"ვანო მერაბიშვილს შეუძლია იმ ადამიანების ამოცნობა, ვინც მოკიდა ხელი და საკნიდან გაიყვანა" - კვირის პალიტრა

"ვანო მერაბიშვილს შეუძლია იმ ადამიანების ამოცნობა, ვინც მოკიდა ხელი და საკნიდან გაიყვანა"

ვანო მერაბიშვილსაც იგივე მოლოდინი აქვს, რაც ჩვენ. ისიც ფიქრობს, რომ ეს გამოკითხვა ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ხელისუფლებამ მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე რაღაც ფორმალური ხასიათის დოკუმენტი წარადგინოს, თითქოს რამე გამოიძიეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, ე.წ. მატროსოვის ციხესთან განუცხადა.

სწორედ აღნიშნულ დაწესებულებაში მიმდინარეობს ამ წუთებში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა 2013 წელს ციხის საკნიდან მისი გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით.

"ივნისის დასაწყისში მინისტრთა კომიტეტის შემდეგი სხდომაა ჩანიშნული, სადაც განიხილება, რამდენად შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ მითითებული რეკომენდაციები, სადაც იყო საუბარი იმ პირების დადგენა-დაკავებაზე, ვინც მერაბიშვილის გაყვანა მოახდინა. ჩვენ მოვითხოვეთ არამხოლოდ მერაბიშვილის დაკითხვა, არამედ სხვა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შესრულება, რაც პროკურატურის მხრიდან არ განხორციელებულა. დღევანდელი დაკითხვიდან არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდები, მათ უბრალოდ დაზარალებულადაც არ სცნეს მერაბიშვილი და დადგენილებით გვითხრეს უარი, რომ ამ საქმეში ის დაზარალებულად არ იქნება ცნობილი", - აცხადებს ჩივიაშვილი.

მისივე ცნობით, მერაბიშვილი არა როგორც დაზარალებული, არამედ როგორც მოწმე იკითხება. შესაბამისად, მათ დღევანდელი გამოკითხვიდან კონკრეტული შედეგის მოლოდინი არ აქვთ.

"უკვე გაცხადებულია მათი პოზიცია, უკვე ვიცით, რომ ისინი არაფერს გააკეთებენ. ვიმეორებ, ეს გამოკითხვა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ მინისტრთა კომიტეტში, ივნისის დასაწყისში წარადგინონ რაღაც დოკუმენტები, თითქოს მათ რაღაც ნაბიჯები გადადგეს ამ გამოძიების ფარგლებში.

ჩვენ მოვითხოვეთ ვანო მერაბიშვილის დაზარალებულად ცნობა და დაზარალებულად დაკითხვა, მაგრამ პროკურატურა კითხავს მას, როგორც მოწმეს. ეს არის მესამე დაკითხვა. წინა ორ დაკითხვაში მითითებული გვაქვს ადამიანები სახელებით და გვარებით, თუ ვინ ახორციელებდა იძულებას. მითითებული გვაქვს ისიც, რომ ამოცნობა შეუძლია იმ ადამიანების, ვინც კონკრეტულად მოკიდა ხელი და გაიყვანა, მაგრამ დღემდე ეს ამოცნობა არ ჩატარებულა და ალბათ, არც ჩაატარებენ, მაგრამ ყველაფერია იმისთვის, რომ ეს ადამიანი პასუხისგებაში იყვნენ მიცემული. ბუნებრივია, ხელისუფლება საკუთარ თავს არ დაიჭერს.

ვიმეორებ, სახელი და გვარები გვაქვს ადამიანების მითითებული, მაშინდელი ციხის უფროსის, მისი მოადგილის. მერაბიშვილმა ასევე მიუთითა, რომ იმ ადამიანების ამოცნობაც შეუძლია, ვინც მანქანაში ჩასვა და ვინც მიიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მაგრამ პროკურატურას ამოცნობა არ ჩაუტარებია", - აცხადებს ჩივიაშვილი.

მისივე ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, მერაბიშვილს კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია.

"ის, რომ ვიღაცის ამოცნობა, ან დასახელება არ შეგვიძლია, სრული ტყუილია. მარშუტზე, რომელიც ამ ადგილიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტამდე გაიარეს, უამრავი ვიდეოკამერაა. თითქოს, მათ ეს კამერები დაათვალიერეს და ოქმში დააფიქსირეს, რომ საინტერესო ვერაფერი ნახეს. რას ნიშნავს საინტერესო ვერაფერი ნახეს? არ გაიარა შავი ფერის ჯიპმა? დროის ზუსტ მონაკვეთს ვუთითებთ, წუთებით და წამებით. იმ მომენტისთვის მერაბიშვილი მხატვრულ ფილმს ერთ-ერთ არხზე უყურებდა, მიუთითა, რა მომენტში შევიდა ციხის დირექტორი და უთხრა, რომ გასულიყო. მიუთითა, როცა დაბრუნდა, რა ადგილას იყო აღნიშნული ფილმის სიუჟეტი. ძალიან ადვილად გამოსაძიებელია, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლება საერთოდ არ აპირებს ამ საქმის გამოძიებას", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"