"დავეთანხმებით პატიმრობას" - რას ამბობს 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგოს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"დავეთანხმებით პატიმრობას" - რას ამბობს 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგოს ადვოკატი?

სოფელ აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწოვანი დედის, მ.შ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას სავარაუდოდ, ბრალდებულის ადვოკატიც დაეთანხმება.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს გორის რაიონულ სასამართლოში ქეთევან გაგოევმა განუცხადა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან პოზიციები შევათანხმე და განსხვავებული პოზიცია არ გვაქვს. სავარაუდოდ, დავეთანხმებით პატიმრობას. ამ ეტაპზე კი, ის იყენებს დუმილის უფლებას. მას ბრალი აღიარებული არ აქვს, დუმილის უფლებას იყენებს. ჩემთვის ცნობილია, რომ მას ბრალი წარედგინა და ამის შემდეგ, დუმილის უფლება გამოიყენა. საქმის მასალებს ვერ გავასაჯაროებ. ნაფიც მსაჯულებზე საუბარი ადრეა ჯერ. ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩატარდება. მე არ გამაჩნია სპეციალური ცოდნა იმისთვის, რომ გითხრათ, რამდენად შერაცხადი იყო, ან ჯანმრთელობის რა მდგომარეობა ჰქონდა მას, ამიტომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაეცემა ყველაფერზე პასუხი",- განაცხადა გაგოევმა.

ამ წუთებში, გორის რაიონულ სასამართლოში არასრულწოვანი ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოში არ იმყოფებიან ბრალდებული გოგონას ოჯახის წევრები.

იხილეთ ასევე: "ფეხმძიმობა არ შეგვიმჩნევია" - რას ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლედაც დღემდე ირიცხება 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგონა?

"ინტერპრესნიუსი"