პარლამენტი შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს - კვირის პალიტრა

პარლამენტი შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს

პარლამენტი შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს. სწორედ ასე ეწოდება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს ინიცირებისათვის 13 მაისის სხდომაზე წარედგინება.

კანონის მიღების მიზანია შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა, ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

პროექტის მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველი წარმოადგენს ცხოველს, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური, თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ფუნქციური დანიშნულებით, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად.

საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, შინაური ბინადარი ცხოველები დაექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრაციას და დროებით რეგისტრაციას. რეგისტრაციის შემდეგ კი, შინაური ბინადარი ცხოველის მაინდენტიფიცირებელ საშუალებებს წარმოადგენს სვირინგი, “საჭდი“, მიკროჩიპი ან სპეციალური საყელური, რომელზეც განთავსებულია შინაური ბინადარი ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი და მეპატრონის მონაცემები.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით, დაუშვებელი ხდება შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენება ისეთი საშუალებებითა და მეთოდებით, რაც მათ ტანჯვას ან ძლიერ ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევს. რაც შეეხება მოკვდინებას, აუცილებელი ხდება მოკვდინებისას ჰუმანური მეთოდების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვეტერინარისა და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით დადგინდება შინაური ბინადარი ცხოველის განუკურნებელი და საშიში დაავადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელი ცხოველის მოკვდინება მისთვის სიცოცხლის განზრახ მოსპობად ჩაითვლება.

"ინტერპრესნიუსი"