"შეშფოთებულნი პატიმრებს ევროსასამართლოდან საჩივრების გამოტანას აიძულებენ" - კვირის პალიტრა

"შეშფოთებულნი პატიმრებს ევროსასამართლოდან საჩივრების გამოტანას აიძულებენ"

ხელისუფლება გვიმტკიცებს, ქართულ სასამართლოს მოსახლეობის 66% ენდობაო, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლება ახლაც გვატყუებს. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობით (მოსახლეობის რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლების გათვალისწინებით) მსოფლიოს ყველა ქვეყანას გავუსწარით.

სტრასბურგში საქართველომ უკვე წააგო რამდენიმე საქმე. სიმართლე გითხრათ, მეგონა, ხელისუფლებას დააფიქრებდა სტრასბურგში წაგებული საქმეების სიმრავლე და ის ფინანსური ტვირთი, რაც უსამართლობისთვის უნდა გაეღო. მეგონა, ეს აიძულებდა ჩვენს ხელისუფალთ, სამართლიანობის ელემენტები შემოეტანათ ქართულ სამართლებრივ სივრცეში, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი.

ხელისუფლება დაფიქრებით კი დაფიქრდა, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტა სამართლიანობის აღდგენით კი არა, ისევ ტერორით გადაწყვიტა. სტრასბურგის სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილებებით შეშფოთებულნი პატიმრებს ევროსასამართლოდან საჩივრების გამოტანას აიძულებენ. მაგალითად, პატიმარ ირაკლი კერესელიძეს, რომელიც მკვლელობაში დაადანაშაულა ქართულმა სასამართლომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები საკანში ეწვივნენ და აიძულებდნენ, წერილობით დაედასტურებინა, რომ უარს ამბობდა საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში გაგზავნილ განაცხადზე.

ირაკლი კერესელიძე: "დროებითი განთავსების საკანში წარმომიდგინეს ქართულ და ინგლისურ ენებზე ნოტარიუსის შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იყო, თითქოს აქამდე ჩემ მიმართ წაყენებული ყველა ბრალდების მართებულობას ვაღიარებდი და ევროსასამართლოში შეტანილ საჩივარზე უარს ვამბობდი. დოკუმენტის ხელმოწერის სანაცვლოდ სასჯელის გადავადებას მპირდებოდნენ, უარის თქმის შემთხვევაში კი დამემუქრნენ, რომ კიდევ 15 წლით დამტოვებენ ციხეში".

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი: "პატიმარი მალხაზ ბადუაშვილი მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს. მას 17 წელი აქვს მისჯილი, თუმც საქმეში მისი ბრალის დამამტკიცებელი მტკიცებულება არ არის. ბადუაშვილი იძულებული გახდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთვის მიემართა. ამ საქმეში სახელმწიფოს ძალზე სუსტი პოზიცია აქვს. იციან კიდეც, რომ ეს წინასწარწაგებული საქმეა.

ამიტომ ბადუაშვილს ჯერ ძმა დაუჭირეს და ხულიგნობის მუხლით გაამწესეს ციხეში, შემდეგ კი მე-6 საპყრობილის დირექტორი დავით მარგებაძე პირადად შევიდა ბადუაშვილთან და გადასცა ხელისუფლების დანაბარები, სასწრაფოდ გამოეტანა სტრასბურგიდან საჩივარი, ამის სანაცვლოდ კი ძმის გათავისუფლებას და შეღავათებს დაჰპირდნენ. ბადუაშვილმა უარი თქვა და ამას ის მოჰყვა, რომ საპყრობილის უფროსმა მარგებაძემ სასტიკად სცემა, შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ეტაპით რუსთავის ციხეში გადაგზავნა.

სტრასბურგიდან საქმის გამოტანას აიძულებენ ვლადიმერ დოლიძესაც. დოლიძე 2010 წლის აპრილში ნანუკა ჟორჟოლიანის ძმასთან ერთად ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დააკავეს.  დოლიძის გარდა, წინასწარი პატიმრობა ყველას (დაკავებულები იყვნენ გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის ვენედი ბენიძის ვაჟი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ჩინოსანი და კეზერაშვილის მარჯვენა ხელი დავით ბენიძე, მიხეილ ჟორჟოლიანი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერის ვაჟი კონსტანტინე ჩაჩავა და ვლადიმერ დოლიძე) გირაოთი შეუცვალეს, მოტივი ექიმების სამედიცინო ცნობები გახდა. მაგალითად, ბენიძეს თურმე გულისრევის შეგრძნებები ჰქონდა ციხეში და ფრჩხილის ოპერაციაც გაუკეთებია.

მაშინ როცა დოლიძეზე არსებობს  ექსპერტიზის სამი დასკვნა, რომ ის ქრონიკული ავადმყოფია და განკურნების პერსპექტივაც არა აქვს, დოლიძე სწორედ იმიტომ არ გაათავისუფლეს, რომ მას სტრასბურგის სასამართლოში აქვს საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. მას პირდაპირ უთხრეს, საჩივრების წერამ და ბრძოლის ჟინმა ასე იცისო.

ხელისუფლების ზეწოლაზე ლაპარაკობს სულხან მოლაშვილიც. როგორც ამბობს, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნის შემდეგ მას სისტემატურად ემუქრებიან.