ირაკლი სესიაშვილი: "ვერ წარმოიდგენთ, რამხელა უბედურებას გადავრჩით..." - კვირის პალიტრა

ირაკლი სესიაშვილი: "ვერ წარმოიდგენთ, რამხელა უბედურებას გადავრჩით..."

"გოგაშვილს ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს... მეც მაქვს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ არ შემიძლია ამაზე საჯაროდ ლაპარაკი"

ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე:

- როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, სადაც ლაპარაკია სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილისა და მისი ოჯახისთვის მოსალოდნელ რისკებზე, დანაშაულის პრევენციის მიზნით და მათ შორის პოლიტიკური მგრძნობელობის გათვალისწინებით, ჩანაწერის გამოქვეყნება გადაწყვიტა. შესაბამისად, თუკი სოსო გოგაშვილის ოჯახს მართლაც ემუქრებოდა საფრთხე, ეს პრევენციულად აღიკვეთა. ადამიანის სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი ოპონენტების მცდელობა, ყველაფერი ეს პოლიტიკურ ინტერესებს დაუკავშირონ. პოლიტიკური ინტერესები ახსენდებათ მათ, ვინც ამ ფორმით მართავდნენ ქვეყანას. გვახსოვს შემთხვევები, როცა აბსოლუტურად სხვა რეაქცია ჰქონდა ხელისუფლებას, გაიხსენეთ ირაკლი ბათიაშვილის დაკავება, როდესაც მეგობარს ტელეფონით უთხრა, გამაგრდითო და კაცს ერთი სიტყვის გამო ლამის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

- ჩანაწერი, როგორც ითქვა, მარტში გაკეთდა. მაშინვე რატომ არ გამოქვეყნდა?

- გამოძიების დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. მაჩალიკაშვილმა ბევრი ურთიერთსაპირისპირო განცხადება გააკეთა, მაგრამ ამის კომენტირება არ არის ჩემი საქმე.

- სანამ ფირის ავთენტურობას დაადგენს ექსპერტიზა, დარწმუნებული ხართ, რომ მაჩალიკაშვილი მართლა აპირებდა ტერაქტს? გამოძიებას სხვა მყარი მტკიცებულება თუ აქვს? - გამოძიების მასალებზე მე ხელი არ მიმიწვდება, ეს ადამიანი დაიკითხა, დაველოდოთ გამოძიებას. საკითხი დგას ასე: თუკი მის საუბარს მოჰყვა ის ქმედება, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მსგავს დანაშაულს, მაშინ გამოძიება მიიღებს კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.

- რა კვალიფიკაცია მიეცა ამ საქმეს? თუ მაჩალიკაშვილი ტერაქტს ამზადებდა, ამას მკაცრი სამართლებრივი ნაბიჯები უნდა მოჰყოლოდა. - არ ვიცი, როგორი კვალიფიკაცია აქვს ამ საქმეს. თუ გამოძიებას აქვს სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც დაადასტურებს, რომ მის ნათქვამს მოჰყვა ქმედებები, მაშინ ველოდოთ რეაგირებას, მაგრამ ემოციურ განცხადებებს მე ვერ მივცემ კვალიფიკაციას.

- სახელისუფლებო წრეებში ამბობენ, რომ ოპონენტები ამ თემის პოლიტიზებას ცდილობენ.

- ჩვენი ოპონენტების ნაწილის ამოცანაა პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ ან ხელისუფლება დააზიანონ. ჩემთვის სახელმწიფო ინტერესები უმნიშვნელოვანესია. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა უბედურებას გადავრჩით, როცა სუს-მა აღმოაჩინა ტერორისტული დაჯგუფება და იმ ჯგუფის ნაწილის ლიკვიდაცია, ნაწილის კი დაკავება მოახერხა (ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას ვგულისხმობ). როცა შემდგომშიც ტერორიზმის ძალიან მაღალი რისკი იყო, სუს-მა კვლავ მაღალი სტანდარტით, პარტნიორებთან ერთობლივად გაატარა კანონით განსაზღვრული და სასამართლოს მიერ აღიარებული ღონისძიებები.

- თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე კი დღემდე გამოუძიებელია... - პროკურატურამ განაცხადა, რომ ორ თვეში საბოლოო დასკვნა იქნება. სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით მე შეიძლება ჩემი შეხედულება მქონდეს, ვის რა ბრალი მიუძღვის და ვინ რაში მონაწილეობდა, მაგრამ სამართალს ადგენენ საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო.

- სოსო გოგაშვილმა ვახა მაჩალიკაშვილს 100%-იანი პოტენციური ტერორისტი უწოდა და თქვა, რომ ის არაერთ მსგავს საქმესა და საეჭვო კავშირებშია შემჩნეული. - გოგაშვილს ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს... ცხადია, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მეც მაქვს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ არ შემიძლია ამაზე საჯაროდ ლაპარაკი. სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიშში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, ფაქტები, ვის რასთან ჰქონდა კავშირი... სხვათა შორის, ამ ფაქტებს სხვა დეპუტატებიც გაეცნენ, მათ შორის ისინი, ვინც დღეს ამ საქმეზე კომისიის შექმნას ითხოვენ.