"პირვ­ელად მე მივედი მათთან. კორიდორში­ სისხლი იყო. იმ საძინებელში არ შემიხედავს,­ სადაც ელზა იწვა..." - ოთხმაგი მკვლელობის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"პირვ­ელად მე მივედი მათთან. კორიდორში­ სისხლი იყო. იმ საძინებელში არ შემიხედავს,­ სადაც ელზა იწვა..." - ოთხმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ბევრი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. არც მთავარ კითხვაზეა პასუხი, რას შეეწირა 5 კაცის სიცოცხლე? (შეგახსენებთ, რომ მკვლელმა ომარ გამყრელიძის ვაჟი, რძალი და ორი ნათესავი დახოცა, მისი მეუღლე კი თავში დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა) მართალია, თავდაპირველად სამართალდამცავებმა 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს, მაგრამ ირკვევა, რომ ამ შემზარავ დანაშაულთან დაკავშირებით ძალოვანები კიდევ ერთ პირს, ომარ გამყრელიძის ვაჟს, ყოფილ სპეცრაზმელ ნოდარ გამყრელიძეს ეძებენ. უკვე დაკავებულია ნოდარის ვაჟი, 22 წლის ომარ გამყრელიძე. მას იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდება აქვს წარდგენილი. ჩვენი ინფორმაციით, ის დანაშაულის ჩადენის მეორე დღესვე დააკავეს, რასაც არ ახმაურებდნენ. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავების მიზეზი მამაზე, ნოდარ გამყრელიძეზე ინფორმაციის მიღებაა... ამ ტრაგედიის შემდეგ ის სოფელში არ ჩასულა, ომარი-უმცროსი კი სოფელში ამბობდა, მამა რუსეთში აპირებდა წასვლას, ორი დღის წინაც მაჩვენა, პასპორტში ვიზა რომ ჰქონდა ჩარტყმულიო. შს სამინისტროს ინფორმაციით, მას საზღვარი არ გადაუკვეთია. თუმცა მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადავიდა რუსეთში. სამართალდამცავები მას ეძებენ ყველგან, განსაკუთრებით ყანდაურის ტერიტორიაზე, ტყეებშიც კი... აღნიშნულ საქმეზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს გაზეთი "კვირის პალიტრა" საიდანაც გთავაზობთ ამონარიდს.

მომხდართან დაკავშირებით უამრავი კითხვა აქვს ფრიდონ გამყრელიძესაც, მას თვალწინ მოუკლეს ცოლ-შვილი და დაუობლეს 4 შვილიშვილი.

- იმ დილით ელზას რძალმა, ლელამ გადმოსძახა ჩემს მეუღლეს, ჩემი დედამთილი ცუდად არის და მიშველეთო. პირველად მე მივედი მათთან. კორიდორში სისხლი იყო. იმ საძინებელში არ შემიხედავს, სადაც ელზა იწვა, რაღაც ჰქონდა ჩამოფარებული ოთახს. ომარი სკამზე იჯდა და რაღაცას ბუტბუტებდა. ლელას ვუთხარი, წნევა გაუზომე და "სასწრაფოც" მოვა, თან ეს სისხლიც მოსწმინდე-მეთქი და უკან გამოვბრუნდი. გზაში ჩემი ცოლი შემხვდა, მკითხა, რა ხდებაო? ცუდად გამხდარა ელზა, "სასწრაფო" გამოუძახიათ და მიხედავენ-მეთქი. მას ჩემი ბიჭიც მოჰყვებოდა, მითხრა, დავხედავ და წამოვალო. როგორც კი გამოვედი ეზოდან, უცებ სროლის ხმა მომესმა, რომ მივიხედე, ჩემი ბიჭი მიწაზე ეგდო. დავინახე, როგორ მიუახლოვდა ომარის ბიჭი დათო, ისევ გასროლა და, დათო დაეცა. ამ დროს სახლიდან ჩემი მეუღლე გამოვარდა და მასაც ესროლეს. ამ საზარელ სურათს შორიდან ვუყურებდი, ეზოში შესვლა ვერ გავბედე. მერე მეზობლების დასაძახებლად გავიქეცი, თან ოთარის რძლის კივილი მესმოდა. კიდევ რამდენიმე გასროლა და, ლელას ხმაც შეწყდა.

- ვინ ისროდა, არ დაგინახავთ?

- არა. პოლიცია რომ მოვიდა და ომარი დააკავეს, მერე შევედით ეზოში. ჩემს შვილს ერთი ტყვია ჰქონდა გულში ნასროლი, ჩემს მეუღლეს - ორი ჭრილობა, დათოსაც, ლელას რამდენი, არ ვიცი.

ვრცლად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერ, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად