მალხაზ მაჩალიკაშვილი: "გოგაშვილის მოშორებას თუ ვგეგმავდი, სახლიდან გამოუსვლელად გავაკეთებდი ამას" - კვირის პალიტრა

მალხაზ მაჩალიკაშვილი: "გოგაშვილის მოშორებას თუ ვგეგმავდი, სახლიდან გამოუსვლელად გავაკეთებდი ამას"

"ძალიან მძიმეა, როცა ჩემი შვილის მკვლელებმა უნდა დამკითხონ"

გასულ კვირას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის - მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც 23 მარტს არის ჩაწერილი. ჩანაწერში დიალოგი ქისტურად მიმდინარეობს. მაჩალიკაშვილი ძმისშვილს დავალებას აძლევს, რომ "გოგაშვილზე იმუშაოს". სუს-ი ამტკიცებს, რომ მაჩალიკაშვილი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე ტერორისტულ აქტს ამზადებდა. გოგაშვილმა ვახა მაჩალიკაშვილი 100%-იან პოტენციურ ტერორისტად მოიხსენია, ვახა მაჩალიკაშვილი კი, რომელიც გოგაშვილს შვილის მკვლელობაში სდებს ბრალს, ტერაქტის მომზადების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მიზანმიმართული კამპანია მის დისკრედიტაციას ემსახურება.

მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე ჯერ კიდევ გასულ წელს აღიძრა. ამას საფუძვლად დაედო 31 მაისს პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მისი განცხადება, რომ სპეცოპერაციის დროს თემირლანის მკვლელობისა და საქმის გამოუძიებლობის გამო რამდენიმე პირთან ერთად, რომელთაც მისთვის ფიცი აქვთ მიცემული, მზად იყო შეეღწია სუს-ის შენობაში და თავი აეფეთქებინა...

10 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე მივიდა. მასთან ინტერვიუ დაკითხვამდე ერთი დღით ადრე ჩავწერეთ.

მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი: - ყოველ ჯერზე "მოდულში" მისვლა ჩემთვის თემირლანის ხელმეორედ მოკვლის ტოლფასია, ძალიან მძიმეა, როცა ჩემი შვილის მკვლელებმა უნდა დამკითხონ. ყველაზე მეტად მაღიზიანებს კითხვა, დამაკავებენ თუ არა. ეს სულ არ მაინტერესებს - როცა ერთადერთი ვაჟი მომიკლეს და წელიწად-ნახევარია, ვებრძვი უსამართლობას, ამ ბინძურ სისტემას, დამაკავებენ თუ არა, მნიშვნელობა აღარ აქვს, ბრძოლას ჩემი მეუღლე მედიკო გააგრძელებს. მასაც დააკავებენ? ჩემი შვილი ნატა გააგრძელებს. თუმცა მათ არც მედიკოს და არც ჩემი გოგონას დაკავების არ შერცხვებათ. ამათი მიზანია ჩვენი განადგურება და ამით სამართლის აღსრულების დასამარება.

- როდინდელია თქვენი საუბრის აუდიოჩანაწერი და მართლა აპირებდით ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენას?

- ორი თვის წინანდელია და ამას დაარქვეს ტერორიზმის აქტის მომზადება. რატომ არ დაარქვეს შურისძიება? ეს რომ თქვან, იმას ნიშნავს, აღიარონ, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული. ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მინიჭებით ხალხში ჩემი ღირსების, სინდისის შელახვა უნდათ.

- ბევრჯერ მიფიქრია შურისძიებაზე, მაგრამ არაფერი გამიკეთებიაო, ამბობთ, მაგრამ იმ ჩანაწერში თითქოს გოგაშვილის განადგურების დავალებას იძლევით... მაჩხაანის სასაფლაოზე იყო ასული თქვენი ძმისშვილი? - მე ყველგან ვეძებდი გოგაშვილს დასალაპარაკებლად, ის დავალებაც ამ ტიპის იყო, მაგრამ მას მერე აღარც მახსოვდა. ჩემი ძმისშვილი ჰუსეინა წასულა, მაგრამ საფლავი არც უნახავს და უკან წამოსულა. მე ხომ ვიცი, რომ ჩემი ყველა სიტყვა ისმინება როგორც კარავში, ისე გარეთ. ვინც გვერდში მიდგას, ისინიც მისმენენ და იწერენ, ყველა ჩემი ნაბიჯი კონტროლდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრ რამეს ვამბობ. იმ ჩანაწერში რომ ვამბობ, გოგაშვილის მამის საფლავზე წადი, იქ წადი, აქ წამოდი-მეთქი, ამაზე მძიმე სიტყვები ათას ხუთასი მითქვამს და სხვაც ექნებათ, მაგრამ არც იარაღი შემიძენია და არც არანაირი დანაშაული ჩამიდენია. იმ საუბრის მერე მე და ჰუსეინა აქ, პარლამენტის წინ, სადაც რამდენიმე კამერაა, ყოველდღე ვდგავართ, ყოველდღე ვამბობ სიტყვებს: "გოგაშვილს გავანადგურებ", "მის ოჯახს გავანადგურებ". გამწარებული კაცი რას არ იტყვის, მაგრამ სად ჩანს დანაშაული? გოგაშვილმა ისეთი დანაშაული ჩაიდინა, დღესაც მზარავს ამის წარმოდგენა. მაგ ნაძირალამ თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინოს, ერთადერთი შვილი ხომ მან მომიკლა?

- სოსო გოგაშვილი უარყოფს პანკისში ყოფნასაც და სპეცოპერაციის დაგეგმვასაც... - 9 თვე აქ ვდგავარ, დამელაპარაკოს, პირისპირ მითხრას, ბატონო ვახა, არა ვარ დამნაშავეო. იქნებ მართალია და დამარწმუნოს, რომ ეს დანაშაული არ ჩაუდენია?!

მასზე მეტად სესიაშვილი მაღიზიანებს. ამას წინათ პროვოკაცია სცადეს - სესიაშვილი სპეციალურად დამახვედრეს კიბეზე, მისთვის რამე რომ დამეშავებინა. კაცი ისე დაიბნა, გამარჯობას მეუბნებოდა და თან შიშისგან ლამის ორივე თვალი ამოუტრიალდა. მისთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს...

არც გოგაშვილს ვეტყვი, მოვიდეს, მითხრას, რატომ მადანაშაულებ, არა ვარ დამნაშავეო.

გოგაშვილის მოშორებას თუ ვგეგმავდი, აქ არ ვიდგებოდი, სახლში დავჯდებოდი და სახლიდან გამოუსვლელად გავაკეთებდი ამას. მე მინდა კანონით გავანადგურო ეს ადამიანი. ვისაც თემირლანის სისხლში აქვს ხელი გასვრილი, ყველა სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.

- როდის და რა შემთხვევაში შეწყვეტთ პროტესტს? - როცა სახელმწიფო იტყვის, დავაშავეთ, თემირლანს ტყუილად დავაბრალეთ ტერორისტობაო, მაშინ შევწყვეტ, წავალ და დღეში ერთხელ ჩემი შვილის საფლავზე მივალ. გამოიძიეს ეს საქმე? ჩემს კითხვებს პასუხი გასცეს? ესენი ძალიან ადვილად აბრალებენ ადამიანებს ტერორისტობას. ხუთჯერ დამიბარეს "მოდულში" დაკითხვაზე და ვუთხარი, თუ არ მეტყვით, რა საკითხზე მიბარებთ, ძალით თუ არ მიმათრევთ, არ მოვალ-მეთქი. ჩემი იქ მისვლა ყოველ ჯერზე სიკვდილია, თემირლანის ხელმეორედ მკვლელობა! მაგრამ გადავლახავ ამ დაბრკოლებას და მივალ! ამ თვის ბოლოს სტრასბურგში წავა ეს საქმე, იქნებ იქ მაინც ვიპოვო სამართალი!

P.S. კითხვაზე, თუ რატომ აღარ ჩანს მის გვერდით ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი ასე პასუხობს: "ჩემსა და ზაზას შორის არანაირი განხეთქილება არ ყოფილა, ერთი საწყენი სიტყვა არ გვითქვამს, უბრალოდ მაგ კაცს დაღლა შევამჩნიე და მეორეც - მისი შვილი სახელმწიფომ არ მოკლა, ჩემი მოკლა! ზაზა ორ თვეზე მეტია აქციებზე არ ყოფილა, მიზეზს ვერ გეტყვით, რადგან ეს მისი პირადი საქმეა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მე ჩამოვედი ზაზას გვერდში დასადგომად, ამ კაცში ვიგრძენი ის სიმწარე, რასაც ვგრძნობდი ჩემში..."

ჩვენ არაერთგზის ვცადეთ ზაზა სარალიძესთან დაკავშირება, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხა, მეუღლემ კი გვითხრა, რომ ის ქალაქიდან არის გასული...