"პიონერული" "ატმაზკა" "მამიდას" - კვირის პალიტრა

"პიონერული" "ატმაზკა" "მამიდას"

როენა ხუცურაული: "უკვე დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, იქ "კათარზისი" გამეხსნა. როცა წლებში შედიხარ ადამიანი, უკვე სხვანაირად ფიქრობ"

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრაგის თანხლებით შეიყვანეს პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ფართობის გადაცემის ბრალდებით დაკავებული სასტუმრო "მამიდის" მფლობელი როენა ხუცურაული და სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძე, მეტსახელად "სალომე". "მამიდა" დარბაზში მსხდომ ახლობლებს ღიმილით მიესალმა, არც ჟურნალისტების სიმრავლე გამოჰპარვია და რატომ არ არის დახურული პროცესიო, ჰკითხა ადვოკატებს. ადვოკატმა ლევან ზაქრაძემ პროცესის დახურვა მოითხოვა, ამას დაეთანხმა მეორე ადვოკატიც. იგივე მოითხოვეს ქორიძის ადვოკატებმაც, თუმცა შუამდგომლობას პროკურორი არ დაეთანხმა და არც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

როგორც დადგინდა, დაკავებულები კუთვნილ სასტუმროებში ფართობს პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით აქირავებდნენ. შსს-მ ჯერ კიდევ მარტში ამავე ბრალდებით ორი პირი დააკავა: სასტუმრო "მამიდის" ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მარიამ დანელიანი და სასტუმრო "მზის" მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გულიადა აფხაზავა, მეტსახელად "ფისო". მოგვიანებით, 8 მაისს, როენა ხუცურაული და ზინაიდა ქორიძე დააკავეს. სხვათა შორის, დაპატიმრების სანქცია 18 აპრილს გაიცა, თუმცა ისინი 20 დღის შემდეგ დააკავეს.

პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და როენას წარსულზე გაამახვილა ყურადღება: "ხუცურაული წარსულში არაერთხელ არის პასუხისგებაში მიცემული. ერთხელ ჯარიმა, 40.000 ლარიც განესაზღვრა, მაგრამ არც ეს გახდა შემაკავებელი ფაქტორი და კვლავ განაგრძო იგივე საქმიანობა, იღებდნენ დიდი ოდენობით თანხებს... სექსმუშაკებს მათი ეშინიათ და არსებობს მათზე ზეწოლის საფრთხე - თუ ესენი გარეთ გავლენ, ხელს შეუშლიან გამოძიებას მტკიცებულებების მოპოვებაში".

ლევან ზაქრაძე, როენა ხუცურაულის ადვოკატი: "დაკავების განჩინება გაცემულია 18 აპრილს, დაკავებით კი 8 მაისს, 20 დღის შემდეგ დააკავეს. ამ ხნის განმავლობაში ხუცურაულმა ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული ჰქონდა ქორიძის ფირმასთან, გააუქმა. ჩვენ წარმოგიდგენთ ამ მტკიცებულებებს, ის არ დამალვია გამოძიებას... როენამ იცოდა, რომ 20 მარტს ამ საქმეზე ერთი პირი დააკავეს, მაგრამ მას ხელი არ შეუშლია გამოძიებისთვის. ან როგორ უნდა გააგრძელოს იგივე საქმიანობა, როცა სასტუმროები დალუქულია? ჩემი დაცვის პირი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ამიტომ გთავაზობთ გირაოს, 20.000 ლარს, და გადახდის ვადად 15 დღეს".

ადვოკატების თქმით, მართალია, ხუცურაულს ფართობი გაქირავებული ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა, რა საქმიანობას ეწეოდა ზინაიდა ქორიძე, და როგორც კი გაიგო, ხელშეკრულების გაუქმება გადაწყვიტა.

მოგვიანებით როენა ხუცურაულის მცირე კომენტარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მან ხელშეკრულების გაუქმების მცდელობის მიზეზად სულ სხვა მოტივი დაასახელა: "სამი თვით ადრე, სანამ ეს საქმე დაიწყებოდა, ვაპირებდი ზინაიდა ქორიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას, რადგან ქირას არ მიხდიდა, მაგრამ მთხოვა, 20 დღე მომეციო. ამიტომ კიდევ მივეცი შანსი, თორემ მე უკვე დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, იქ "კათარზისი" გამეხსნა. როცა წლებში შედიხარ ადამიანი, უკვე სხვანაირად ფიქრობ".

სასამართლოს შენობაში მოულოდნელად შუქი ჩაქრა და პროცესი ცოტა ხნით გადაიდო, განახლების შემდგომ კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა - დარბაზში დაბრუნებულმა როენა ხუცურაულმა სიტყვა ითხოვა: "ვინანიებ, ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს, საბოლოო ჩვენებას მივცემ გამოძიებას და ვითანამშრომლებ მასთან".

ასევე მოიქცა ზინაიდა ქორიძეც. შემდეგ სიტყვა შმაგი გობეჯიშვილმა ითხოვა და სრულიად მოულოდნელად, პროკურორი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ირწმუნებოდა, ამათი გათავისუფლება არ შეიძლებაო, თავად სთხოვდა მოსამართლეს, დაკავებულები გირაოთი გაეთავისუფლებინა. გაკვირვებულმა მოსამართლემ პროკურორს ჰკითხა: "რა ხდება, პოზიციას იცვლი?" გობეჯიშვილმაც განმარტა, - რადგან ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაული და მზად არიან გამოძიებასთან სათანამშრომლოდ, თანახმა ვართ გირაოზეო და თანხად 40.000 ლარი დაასახელა. მოსამართლის კითხვას, რის საფუძველზე ითხოვდა 40.000 ლარს, ხომ არ გაქვთ დათვლილი შემოსავლებიო, გობეჯიშვილმა უპასუხა, - ჯერ არა, მაგრამ მის სახელზეა არაერთი უძრავი ქონება და მას ამ თანხის გადახდა შეუძლია.

საბოლოოდ მოსამართლემ როენა ხუცურაულს 30.000 ლარის გადახდა დააკისრა, ხოლო ზინაიდა ქორიძეს - 20.000-ის.

"მამიდამ" მოსამართლეს მადლობა გადაუხადა, "თქვენც მადლობა, პროკურორო", - მიმართა შმაგი გობეჯიშვილს და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.

30.000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლებული არიან ერთი თვით ადრე დაკავებული მარიამ დანელიანი და გულიადა აფხაზავაც.

პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორს ვკითხეთ, რატომ შეცვალა ბოლო წუთს პოზიცია და ახლა რატომ არ ეშინია, რომ ხუცურაული სექსმუშაკებზე ზეწოლას მოახდენს, ამაზე პროკურორის პასუხი იგივე იყო - რადგან დანაშაულს აღიარებენ, აღარ არის ამის საფრთხეო. კითხვაზე, ხომ არ გაფორმდება მათთან საპროცესო გარიგება, ამაზე საუბარი ნაადრევიაო...

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამჯერად ყველა ბრალდებული გათავისუფლებულია და როენა ხუცურაული 60 წლის იუბილეს სამეგობროს გარემოცვაში იზეიმებს.

ბრალდებული პირის ჩვენებიდან

მართალია, თავიდან ადვოკატები ირწმუნებოდნენ, როენა ხუცურაულმა არ იცოდა, მის სასტუმროში რა ხდებოდა და მხოლოდ ფართობს აქირავებდაო, მაგრამ ასე რომ არ არის, ადასტურებს მოწმის სტატუსით დაკითხული, ამჟამად კი ბრალდებული ერთ-ერთი პირის ჩვენება, რომელიც ექსკლუზიურად მოვიპოვეთ. გთავაზობთ ფრაგმენტს:

"დაახლოებით 10 წელია ვიცნობ როენა ხუცურაულს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ის გლდანში ფლობდა სასტუმრო "მამიდას", სადაც მოწყობილი იყო პროსტიტუციის ბუნაგი. დაახლოებით 2 წლის წინ შევიტყვე, რომ როენას სასტუმროს გაქირავება სურდა, შევთავაზე, ჩემთვის მოექირავებინა და სანაცვლოდ გადავუხდიდი ქირას, ყოველთვე 500 ლარს. ჩვენი შეთავაზება გაგრძელდა ერთ წლამდე ვადით. ამ პერიოდში ჩამოვაყალიბე შპს "ციმერი", რომლის დამფუძნებელი და დირექტორი ვარ. მე და როენა შევთანხმდით, რომ დოკუმენტურად მე დავრჩებოდი ხსენებული სასტუმროს დირექტორად, თუმცა ყოველდღიური შემოსავლის 70 პროცენტს როენა აიღებდა. დარჩენილი 30 პროცენტი იქნებოდა ჩემი ანაზღაურება. ასე გავაგრძელეთ იურიდიულად და დოკუმენტურად, თორემ სასტუმროს რეალურად განკარგავდა როენა, რომელიც ხშირად მოდიოდა სასტუმროში. 2018 წლის ზაფხულიდან სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობა დაიწყო დიანა (მარიამ) დანელიანმა, რომელსაც ანაზღაურება გამომუშავებით აქვს. იმ დარჩენილი 30 პროცენტიდან, რომელიც მე მრჩებოდა, დანელიანსა და კიდევ რამდენიმე პირს ხელფასს ვაძლევდი. სასტუმროსა და ბარში ყოველდღიურად 10-მდე მეძავი გოგონა კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას სასტუმროს ნომრებში უწევდა. სასტუმროს ფუნქციონირებას ფორმალურად მე ვახორციელებდი, რაშიც მეხმარებოდა ადმინისტრატორი დიანა დანელიანი. ჩვენ გოგონებთან მუშაობაში არ ვერეოდით, ისინი კლიენტებს თავად უთანხმებდნენ მომსახურების თანხას. რაც შეეხება სასტუმროს ნომერს, მას დიანა აქირავებდა. სასტუმროს ოთახებს 20-25 ლარად ვაქირავებდით. ეს დამოკიდებული იყო კლიენტზე, თანხას უშუალოდ კლიენტისგან დიანა იღებდა... როგორც აღვნიშნე, როენა ფაქტობრივად განკარგავს სასტუმროს, აგვარებს სხვადასხვა საკითხს. ისიც იცის, რომ ფართი ქირავდება მეძავი გოგონების კლიენტებზე და სასტუმროს შემოსავალს სწორედ ეს წარმოადგენს. ამ უკანასკნელს არასოდეს გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით პროტესტი...

20 მარტს მე ვიმყოფებოდი ბარში, სადაც იყო 10 მეძავი გოგონა, დაახლოებით 23 საათზე შემოვიდნენ პოლიციელები. წარმოგვიდგინეს დოკუმენტები და მარიამ დანელიანი დააკავეს... ბარიდან ამოღებული 654 ლარი, ლეპტოპი და რაღაც ნივთებიც დალუქეს. ჩხრეკის დასრულების შემდეგ გავყევი პოლიციაში. თქვენს კითხვაზე, მაქსიმალური და მინიმალური რამდენი თანხა მიმიცია როენასთვის, პასუხის გაცემა მიჭირს, იმდენად ცვალებადია შემოსული თანხა".

საროსკიპო პარტიის ოფისში... 49. 90 ლარად

როენა ხუცურაულის დაკავებაზე ეს დღეებია მსჯელობაა სოციალურ ქსელში. ბევრმა ლექსიც მიუძღვნა და სახალისო კომენტარიც გაკეთდა. არაორდინარულად გამოეხმაურა ამ ფაქტს პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - მათ ოფისში საროსკიპო "პიონერი" გახსნეს.

"საბჭოთა პერიოდიდანვე სექსინდუსტრიაში დასაქმებულებს სისტემა ადამიანებად არ თვლის და ხშირ შემთხვევაში სხვების წინააღმდეგ ინფორმაციის წყაროდ იყენებს. უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლება, როდესაც სჭირდებოდა ძალის დემონსტრირება ან სხვა პოლიტიკური თემის გადაფარვა, სექსინდუსტრიაში დასაქმებულებს ატერორებდა, რის შედეგადაც კონკრეტული ადამიანები და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე რჩებიან", - განაცხადა ჯაფარიძემ.

"გირჩს" მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავება "მამიდასა" და სხვა სასტუმროებს შორის, რადგან ყველა სასტუმროში სარგებლობენ სექსუალური მომსახურებით.

"ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც ძმაკაცს დაუთმობს ბინას იმისთვის, რომ იქ სექსით დაკავდეს, არსებული კანონმდებლობით სისხლის სამართლის დამნაშავეა", - აღნიშნა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ პარტიის ოფისში განთავსებულ საროსკიპოში ერთი საათით ფართობის დაქირავება 49 ლარი და 90 თეთრი ეღირება."

"ამით ჩვენ ვარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე. ხელისუფლებას არჩევანი აქვს გასაკეთებელი - ან უნდა დაგვაპატიმროს მთლიანად "გირჩი", ან გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი და შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა".

"გირჩის" საროსკიპო მთაწმინდის ოლქში პარტიის მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ჰერმან საბომ გახსნა და ჟურნალისტებსაც დაათვალიერებინა.