"ფეხმძიმობა არ შეგვიმჩნევია" - რას ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლედაც დღემდე ირიცხება 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგონა? - კვირის პალიტრა

"ფეხმძიმობა არ შეგვიმჩნევია" - რას ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლედაც დღემდე ირიცხება 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგონა?

7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დედის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით ბრალდების მხარემ სასამართლოს 23 მაისის დილით მიმართა. პროკურატურა მოითხოვს პატიმრობის შეფარდებას. ბრალდებულის ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს, ერთადერთი, რაც მან განგვიმარტა არის ის, რომ არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.

ადვოკატის თქმით, მისი თანდასწრებით დაკავებულს არანაირი აღიარებითი ჩვენება არ მიუცია, თუმცა შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულმა დანაშაული აღიარა. ადვოკატი საქმის დეტალებს მკაცრად ასაიდუმლოებს, რადგან ბრალდებული პირი არასრულწლოვანია.

ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთ სოფელში გაიზარდა და ის ამ დრომდე სკოლაში ირიცხებოდა როგორც მოსწავლე. გოგონას მამა ბოლო 2 წელია საზღვარგარეთ იყო წასული, თუმცა ამ ტრაგედიის შემდეგ, ის უკან დაბრუნდა. ჩვენ დავუკავშირიდთ  სკოლის დირექტორს, შ. კ. -ს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ გოგონა მისი სკოლის მოსწავლეა და რომ გოგონა ექსტერნად აბარებდა გამოცდებს. სკოლის დირექტორის თქმით, გოგონა სკოლაში ბოლოს აღდგომის მომდევნო კვირას გამოჩნდა, მას შემდე ის გაკვეთილებს არ დასწრებია.

შ. კ. :

- ის ჩვენი მოსწავლეა დღემდე, გამოირჩეოდა კარგი მოსწრებით, ძალიან კარგი ბავშვია, არანირი გადახრა მისთვის არ შეგვიმჩნევია, ნორმალური, ჩამოყალიბებული პიროვნებაა. კარგად სწავლობდა, თანატოლებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გამაოგნებელია და საშინლებაა ეს ტრაგედია.

- იცოდით თუ არა, რომ ის გათხოვილი იყო?

- გათხოვილი იყო თუ არა, ეს არ ფიქსირდება. იყო ასეთი შემთხვევა, როცა ის 2017 წელს გაიპარა სკოლიდან, ამის შესახებ მისმა ძმამ შემატყობინა, მითხრა, გაკვეთილებზე იყო, მაგრამ სახლში არ მოსულაო, ბუნებრივია მაშინვე დავრეკეთ პოლიციაში, პოლიციასთან ჩვენს გასაუბრებას მისი დედაც ესწრებოდა და 2 დღეში გავიგეთ, რომ გაპარული იყო და გამოჩნდა. შემდეგ ამ საქმეს რა მსვლელობა მისცა პოლიციამ, ჩემთვის უცნობია, იმ ფაქტიდან რამდენიმე ხანში გამოჩნდა სკოლაშიც და ჩვეულებრივ დადიოდა.

- სკოლაში რომ გამოჩნდა, ალბათ დაინტერესდებოდით სად იყო, რა გიპასუხათ ამაზე?

- გასაგებია თქვენი კითხვა, ეს იმდენად უხერხულობის მომენტი იყო, ამაზე ყურადღება არ გაგვიმახვილებია. ბავშვი სტრესულ მდგომარეობაში იყო მისი გადადგმული ნაბიჯიდან გამომდინარე და მივიჩნევდით, რომ ზედმეტი კითხვის დასმა არ იყო საჭირო.

ჩვეულებრივ დადიოდა სკოლაში, ზოგჯერ 2 თვეში ერთხელ, გამოცდებსაც აბარებდა. კანონით, პირს რომ მოსწვალის სტატუსი შეუჩერდეს, ამისთვის 90 დღეზე მეტი უნდა ჰქონდეს გაცდენა, თუ 90 დღის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოცხადდა სკოლაში, მაშინ ათვლა იწყება თავიდან. ამიტომ ის არ არღვევდა ამ 90 დღიან ვადას და პერიოდულად ცხადდებოდა სკოლაში.

- თანაკლასელებთან ან დამრიგებელთან ხომ არ უთქვამს, რომ ოჯახში, სადაც გათხოვდა, რაიმე პრობლემა ჰქონდა?

- არაფერი მსგავსი. ძალიან თავისუფალი, კუმუნიკაბელური ბავშვია, არ იყო აგრესიული პიროვნება, შეეძლო თავისუფლად და თამამად ჩამოეყალიბებინა თავისი აზრი და პრობლემებზე არასოდეს უსაუბრია. ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, ყველანი განვიცდიდით ამ ამბავს, მის თანაკლასლებთანაც გვქონდა ამ ტრაგედიის შემდეგ საუბარი, თუმცა ბავშვებიც ამბობენ, რომ გოგონას  მათთან პრობლემაზე  არასდროს უსაუბრია. ჩვენთვის გამაოგნებელია მომხდარი და წარმოუდგენელია, რომ ასეთი დანაშაული ჩაიდინა. ეს არის ძალიან პატარა სოფელი, სულ 106 მოსწავლეა სკოლაში, ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთის ნათესავია და ვერავინ გეტყვით მასზე ცუდს.

- არ გაგიათ რომ გათხოვდა?

- ეს ჩემთვის უცნობია, არ არის დაფიქსირებული, რომ გათხოვილი იყო.

- თქვენ ამბობთ, რომ ის პედიოდულად სკოლაში დადიოდა, ფეხმძიმე არ გინახავთ?

- ფეხმძიმობა არ შეგვიმჩნევია, თუმცა, ბუნებრივია, ფეხმძიმედ იქნებოდა.

- არც ბავშვთან ერთად გამოჩენილა სკოლაში?

- ბავშვთან ერთადაც არასდროს გამოჩენილა სკოლაში.

- რას იტყვით მის ოჯახზე, რა გარემოში იზრდებოდა იგი?

- ნორმალური ოჯახია. როგორც ვიცი, მას მშობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. არასდროს გაგვიგია ინფორმაცია კონფლიქტზე, თუმცა, არ ვიცი, შიგნით ოჯახურ სამზარეულოში რა ხდება, ეს დეტალები ჩემთვის უცნობია.

- გქონდათ თუ არა ამ ტრაგედიის შემდეგ მის მშობლებთან მომხდარზე საუბარი?

- არა, გასაგები მიზეზების გამო, მე მათთან კომუნიკაცია არ მქონია.

(სპეციალურად საიტისთვის)