სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული, გოგონას დედა საქმის პროკურორს ციხიდან მუქარის წერილებს უგზავნის - კვირის პალიტრა

სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული, გოგონას დედა საქმის პროკურორს ციხიდან მუქარის წერილებს უგზავნის

სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული, დაღუპული გოგონას დედა ლელა ქსოვრელი საქმის პროკურორს, ლევან ჟორჟოლაძეს პენიტენციური დაწესებულებიდან მუქარის შემცველ წერილებს უგზავნის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" წყარომ განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ქსოვრელი ჟორჟოლაძეს უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს.

ჟორჟოლაძე მასსა და ქსოვრელს შორის მიმოწერას ადასტურებს, თუმცა, შინაარსზე არ საუბრობს.

"მიმოწერა ჩემსა და ბრალდებულ ლელა ქსოვრელს შორის ნამდვილად არსებობს, თუმცა, მიმოწერის შინაარს ვერ მოგახსენებთ. წერილობითი სახით, პროკურორსა და ბრალდებულს შორის ხდება მიმოწერა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ამ ბრალდებულთანაც არის სხვადასხვა საკითხზე მიმოწერა", - განაცხადა ჟორჟოლაძემ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი, რომელიც გარდაცვლილი გოგონას დედაა, შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას ბრალი სხვა მუხლითაც წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

"ინტერპრესნიუსი"

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან.

გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.