"დღედღეზე უნდა იმშობიაროს აჩიკოს მეუღლემ, ბიჭი ტყუპის დაბადებას სიხარულით ელოდა..." - ვინ არიან საზარელ ავტოკატასტროფაში დაღუპულები? - კვირის პალიტრა

"დღედღეზე უნდა იმშობიაროს აჩიკოს მეუღლემ, ბიჭი ტყუპის დაბადებას სიხარულით ელოდა..." - ვინ არიან საზარელ ავტოკატასტროფაში დაღუპულები?

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მომხდარმა ავტოკატასტროფამ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილებს შორის არიან ძმები: 45 წლის ვასილ და 24 წლის გიორგი როყვები. ასევე გიორგი როყვას 20 წლის მეუღლე, გარდაცვლილებს შორის არის ძმები როყვების დეიდაშვილი, 27 წლის არჩილ კვაჭაძე, რომელიც ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი იყო. საქმე ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მომხდარზე გარდაცვლილი არჩილ კვაჭაძის ერთ-ერთი ახლობელი საუბრობს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა:

- მთელი ლანჩხუთი შოკშია. სხვა რა უნდა ვთქვა... ამ განცდას ენა ვერ აღწერს. საოცარად ნათელი და თბილი ბიჭი - აჩიკო დაგვეღუპა. ახალგაზრდა ექიმი, ადამიანი, რომლის მსგავსი იშვიათია და რომელიც მთელ ლანჩხუთს უყვარდა. ის ჩვენი ყველას იმედი იყო... თუ ფიზიკურად, თუ სულიერად, - სტიქაროსნად მსახურობდა ეკლესიაში და ისეთ სიმშვიდეს ასხივებდა, მის დანახვაზე გულში სითბო ისედაც ჩაგეღვრებოდა. გული გვიტირის, - აჩიკოს დედა ადრე მოუკვდა და მამამისს მასთან ერთად კიდევ ორი ბიჭი დარჩა გასაზრდელი. ენა ვერ აღწერს რა შრომით და წვალებით გაზარდა ეს სამი ბიჭი მარტოხელა მამამ, ახლა კი უკვე ფეხზე დამდგარი ხელიდან გამოეცალა. არ ვიცი, რა ვთქვა...

სწორედ აჩიკოს გარდაცვლილი დედის დაბადების დღის გამო იყვნენ მისი საბრალო დეიდაშვილები - ძმები როყვები სტუმრად. დილით არჩილმა ისინი ურეკში წაიყვანა, - გიორგი იქ ცხოვრობდა და მუშაობდა. ეს უბედურება კი სუფსასთან მოხდა. როგორც ამბობენ, აჩიკო იჯდა საჭესთან, მაგრამ ის არც ნასვამი ყოფილა, არც დაღლილი, მაგრამ საშინელი წვიმა იყო და იმიტომაც მოუცურდა მანქანა ალბათ. ამბობენ, იმ მოსახვევში სხვა დროსაც მომხდარა საშინელი ავარიები... ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა, ადგილზე დამთავრდა ოთხივეს სიცოცხლე...

აჩიკოს ახალშერთული ცოლი ჰყავდა... დღედღეზე  უნდა იმშობიაროს მისმა მეუღლემ, ბიჭი ტყუპის დაბადებას სიხარულით ელოდა...  აჩიკოს დეიდაშვილ გიორგის კი სულ ერთი კვირის შერთული ჰყავდა ცოლი. ისიც ულამაზესი ბიჭი იყო და ისიც სხვა ადამიანებს შველოდა, - ურეკის სამაშველო სამსახურში მუშაობდა... ნათელი დაადგეთ... სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს.

(სპეციალურად საიტისთვის)