რა ჩვენება მისცა ნარკორეალიზატორთა 7-კაციანი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა - კვირის პალიტრა

რა ჩვენება მისცა ნარკორეალიზატორთა 7-კაციანი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია 7 პირი, რომელთა შორის ოთხი ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი - ანა, ვიაჩესლავ, დავით და ნიკა აბრამიძეები. შვიდკაციანი ორგანიზებული ჯგუფი ინტერნეტით ყიდდა ნარკოტიკებს. მათ ორგანიზებული ჯგუფის სტატუსი აქვთ და წაყენებული ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. აბრამიძეებს ორმაგი - საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ინტერნეტპლატფორმა "მატანგაზე" დაარეგისტრირეს მაღაზია "MEGASHOP", რომლის მეშვეობით ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდნენ - მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა სამალავში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით კლიენტებს უგზავნიდნენ... თანხა კი ვებ- გვერდ "მატანგას" ანგარიშზე ერიცხებოდათ.

ბრალდებულების სახლისა და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება და აბები. გარდა ამისა, ამოღებულია ავტომანქანები, დიდი ოდენობით თანხა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. პოლიციამ ბრალდებულების მითითებით თბილისში სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებებიც ამოიღო.

ჩვენება, რომლის თანახმად, ნარკორეალიზაციაში დედა, მამა და ორი შვილი მონაწილეობდნენ

აბრამიძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ნიკა აბრამიძე, თავს უდანაშაულოდ ცნობს, თუმცა წინასწარი დაკითხვისას მან დანაშაული აღიარა. "კვირის პალიტრამ" მოიპოვა ბრალდებულის წინასწარი გამოკითხვის ოქმი, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:

ნიკა აბრამიძე: "...მე, ჩემი ძმა და რძალი ვცხოვრობთ თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ჩემი მშობლები კი გლდანის მე-3 მ/რ-ში. ჩემი ძმა რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა პეტერბურგში, რა დროსაც გაიცნო ვინმე სანია, რომლის გვარი და სხვა პერსონალური მონაცემები არ ვიცი. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა, არავინ მუშაობდა, ამიტომ მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ გამოგვენახა რაიმე გზა, რომელიც ფულის შოვნას შეგვაძლებინებდა. ვიცოდით, რომ არსებობდა ინტერნეტსაიტი "მატანგა", სადაც სხვადასხვა სახის ნარკოტიკის გასაღება შეიძლება... დავრეგისტრირდით "მატანგაზე", სახელით "MEGASHOP". ჩვენთვის ცნობილი იყო ინტერნეტსაიტი "ჰიდრაც", რომელიც ასევე დაკავშირებულია ნარკოდანაშაულთან. დაახლოებით ერთი წლის წინ მე და ჩემმა ძმამ "ჰიდრაზე" შევიძინეთ სხვადასხვა ნარკოტიკი, რომლებიც ჩვენთვის უცნობმა პირმა დაგვიდო მოსკოვში. ნარკოტიკი ჩვენი თხოვნით აიღო ჩემი ძმის მეგობარმა სანიამ და ავტობუსით გამოგზავნა საქართველოში. ჩვენ თბილისის მასშტაბით დავალაგეთ სხვადასხვა ადგილზე, გადავუღეთ სურათები და ავტვირთეთ ინტერნეტსაიტ "მატანგაზე". ჩვენი მაღაზია "MEGASHOP"-ის მეშვეობითაც ვყიდდით ნარკოტიკს. სისტემატურად ვყიდულობდით ინტერნეტსაიტ "ჰიდრზე", რომელსაც ჩემი ძმის მეგობარი სანია გვიგზავნიდა... თანხა "მატანგას" ანგარიშზე გვერიცხებოდა. ამის შემდეგ "მატანგას" ადმინისტრაციას ვწერდით წერილს და ვთხოვდით, თანხა გადაერიცხათ ჩვენთვის სასურველ ანგარიშზე (რამდენიმე ანგარიშზე ვრიცხავდით). აღნიშნულ საქმეში დახმარებას გვიწევდნენ ჩვენი მშობლები, ანა და ვიაჩესლავ აბრამიძეები. ისინი რუსეთიდან გამოგზავნილ ნარკოტიკებს ჩვენთან ერთად აფასოებდნენ და გვეხმარებოდნენ ქალაქში დალაგებაში.

რამდენიმე დღის წინ, ზუსტი დრო არ მახსოვს, რუსეთიდან ჩამოგვივიდა სხვადასხვა ნარკოტიკი, რომელიც დედ-მამის სახლში წავიღეთ. დაფასოების შემდეგ, ნაწილი მოვათავსეთ დედაჩემის "ჰიუნდაი ელანტრას" მარკის ავტომანქანაში, დინამიკში. თბილისში სხვადასხვა მისამართზე უნდა დაგველაგებინა. 2019 წლის 22 აპრილს, საღამოს, მე, დედაჩემი და ჩემი ძმა "ჰიუნდაი ელანტრათი" ქერჩის ქუჩაზე ვმოძრაობდით. როდესაც შევჩერდით, ჩვენთან მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და განგვიმარტეს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩვენი პირადი ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო. ჩხრეკისას ჩემი შარვლის ჯიბიდან ამოიღეს სხვადასხვა ფერის წებოვან ლენტებში დაფასოებული სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, ისინი მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის #19 ბეჭდიანი ლუქით. ასევე ამოღებულ იქნა სხვა ნივთები, კერძოდ, საფულე, პლასტიკური ბარათები, 85 ლარი, მობილური და ჩემი კუთვნილი "მიცუბიში აუტლანდერის" გასაღები. გაჩხრიკეს ჩემი ავტომანქანაც და სიჩქარის გადამცემი კოლოფის პლასტმასის ქვეშ, სამალავიდან ამოიღეს "ექსტაზის" 10 ცალი აბი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ დამაკავეს".

"აბრამიძემ მისცა ჩვენება, თუმცა ახლა აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკი ჩაუდეს"

"კვირის პალიტრა" ნიკა აბრამიძის ადვოკატს გიორგი ლალიაშვილს დაუკავშირდა: - ჩემი დაცვის პირმა თავდაპირველად აღიარა დანაშაული და გამოძიებას ჩვენებაც მისცა, თუმცა მოგვიანებით, ბრალდებულად დაკითხვისას, განაცხადა, რომ უდანაშაულოა და მას ნარკოტიკი ჩაუდეს. როგორც ამბობს, წინასწარი გამოკითხვისას იძულებით მიაცემინეს ჩვენება. მასალებით იკვეთება, რომ აბრამიძე მანქანით გადაადგილდებოდა, მას უთვალთვალებდნენ და იცოდნენ, ვის და სად შეხვდა. მასალებში ვერსად ვნახე, რომ მას ვინმესთვის გადაეცა ან ვინმეს მისთვის გადმოეცა ნარკოტიკი. სატელეფონო საუბრებიც ისმინებოდა და არც იქ ჩანს არაფერი.

- დანარჩენ სამ ბრალდებულთან რა აკავშირებდა აბრამიძეების ოჯახს?

- მასალების მიხედვით, აბრამიძეები თითქოს ძირითადი წყაროსგან იღებდნენ ნარკოტიკს, აფასოებდნენ და დანარჩენ სამს გადასცემდნენ, რომლებიც თბილისში სხვადასხვა მისამართზე აწყობდნენ, სურათებს უღებდნენ და წყაროს უგზავნიდნენ. ეს ჩვენებაში წერია, თორემ ნიკა აბრამიძე ამბობს, ჩამიდესო.

სტატისტიკური ინფორმაციით...

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე ამოიღო 13 კილოგრამი ჰეროინი, 1530 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2400 აბი "ექსტაზი", 5 კილოგრამზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილოგრამი და 400 გრამი კოკაინი და 350 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე სამინისტრომ ნარკოდანაშაულისათვის პასუხისგებაში მისცა 676 პირი, აქედან 55 ნარკორეალიზატორია.