რას ამბობენ შსს-ში მოქალაქეზე, რომელსაც ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია ფარული ჩანაწერის გავრცელებაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

რას ამბობენ შსს-ში მოქალაქეზე, რომელსაც ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია ფარული ჩანაწერის გავრცელებაში ადანაშაულებს

მოქალაქემ, რომელმაც ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატ გია დანელიას თქმით, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ფარული ჩანაწერი გაავრცელა, ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ბადურ რაფავამ საქართველოს საზღვარი 17 მაისს, 10:56 საათზე გადაკვეთა. მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამართალდამცველები მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ზუგდიდის საკრებულოს წევრის გია დანელიას განცხადებით, ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თითქოს ის მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს, ფაბრიკაციაა. დანელია ვარაუდობს, რომ ფარული ჩანაწერი ბადურ რაფავას დამონტაჟებულია.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის მიერ გასაჯაროებულ ფარული ვიდეომასალის თანახმად, ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ყვება, რომ პარტიის ცენტრალური ოფისიდან მიიღო დავალება, ნებისმიერ ფასად მმართველი პარტიის კანდიდატმა მიიღოს ხმების 50 %-ზე მეტი და ამ მიზნის მისაღწევად, "ოცნების" ლიდერებს შეუძლიათ დაატერორონ, გაიტაცონ და ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე.

"ინტერპრესნიუსი"