მექა ხანგოშვილი: "ნუ ცდილობენ პანკისელი ქისტების ტერორისტებად მონათვლას!" - კვირის პალიტრა

მექა ხანგოშვილი: "ნუ ცდილობენ პანკისელი ქისტების ტერორისტებად მონათვლას!"

"როცა თემირლანი ახალი გარდაცვლილი იყო, ბებიამისმა მითხრა, ღამის 12 საათზე კარი ოდნავ გაიღო და კონვერტი შემოაცურესო. მასში ეწერა ვიღაც პირის სახელი და გვარი, მისი მისამართი, ესაა თქვენი შვილის მკვლელიო. მალხაზი უბირი კაცი რომ იყოს, მაშინვე შურს იძიებდა. ასეთი პროვოკაცია უამრავია და მადლობა ღმერთს, აქამდე არ წამოჰგებია გაუბედურებული მამა"

სუს-ში მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ დადგმულ კარავს დაუბრუნდა, სოფელ დუისში კი მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად სახალხო კრება გაიმართა. მოვლენების შეფასება პანკისის ხეობის წარმომადგენელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ მექა ხანგოშვილს ვთხოვეთ.

- ძალოვანმა სტრუქტურებმა რაც მაჩალიკაშვილის ოჯახში ჩაატარეს, ის იყო ტერაქტი - როცა ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე უდანაშაულო ბავშვი ლოგინში ჩაკლეს. კარგად ვიცნობ ვახას, შურისძიების განზრახვა რომც ჰქონოდა, უნდა გაიმიჯნოს ტერაქტისგან, რაც უმძიმესი ბრალდებაა. ვახა გამწარებული კაცია, ამ წელიწად-ნახევარში ვერ მიაღწია იმის დამტკიცებას, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო. წარმოიდგინეთ, რა დღეში უნდა იყოს მამა, რომელსაც ცხოვრების აზრი დაუკარგეს. შესა|ძლოა გამწარებულმა რაღაც Yთქვა, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. ამას რომ ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევენ, უკვე იკვეთება დანაშაულის გადაფარვის მცდელობა, ის, რომ დღემდე არ არის გამოძიებული თემირლანის საქმე.

- როგორც ახსნეს, ხელისუფლებამ ჩანაწერი პრევენციის მიზნით გაასაჯაროვა... - პრევენცია ის იქნებოდა, ჩანაწერი მეორე დღესვე გამოექვეყნებინათ. ალბათ, ელოდებოდნენ, რომ ვახა მაჩალიკაშვილი შეიძენდა იარაღს, დაამონტაჟებდა ასაფეთქებელს და ა.შ. რომ არაფერი გამოუვიდათ, ამიტომ გაასაჯაროეს ორი თვის შემდეგ. ვახას ერთადერთი ძმა ჰყავს. წარმოუდგენელია, საკუთარი ძმისშვილი გაეხვია ასეთ სერიოზულ დანაშაულში, ჩვენი ადათები ამას არ ითვალისწინებს.

- არ გამორიცხავენ, რომ საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცეს და ვახა მაჩალიკაშვილი დააპატიმრონ. - როდესაც სესიაშვილი ამ საქმეს ტერორიზმის კვალიფიკაციას აძლევს, ვფიქრობ, უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და მისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. რადგან დეპუტატის იმუნიტეტი იცავს, შეუძლია ყველას ყველაფერი დააბრალოს? რომ იქადებოდნენ, ისეთ ფაქტებს დავდებთო, რა დადეს? გოგაშვილი, რომელიც ამ ამბავშია გარეული, საკუთარ თავს იცავს. მივმართავ მაღალი თანამდებობის პირებს - ნუ ცდილობენ პანკისელი ქისტების ტერორისტებად მონათვლას, თუ ვინმე ზრდის ღირსეულ მოქალაქეებს, პანკისელი დედები ზრდიან. თქვენ გგონიათ, უვიცები და უბირები ვართ, აჟიოტაჟს რომ არ ვტეხთ?

ჩატაევის ირგვლივ მაღალი თანამდებობის პირები ტრიალებდნენ და ერთობლივი ბიზნესიც ჰქონდათ. ჩატაევი რომ აქ პირტიტველა ბიჭების იმედად შემოვიდოდა, ამისი ვინმეს სჯერა? თავისიანების ყველაფერი დაფარეს და ქისტები გაწირეს. დარწმუნებული ვარ, არც ერთმა ქისტმა არ იცოდა, ჩატაევი აქ თუ იყო, ის ბინიდან არ გამოდიოდა, არავის ენდობოდა. ჩვენ ყველაფერი ვიცით, მაგრამ სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ, ბევრი რამ გადავყლაპეთ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.

- მალხაზ მაჩალიკაშვილს მართლა აქეზებდნენ შურისძიებაზე? - როცა თემირლანი ახალი გარდაცვლილი იყო, ბებიამისმა მითხრა, ღამის 12 საათზე კარი ოდნავ გაიღო და კონვერტი შემოაცურესო. მასში ეწერა ვიღაც პირის სახელი და გვარი, მისი მისამართი, ესაა თქვენი შვილის მკვლელიო. მალხაზი უბირი კაცი რომ იყოს, მაშინვე შურს იძიებდა. ასეთი პროვოკაცია უამრავია და მადლობა ღმერთს, აქამდე არ წამოჰგებია გაუბედურებული მამა. საქართველოში ბავშვსაც არ სჯერა, რომ თემირლანი ტერორისტი იყო. ვიცი პანკისელების აზრი და ისიც, რომ ვახას ყველა დაუდგება გვერდში, რადგან იციან, რომ ის მართალია.

როცა ასეთი ტრაგედია ხდება, ყველა ქულებს იწერს, გაუბედურებული ადამიანი კი მის ტრაგედიასთან მარტო რჩება. თავის დროზე "ნაციონალებმა" ხეობაში ცხრა ახალგაზრდიდან ორი ცოცხლად დაწვეს, ხალხს სამძიმრის უფლებაც არ მისცეს და ცხედრები შუაღამისას დამარხეს. მე ვახას არ ვადანაშაულებ, სადაც უთხრეს ტკბილი სიტყვა, იმას მოეჭიდა, რა ექნა, ყველგან უსამართლობას წააწყდა.

- მახსოვს, მაშინაც იყო ლაპარაკი სისხლის აღებაზე... - ის ბიჭები აეროპორტის გზაზე უპატრონოთა სასაფლაოზე დაასაფლავეს. ისინი ჩემი მეუღლის, უმარ იდიგოვის მეშვეობით მოძებნეს. მერე ქისტმა ბიჭებმა მოიპარეს ცხედრები. ერთის დედა მიიყვანეს თავისი შვილის ამოსაცნობად, ქალი მუხლებზე დაეცა, იხვეწებოდა, ოღონდ პანკისში გადამასვენებინეთ და მუსლიმანური წესით დაასაფლავეთ, ჩავთვლი, თითქოს არც მომკვდარაო. გგონიათ, ეს დაავიწყდა ხალხს?

- მამათქვენმა, უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა თქვა, ვიღაცები ცდილობენ ქისტები არასახელმწიფოებრივად მოაზროვნეებად გამოგვიყვანონო... - მალხაზი რომ ვითომ სასაფლაოზე აპირებდა ვინმეს აფეთქებას, თუნდაც იმიტომ არ მჯერა, რომ ჩვენთვის სასაფლაო წმიდათაწმიდა ადგილია. მას თუ რაღაცის გაკეთება უნდოდა, ამას სხვაგანაც მოახერხებდა. ვერა და ვერ ისწავლეს ჩვენი ხალხის მენტალობა და ტრადიციები. ქისტები რომ არ ყოფილიყვნენ, დღეს პანკისის ხეობა საქართველოს იურისდიქციაში არ იქნებოდა. როდის მოქცეულან ქისტები არასახელმწიფოებრივად? გაგვანებონ თავი და ხელი შეგვიწყონ, რომ ხეობა დავიცვათ. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი ჩაწყნარდეს, ესენი კი ცდილობენ გამწვავდეს.