ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედია გოგოს ფსიქიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ამბობენ, რომ შვილის გაჩენის შემდეგ განსაკუთრებულად ნერვული გახდა - კვირის პალიტრა

ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედია გოგოს ფსიქიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ამბობენ, რომ შვილის გაჩენის შემდეგ განსაკუთრებულად ნერვული გახდა

გამაოგნებელი ტრაგედია დატრიალდა 21 მაისს, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში, სადაც, არსებული ინფორმაციით, 7 თვის ბავშვი არასრულწლოვამა დედამ საწოლში გაგუდა, რის შემდეგაც სახლიდან გაიქცა. განგაში გამთენიას ბავშვის მამამ მას შემდეგ ატეხა, როცა ჩვილი გარდაცვლილი ნახა.

"დილის 05 საათზე ნახა მამამ გარდაცვლილი შვილი ბავშვის საწოლში, ამის შემდეგ დაიწყო ცოლის ძებნა, მაგრამ ვერსად იპოვა. ბიჭმა ატეხა ყვირილი, ოჯახის წევრები გააღვიძა და ეს საშინელება ნახეს. დედა რომ ვერ ნახეს სახლში და ბავშვი გარდაცვლილი იყო, ყველამ ეჭვი ცოლზე მიიტანა. პოლიციაც მალე მოვიდა. ახლა ამბობენ, გოგომ დანაშაული აღიარაო, თურმე დეტალურად მოჰყვა ყველაფერი რა და როგორ გააკეთა. უთქვამს, მეუღლემ და ოჯახის სხვა წევრებმა რომ დაიძინეს, ამის შემდეგ ჩემი ხელით გავგუდე ბავშვი, ქმრის გამწარება მინდოდაო. მოტივი მართლა რა იყო, არ ვიცით. სერიოზული კონფლიქტები მათ არ ჰქონდათ. როგორც ჩანს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა, სახლიდან ოქროული, ცოტა ფულიც წაიღო და ისე მიიმალა", - ამბობს მეზობელი.

როგორც კი ფაქტი გახმაურდა, მაშინვე საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის დედა თბილისში, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. იმასაც ამბობენ, დედას კასპიდან თბილისში გადაადგილებაში ვიღაც ეხმარებოდა. თუ ეს დადასტურდა, შესაძლოა საქმეში ახალი ფიგურანტიც გამოჩნდეს და მას დანაშაულის დაფარვაში დასდონ ბრალი.

გამოძიების მტკიცებითაც, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მეზობლები იმასაც ამბობენ, გოგოს სუსტი ფსიქიკა ჰქონდა და ბოლო დროს დამამშვიდებლებს სვამდაო.

მათი თქმით, ბავშვის ტირილი განსაკუთრებით აღიზიანებდა.

მომხდარზე ლაპარაკი უჭირთ ოჯახის წევრებს. ბრალდებულის მეუღლეს სოფელში დადებითად ახასიათებენ. ამბობენ, რომ ის კონფლიქტური ადამიანი არ არის. სპორტს მისდევდა, მოჭიდავეა. ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ აღაიანში, თუმცა იგი მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს, "გამოძიება მიდის. ოჯახურ საკითხებზე ვერაფერს გეტყვით. ბავშვის მამა კონფლიქტური ადამიანი არ არის, სპორტსმენია. ვერც ვერსიებზე ვიტყვი ვერაფერს, ჯობია დაველოდოთ სამართალდამცავებს. ეს გოგო დასავლეთ საქართველოდან იყო. არასოდეს მიგვიღია შეტყობინება, მათ ოჯახში კონფლიქტებზე, რა მოხდა, არ ვიცი", -  ამბობს ზურაბ ქურასბედიანი.

ბუნებრივია უმძიმესი მდგომარეობაა ოჯახში და ახლა მომხდარზე საუბარი არავის სურს. მცირე კომენტარი მომხდარზე ჟურნალისტებთან გააკეთა ოჯახის ნათესავმა. ის ადასტურებს, რომ არასრულწლოვან გოგოს ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა. ცოლ ქმარი სმს-ების წერის გამო ერთმანეთში ჩხუბობდნენ. "მეუღლე სმს-ების მიმოწერას უშლიდა. - ვის წერ და ურეკავ, მაინტერესებსო, - ეუბნებოდა", - ამბობს იგი. მომხდარზე სხვადასხვა ვერსია ტრიალებს. ერთი ვერსიით, ცოლს ქმართან კონფლიქტი სმს-მიმოწერის გამო ჰქონდა და ამის შემდეგ ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაული. მეორე ვერსიით, მომხდარი ტრაგედია გოგოს ფსიქიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ის არ იყო მზად დედობისთვის და შვილის გაჩენის შემდეგ განსაკუთრებულად ნერვული გახდა.

ბრალდებული ძალიან პატარა ასაკში გათხოვდა. როგორც მეზობლები ამბობენ, ბიჭის ოჯახში არ სურდათ ასეთი პატარა გოგო მოეყვანათ რძლად, მაგრამ გოგო თურმე თავის მოკვლით იმუქრებოდა და ეს ოჯახი შეიქმნა. მერე გაჩნდა პატარა, რომელსაც 16 წლის გოგო ზრდიდა და უცებ ამხელა ტრაგედია დატრიალდა.

სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი პოსტებით და გარდაცვლილი ჩვილის ფოტოებით. ყველა მომხდარს განიცდის.

კონკრეტულად რა ჩვენება მისცა ბრალდებულმა, ეს დეტალები ჩვენთვის უცნობია. უცნობია ჩვილის მკვლელობის რეალური მოტივიც. დედისთვის წაყენებული ბრალი უმძიმესია. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზეა აღძრული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩვილის დედას 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ბუნებრივია ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობასაც შეისწავლიან სპეციალისტები. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, სიკვდილის მიზეზად ასფიქსია სახელდება, ჰქონდა თუ არა სხვა რაიმე დაზიანება გარდაცვლილ პატარას, ეს ექსპერტიზით გაირკვევა.

(სპეციალურად საიტისთვის)