"ეს სამეგრელოა და არა ჰოლანდია. მე სანდრა რულოვსს სამეგრელოში არ შემოვუშვებ" - კვირის პალიტრა

"ეს სამეგრელოა და არა ჰოლანდია. მე სანდრა რულოვსს სამეგრელოში არ შემოვუშვებ"

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაკავებულია. გელა კვარაცხელია ზუგდიდის პოლიციის შენობაში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს. შენობაში შესვლამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამეგრელოში სანდრა რულოვსს არ შემოუშვებს.

"მე ვარ და ყოველთვის ვიქნები ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი. ეს სამეგრელოა და არა ჰოლანდია. მე სანდრა რულოვსს სამეგრელოში არ შემოვუშვებ", - განაცხადა გელა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სანდრა რულოვსი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები, დადიანების ეზოში იყვნენ და ადგილობრივ მედიასაშუალებას ინტერვიუს აძლევდნენ.

"მათ 5 ადამიანი დაესხა თავს. ესენი იყვნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ის პირები, რომლებიც ჩვენს წარმომადგენლებს ასევე დაესხნენ თავს, რამდენიმე დღის წინ სოფელ რიყეში. მათ ჩვენი პარტიის ფოტოგრაფს და კიდევ რამდენიმე ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა", - განაცხადეს პარტიაში.

"ინტერპრესნიუსი"