე თვალით გადმოხედავს ჩხარტიშვილს და შემოსავლიან პროექტებში დაასაქმებს.

ვანო ჩხარტიშვილის დაბრუნებას უცნაურად დაემთხვა მისი გუნდის წევრის, გენო მალაზონიას ციხიდან გათავისუფლებაც.

კომპანია "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი გენო მალაზონია 19 მაისს დააკავეს ფინანსური მაქინაციებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით. როგორც ამბობენ, "ენერჯი ინვესტის" უკან ვანო ჩხარტიშვილი დგას. მან სწორედ მალაზონიას დაკავების შემდეგ დატოვა საქართველო.

როგორც გვიმტკიცებდნენ, გენო მალაზონია სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის დააკავეს:

მან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან შეთანხმებით არ შეასრულა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ვალდებულება, არ ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი იურიდიული პირი, არ გაუკეთებია ბუღალტრული აღრიცხვა განცალკევებულად, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის, დაახლოებით 166 მილიონი ლარის მითვისებაო".

KvirisPalitra.Geგენო მალაზონიას დაპატიმრება "ენერჯი ინვესტის" მეპატრონეებისგან წინასაარჩევნო "შესაწირის" გადაუხდელობას რომ უკავშირდებოდა, იმთავითვე ცხადი გახდა, რადგან ოთხი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც "ენერჯი ინვესტი" მარეგულირებელი კომისიის მითითებებს არ ასრულებდა და ეს რაღა წინასაარჩევნოდ აღმოაჩინეს? ვიდრე გენო მალაზონია ციხის საკანს მძევლის სტატუსით ხეხავდა, "ენერჯი ინვესტის" მმართველ ძალასთან ვაჭრობა იყო გაჩაღებული, რაც ეტყობა, კარგად დამთავრდა: მალაზონიაც თავისუფალია და ვანო ჩხარტიშვილიც დაბრუნდა სამშობლოში!