"მეძავ გოგონებთან მუშაობაში არ ვერეოდით, ისინი კლიენტებს თავად უთანხმებდნენ მომსახურების თანხას" - რა ჩვენება მისცეს "მამიდას" წინააღმდეგ?
17-05-2019
"მეძავ გოგონებთან მუშაობაში არ ვერეოდით, ისინი კლიენტებს თავად უთანხმებდნენ მომსახურების თანხას" - რა ჩვენება მისცეს "მამიდას" წინააღმდეგ?
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ფართობის გადაცემის ბრალდებით დაკავებული სასტუმრო "მამიდის" მფლობელი როენა ხუცურაული და სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძე, მეტსახელად "სალომე" გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლა.

როგორც დადგინდა, დაკავებულები კუთვნილ სასტუმროებში ფართობს პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით აქირავებდნენ. შსს-მ ჯერ კიდევ მარტში ამავე ბრალდებით ორი პირი დააკავა: სასტუმრო "მამიდის" ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მარიამ დანელიანი და სასტუმრო "მზის" მფლობელი და
ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გულიადა აფხაზავა, მეტსახელად "ფისო". მოგვიანებით, 8 მაისს,
როენა ხუცურაული და ზინაიდა ქორიძე დააკავეს. სხვათა შორის, დაპატიმრების სანქცია 18 აპრილს გაიცა, თუმცა ისინი 20 დღის შემდეგ დააკავეს.

მართალია, თავიდან ადვოკატები ირწმუნებოდნენ, როენა ხუცურაულმა არ იცოდა, მის სასტუმროში რა ხდებოდა და მხოლოდ ფართობს აქირავებდაო, მაგრამ ასე რომ არ არის, ადასტურებს მოწმის სტატუსით და
კითხული, ამჟამად კი ბრალდებული ერთ-ერთი პირის ჩვენება, რომელიც ექსკლუზიურად მოვიპოვეთ. გთავაზობთ ფრაგმენტს:

"დაახლოებით 10 წელია ვიცნობ როენა ხუცურაულს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ის გლდანში ფლობდა სასტუმრო "მამიდას", სადაც მოწყობილი იყო პროსტიტუციის ბუნაგი. დაახლოებით 2 წლის წინ შევიტყვე, რომ როენას სასტუმროს გაქირავება სურდა, შევთავაზე, ჩემთვის მოექირავებინა და სანაცვლოდ გადავუხდიდი ქირას, ყოველთვე 500 ლარს. ჩვენი შეთავაზება გაგრძელდა ერთ წლამდე ვადით. ამ პერიოდში ჩამოვაყალიბე შპს "ციმერი", რომლის დამფუძნებელი და დირექტორი ვარ. მე და როენა შევთანხმდით, რომ დოკუმენტურად მე დავრჩებოდი ხსენებული სასტუმროს დირექტორად, თუმცა ყოველდღიური შემოსავლის 70 პროცენტს როენა აიღებდა. დარჩენილი 30 პროცენტი იქნებოდა ჩემი ანაზღაურება. ასე გავაგრძელეთ იურიდიულად და დოკუმენტურად, თორემ სასტუმროს რეალურად განკარგავდა როენა, რომელიც ხშირად მოდიოდა სასტუმროში. 2018 წლის ზაფხულიდან სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობა დაიწყო დიანა (მარიამ) დანელიანმა, რომელსაც ანაზღაურება გამომუშავებით აქვს. იმ დარჩენილი 30 პროცენტიდან, რომელიც მე მრჩებოდა, დანელიანსა და კიდევ რამდენიმე პირს ხელფასს ვაძლევდი. სასტუმროსა და ბარში ყოველდღიურად 10-მდე მეძავი გოგონა კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას სასტუმროს ნომრებში უწევდა. სასტუმროს ფუნქციონირებას ფორმალურად მე ვახორციელებდი, რაშიც მეხმარებოდა ადმინისტრატორი დიანა დანელიანი. ჩვენ გოგონებთან მუშაობაში არ ვერეოდით, ისინი კლიენტებს თავად უთანხმებდნენ მომსახურების თანხას. რაც შეეხება სასტუმროს ნომერს, მას დიანა აქირავებდა. სასტუმროს ოთახებს 20-25 ლარად ვაქირავებდით. ეს დამოკიდებული იყო კლიენტზე, თანხას უშუალოდ კლიენტისგან დიანა იღებდა... როგორც აღვნიშნე, როენა ფაქტობრივად განკარგავს სასტუმროს, აგვარებს სხვადასხვა საკითხს. ისიც იცის, რომ ფართი ქირავდება მეძავი გოგონების კლიენტებზე და სასტუმროს შემოსავალს სწორედ ეს წარმოადგენს. ამ უკანასკნელს არასოდეს გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით პროტესტი...

20 მარტს მე ვიმყოფებოდი ბარში, სადაც იყო 10 მეძავი გოგონა, დაახლოებით 23 საათზე შემოვიდნენ პოლიციელები. წარმოგვიდგინეს დოკუმენტები და მარიამ დანელიანი დააკავეს... ბარიდან ამოღებული 654 ლარი, ლეპტოპი და რაღაც ნივთებიც დალუქეს. ჩხრეკის დასრულების შემდეგ გავყევი პოლიციაში. თქვენს კითხვაზე, მაქსიმალური და მინიმალური რამდენი თანხა მიმიცია როენასთვის, პასუხის გაცემა მიჭირს, იმდენად ცვალებადია შემოსული თანხა". იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?