ყანდაურას კოშმარის სკანდალური გაგრძელება - კვირის პალიტრა

ყანდაურას კოშმარის სკანდალური გაგრძელება

შესაძლოა ციხეში გამოკეტილი 85 წლის კაცი უდანაშაულო აღმოჩნდეს?!

საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ბევრი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. არც მთავარ კითხვაზეა პასუხი, რას შეეწირა 5 კაცის სიცოცხლე? (შეგახსენებთ, რომ მკვლელმა ომარ გამყრელიძის ვაჟი, რძალი და ორი ნათესავი დახოცა, მისი მეუღლე კი თავში დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა) მართალია, თავდაპირველად სამართალდამცავებმა 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს, მაგრამ ირკვევა, რომ ამ შემზარავ დანაშაულთან დაკავშირებით ძალოვანები კიდევ ერთ პირს, ომარ გამყრელიძის ვაჟს, ყოფილ სპეცრაზმელ ნოდარ გამყრელიძეს ეძებენ. უკვე დაკავებულია ნოდარის ვაჟი, 22 წლის ომარ გამყრელიძე. მას იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდება აქვს წარდგენილი. ჩვენი ინფორმაციით, ის დანაშაულის ჩადენის მეორე დღესვე დააკავეს, რასაც არ ახმაურებდნენ. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავების მიზეზი მამაზე, ნოდარ გამყრელიძეზე ინფორმაციის მიღებაა... ამ ტრაგედიის შემდეგ ის სოფელში არ ჩასულა, ომარი-უმცროსი კი სოფელში ამბობდა, მამა რუსეთში აპირებდა წასვლას, ორი დღის წინაც მაჩვენა, პასპორტში ვიზა რომ ჰქონდა ჩარტყმულიო. შს სამინისტროს ინფორმაციით, მას საზღვარი არ გადაუკვეთია. თუმცა მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადავიდა რუსეთში. სამართალდამცავები მას ეძებენ ყველგან, განსაკუთრებით ყანდაურის ტერიტორიაზე, ტყეებშიც კი...

უკვე არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაცია, რითაც დადგინდა, რომ ტრაგედიის ადგილას ორ სხვადასხვა იარაღს ისროდნენ, ამიტომ გამორიცხავენ, რომ ეს დანაშაული ერთ კაცს ჩაედინა. სავარაუდოდ, დამნაშავემ თან წაიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი იარაღი კი ამოღებულია... არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ნიღბებიც.

შეგახსენებთ, რომ მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელზეც მეზობლები ამბობდნენ, რომ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა შვილს, რძალს, ორ მეზობელსა და მეუღლეს, ემუქრებოდა სხვა პირებსაც... ახლა ყანდაურაში ბევრი ეჭვობს, რომ მოხუცი მკვლელი არ არის.

ოთარ გამყრელიძის ადვოკატი ირინა იჩუკაიძე საქმის დეტალებს ისევ არ ახმაურებს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი დაცვის პირი უდანაშაულოა:

"არსებული ერთ-ერთი ვერსია, თითქოს რძალს უნდოდა დარჩენოდა ქონება და ამის გამო დახოცეს ისინი, მედიით გავიგე იმ უამრავ სხვა ვერსიასთან ერთად, რომლებიც ვრცელდება. მე ვერც შვილიშვილის დაკავებაზე გეტყვით ვერაფერს, მისი ბრალეულობა არ არის ჩემთვის ცნობილი. ომარ გამყრელიძე არ აღიარებს დანაშაულს. ფაქტობრივ გარემოებებზე კი ვერ ვილაპარაკებ, ჯერ ექსპერტიზის დასკვნებიც არა მაქვს. ისიც არ ვიცი, უტარდება თუ არა ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა".

სოფელ ყანდაურის რწმუნებულმა ნანა ტაველიშვილმა, რომლის მამიდის ქმარი მოხუცი ომარ გამყრელიძეა, გვითხრა: "არ ვიცი, მომხდართან რა კავშირშია მოკლული დათოს ძმა ნოდარი. ის ამ ტრაგედიის შემდეგ სოფელში არ გამოჩენილა. არც სახლში უნახავს ვინმეს. ნოდარი ადრე სპეცრაზმელი იყო. ახლა რაღაც ჭორებს ავრცელებენ, მაგრამ რეალურად რა მოხდა, არავინ იცის, არავინ უნახავს, ვინ ჩაიდინა დანაშაული".

ოთარ გამყრელიძის მოკლული რძლის, ლელას ძმის ოჯახსაც არა აქვს კითხვაზე პასუხი, რას შეეწირა ქალი.

ლელას ძმის ცოლი: "ნოდარს რომ ეძებენ, მეც ტელევიზიით მოვისმინე. ის სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი. როგორც ვიცი, და-ძმებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ამიტომ მიჭირს დაჯერება, რომ ეს ნოდარმა ჩაიდინა. ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არც კონფლიქტი ჰქონიათ. ლელას არასოდეს უთქვამს, რომ უთანხმოება ჰქონდათ მაზლთან, დედამთილსა თუ მამამთილთან. მამა-შვილს შორის მიწასა და სახლზე რომ იყო დავა, ვიცი, მაგრამ მერე მორიგდნენ".

უამრავი კითხვა აქვს ფრიდონ გამყრელიძესაც, მას თვალწინ მოუკლეს ცოლ-შვილი და დაუობლეს 4 შვილიშვილი.

- იმ დილით ელზას რძალმა, ლელამ გადმოსძახა ჩემს მეუღლეს, ჩემი დედამთილი ცუდად არის და მიშველეთო. პირველად მე მივედი მათთან. კორიდორში სისხლი იყო. იმ საძინებელში არ შემიხედავს, სადაც ელზა იწვა, რაღაც ჰქონდა ჩამოფარებული ოთახს. ომარი სკამზე იჯდა და რაღაცას ბუტბუტებდა. ლელას ვუთხარი, წნევა გაუზომე და "სასწრაფოც" მოვა, თან ეს სისხლიც მოსწმინდე-მეთქი და უკან გამოვბრუნდი. გზაში ჩემი ცოლი შემხვდა, მკითხა, რა ხდებაო? ცუდად გამხდარა ელზა, "სასწრაფო" გამოუძახიათ და მიხედავენ-მეთქი. მას ჩემი ბიჭიც მოჰყვებოდა, მითხრა, დავხედავ და წამოვალო. როგორც კი გამოვედი ეზოდან, უცებ სროლის ხმა მომესმა, რომ მივიხედე, ჩემი ბიჭი მიწაზე ეგდო. დავინახე, როგორ მიუახლოვდა ომარის ბიჭი დათო, ისევ გასროლა და, დათო დაეცა. ამ დროს სახლიდან ჩემი მეუღლე გამოვარდა და მასაც ესროლეს. ამ საზარელ სურათს შორიდან ვუყურებდი, ეზოში შესვლა ვერ გავბედე. მერე მეზობლების დასაძახებლად გავიქეცი, თან ოთარის რძლის კივილი მესმოდა. კიდევ რამდენიმე გასროლა და, ლელას ხმაც შეწყდა.

- ვინ ისროდა, არ დაგინახავთ?

- არა. პოლიცია რომ მოვიდა და ომარი დააკავეს, მერე შევედით ეზოში. ჩემს შვილს ერთი ტყვია ჰქონდა გულში ნასროლი, ჩემს მეუღლეს - ორი ჭრილობა, დათოსაც, ლელას რამდენი, არ ვიცი.

- რაიმე დაპირისპირება ხომ არ იყო თქვენს ოჯახებს შორის? - ჩვენ შორის კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. მამა-შვილს კი ჰქონდა კონფლიქტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცალ-ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, არანაირი ჩხუბი არ ჰქონიათ...

- თქვენ თავდაპირველად ამბობდით, ფარდულიდან ისროდა ვიღაცო. - მე მხოლოდ ხმა მესმოდა, საიდან ისროდნენ, არ ვიცი. ამას ვერ შეძლებდა მარტო ომარი, 85 წლის ავადმყოფი კაცი. მისთვის ფსიქიკური პრობლემა არასოდეს შემიმჩნევია. ნორმალურად აზროვნებდა.

- თქვით, სახლში რომ შევედი, სისხლი დავინახეო. გამოდის, პირველად ელზა დაჭრეს? - დერეფანში სისხლი დავინახე, ეტყობა, ქალი უკვე დაჭრილი იყო. მაშინ მეგონა, წნევამ აუწია, ბეტონზე წაიქცა და თავი დაარტყა-მეთქი.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნოდარს ეძებენ. ხომ არ გინახავთ ბოლო დროს? - 4-5 თვეა არ შემინიშნავს სოფელში. რატომ უნდა მოეკლა ამდენი ადამიანი, არც ამაზე მაქვს პასუხი. თუ დაიჭირეს, ალბათ ათქმევინებენ. თბილისში ცხოვრობდა. ვიცი, რომ ორი ცოლი ჰყავს და ორივესთან ჰყავს შვილები. მე რომ დაკითხვაზე წამიყვანეს, მაშინ მითხრეს, ნოდარის ბიჭიც აქ გვყავს მოყვანილიო. არ ვიცი, რას ედავებიან.

გამოძიება გრძელდება, შეიძლება ციხეში გამოკეტილი მოხუცი უდანაშაულო აღმოჩნდეს და პოლიციამ სხვა ვერსია განავითაროს. ბევრი ვეცადეთ პოლიციისგან მეტი ინფორმაციის მოპოვებას, მაგრამ ჯერჯერობით დეტალებს არ ახმაურებენ...