"ხმამაღალი ნათქვამია, რომ იაგო ნებიერიძე უვადო პატიმრობის კანდიდატია" - რას ამბობს 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ხმამაღალი ნათქვამია, რომ იაგო ნებიერიძე უვადო პატიმრობის კანდიდატია" - რას ამბობს 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

საქმეში სექსუალური ხასიათის ვიდეომასალა არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა განუცხადა.

"ვიდეომტკიცებულებები არის, თუმცა, ზოგიერთი რამის იდენტიფიცირება არ მომხდარა, რომ ვიცოდეთ ზუსტად რა და როგორ იყო. სექსუალური ხასიათის ვიდეომასალა არ არსებობს. როგორც ამბობენ, მის ტელეფონში მკვდარი ფაილები გააცოცხლეს", - განაცხადა პაპოშვილმა.

მისი თქმით, ის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას ვერ ხედავს, რაც იაგო ნებიერიძის ბრალეულობას დაადასტურებს. ადვოკატმა დღეს ნებიერიძის დაკითხვაზეც უარი განაცხადა.

"მე შემეძლო მომეთხოვა მისი დაკითხვა, ამის შესაძლებლობას გვაძლევს კანონი, ასევე საერთაშორისო სტანდარტიც, მაგრამ უარი ვთქვით ჩვენების მიცემაზე. მე არ მქონდა სურვილი, ის პირდაპირი წესით დამეკითხა", - განაცხადა პაპოშვილმა.

კითხვაზე, მძიმე ბრალის მიუხედავად, რატომ არ ჰქონდა იაგო ნებიერიძეს სასამართლოსთვის არაფერი სათქმელი, ადვოკატმა უპასუხა, რომ ნებიერიძე საკუთარ პოზიციას საბოლოო სიტყვაში დააფიქსირებს.

"ხმამაღალი ნათქვამია, რომ იაგო ნებიერიძე უვადო პატიმრობის კანდიდატია. ის საბოლოო სიტყვაში, თავის სათქმელს იტყვის", - განაცხადა პაპოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"