"ნარკოტიკი დედ-მამის სახლში წავიღეთ. ნაწილი მოვათავსეთ დედაჩემის ავტომანქანის დინამიკში" - რას ჰყვება ჩვენებაში ახალგაზრდა, რომელიც მშობლებთან და ძმასთან ერთად დააკავეს? - კვირის პალიტრა

"ნარკოტიკი დედ-მამის სახლში წავიღეთ. ნაწილი მოვათავსეთ დედაჩემის ავტომანქანის დინამიკში" - რას ჰყვება ჩვენებაში ახალგაზრდა, რომელიც მშობლებთან და ძმასთან ერთად დააკავეს?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია 7 პირი, რომელთა შორის ოთხი ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი - ანა, ვიაჩესლავ, დავით და ნიკა აბრამიძეები. შვიდკაციანი ორგანიზებული ჯგუფი ინტერნეტით ყიდდა ნარკოტიკებს. მათ ორგანიზებული ჯგუფის სტატუსი აქვთ და წაყენებული ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. აბრამიძეებს ორმაგი - საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ინტერნეტპლატფორმა "მატანგაზე" დაარეგისტრირეს მაღაზია "MEGASHOP", რომლის მეშვეობით ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდნენ - მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა სამალავში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით კლიენტებს უგზავნიდნენ... თანხა კი ვებ- გვერდ "მატანგას" ანგარიშზე ერიცხებოდათ.

"კვირის პალიტრა" აქვეყნებს ჩვენებას რომლის თანახმად, ნარკორეალიზაციაში დედა, მამა და ორი შვილი მონაწილეობდნენ

აბრამიძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ნიკა აბრამიძე, თავს უდანაშაულოდ ცნობს, თუმცა წინასწარი დაკითხვისას მან დანაშაული აღიარა. "კვირის პალიტრამ" მოიპოვა ბრალდებულის წინასწარი გამოკითხვის ოქმი, რომელიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ნიკა აბრამიძე: "...მე, ჩემი ძმა და რძალი ვცხოვრობთ თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ჩემი მშობლები კი გლდანის მე-3 მ/რ-ში. ჩემი ძმა რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა პეტერბურგში, რა დროსაც გაიცნო ვინმე სანია, რომლის გვარი და სხვა პერსონალური მონაცემები არ ვიცი. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა, არავინ მუშაობდა, ამიტომ მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ გამოგვენახა რაიმე გზა, რომელიც ფულის შოვნას შეგვაძლებინებდა. ვიცოდით, რომ არსებობდა ინტერნეტსაიტი "მატანგა", სადაც სხვადასხვა სახის ნარკოტიკის გასაღება შეიძლება... დავრეგისტრირდით "მატანგაზე", სახელით "MEGASHOP". ჩვენთვის ცნობილი იყო ინტერნეტსაიტი "ჰიდრაც", რომელიც ასევე დაკავშირებულია ნარკოდანაშაულთან. დაახლოებით ერთი წლის წინ მე და ჩემმა ძმამ "ჰიდრაზე" შევიძინეთ სხვადასხვა ნარკოტიკი, რომლებიც ჩვენთვის უცნობმა პირმა დაგვიდო მოსკოვში. ნარკოტიკი ჩვენი თხოვნით აიღო ჩემი ძმის მეგობარმა სანიამ და ავტობუსით გამოგზავნა საქართველოში. ჩვენ თბილისის მასშტაბით დავალაგეთ სხვადასხვა ადგილზე, გადავუღეთ სურათები და ავტვირთეთ ინტერნეტსაიტ "მატანგაზე". ჩვენი მაღაზია "MEGASHOP"-ის მეშვეობითაც ვყიდდით ნარკოტიკს.

სისტემატურად ვყიდულობდით ინტერნეტსაიტ "ჰიდრზე", რომელსაც ჩემი ძმის მეგობარი სანია გვიგზავნიდა... თანხა "მატანგას" ანგარიშზე გვერიცხებოდა. ამის შემდეგ "მატანგას" ადმინისტრაციას ვწერდით წერილს და ვთხოვდით, თანხა გადაერიცხათ ჩვენთვის სასურველ ანგარიშზე (რამდენიმე ანგარიშზე ვრიცხავდით). აღნიშნულ საქმეში დახმარებას გვიწევდნენ ჩვენი მშობლები, ანა და ვიაჩესლავ აბრამიძეები. ისინი რუსეთიდან გამოგზავნილ ნარკოტიკებს ჩვენთან ერთად აფასოებდნენ და გვეხმარებოდნენ ქალაქში დალაგებაში.

რამდენიმე დღის წინ, ზუსტი დრო არ მახსოვს, რუსეთიდან ჩამოგვივიდა სხვადასხვა ნარკოტიკი, რომელიც დედ-მამის სახლში წავიღეთ. დაფასოების შემდეგ, ნაწილი მოვათავსეთ დედაჩემის "ჰიუნდაი ელანტრას" მარკის ავტომანქანაში, დინამიკში. თბილისში სხვადასხვა მისამართზე უნდა დაგველაგებინა.

იხილეთ გზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად