"დედამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოკლას შვილი, მაგრამ საკითხავია, მიეცა დედად ჩამოყალიბების საშუალება?" - კვირის პალიტრა

"დედამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოკლას შვილი, მაგრამ საკითხავია, მიეცა დედად ჩამოყალიბების საშუალება?"

კასპში მომხდარ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი გოგოს სასამართლო პროცესი 23 მაისს, გორის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა. ვინაიდან განსასჯელი არასრულწლოვანია, სასამართლო პროცესი დაიხურა. სხდომას მხოლოდ ბრალდებული, მისი ადვოკატი, პროკურორი და სოციალური მუშაკი ესწრებოდნენ. პროკურორმა 16 წლის გოგოს დაპატიმრება მოითხოვა. მას საკუთარი 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ედება ბრალი. წინასწარი მონაცემებით, ბავშვი დედამ საკუთარი ხელით გაგუდა, ამის შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა, სახლიდან ფული და ოქროული წაიღო, ტაქსი გამოიძახა და თბილისში წავიდა. სწორედ თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შსს-მ პირველივე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული არასრულწლოვანი შვილის მკვლელობას აღიარებდა, ისიც ითქვა, რომ მან ჩვენებაში დეტალურად ისაუბრა მომხდარზე და მიზეზად შურისძიება დაასახელა. თქვა, რომ ამ ქმედებით დედის და მეუღლის გამწარება უნდოდაო, თუმცა როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატი ჩაერთო და ბრალდებულმა მასთან კონსულტაციები გაიარა, პოზიციები შეიცვალა. მან დუმილის უფლება გამოიყენა და ახლა აღარ აღიარებს დანაშაულს. საქმის მასალები მკაცრად გასაიდუმლოებულია.

ბუნებრივია ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ისმის კითხვა, ხომ არ არის ბრალდებული შეურაცხადი, ამ კითხვას პასუხი ექსპერტებმა უნდა გასცენ. მართალია არც ერთი მისი ახლობელი არ ამბობს, რომ არასრულწლოვანს რაიმე სახის ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა მნიშვნელოვანია კომპეტენტური ექსპერტების დასკვნა. პროკურატურა ამბობს, რომ ყველა სახის ექსპერტიზა ჩატარდება. განსაკუთრებით კი ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაზეა ახლა დამოკიდებული ბრალდებულის ბედი. თუ მას ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდება, მაშინ საქმის კვალიფიკაციაც შეიცვლება, მაგრამ თუკი შერაცხადი აღმოჩნდა, მაშინ მოუწევს პასუხისგება ჩადენილი ქმედებისთვის. მისთვის წაყენებული ბრალი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობილია ისიც, რომ გათხოვების მიუხედავად, მოსწავლის სტატუსით გოგონა ამ დრომდე სარგებლობს და ის მეთერმეტე კლასში ირიცხება. ამ უმძიმესი დანაშაულის გამოაშკარავებამ ბევრი კითხვა გააჩინა და სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოკვეთა.

როგორც ირკვევა, გოგონა 14 წლის ასაკში გათხოვდა, თუმცა სამართალდამცავებს ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ. არც იმ სკოლას ამოუღია ხმა, სადაც გოგონა სწავლობდა. არც სოციალური მომსახურების სააგენტო ჩართულა საქმეში. ერთი სიტყვით, ამ ფაქტმა ერთი სიტყვით სახელმწიფო ინსტიტუტების უმოქმედობა გამოააშკარავა. ყველასთვის ცნობილია, რომ კანონით არასრულწლოვანთან ქორწინება მკაცრად ისჯება. ისიც ცალსახაა, მიჩქმალულ საქმეს ახლა მიუბრუნდება პოლიცია და შესაძლოა ბრალდებულის მეუღლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს იმის გამო, რომ არასრულწლოვანთან იქორწინა. მართალია ბიჭის ოჯახი აცხადებს, რომ არ სურდათ ასეთ პატარა ასაკში შექმნილიყო ეს ოჯახი, მაგრამ ირწმუნებიან, გოგო თავის მოკვლით იმუქრებოდა, თუ ბიჭი მას ცოლად არ მოიყვანდაო. ცნობილია, ისიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება უკვე შეუჩერა იმის გამო, რომ მომხდარზე გამოძიება არ დაიწყო.

როგორც სკოლაში განმარტავენ, 2017 წელს გაუჩინარდა გოგონა სოფლიდან და მაშინ ჩაერთო საქმეში პოლიცია. აშკარაა, პოლიციისთვის და მთელი სოფლისთვის ცნობილი იყო 14 წლის მოზარდის გათხოვების ფაქტი, მაგრამ მიჩუმათდა. ბავშვთა უფლებადამცველები სტრუქტურულ დანაშაულზე ალაპარაკდნენ.

ის, რომ ამ საკითხზე პოლიციაში განმარტებების გაკეთება მოუწევს ბრალდებულის მეუღლეს, ესეც ცალსახაა. იგი გამოძიებასთან თანამშრომლობს. უკვე დაკითხეს შვილის მკვლელობის დეტალებზე, რაც შეეხება ქორწინების საკითხს, ამაზე განმარტებებს მაშინ გააკეთებს, როცა პოლიციაში დაიბარებენ. საკმაოდ მძიმეა ეს მუხლიც. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდან არის დაშვებული. 2016 წლამდე 16 წელს მიღწეულ პირთან ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. გამონაკლისის სახით, 16 წლის არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ მათ უწყებაში არანაირი ინფორმაცია არ შესულა არც სკოლიდან და არც სამედიცინო დაწესებულებიდან მოზარდის დაქორწინებისა და ორსულობის შესახებ.

მომხდარის ირგვლივ უამრავ საინტერესო კითხვას სვამს უფლებადამცველი ანა არგანაშვილი:

-16 წლის ბავშვი რატომ იყო მშობელი? არასრულწლოვანი ბავშვი რატომ ცხოვრობდა უცხო კაცთან? მეურვე სად იყო? ვინ იღებდა ამ ბავშვის შესახებ გადაწყვეტილებას? როგორ ემსახურებოდა არასრულწლოვანს მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე ადმინისტრაციული ორგანოები და ოფიციალური დაწესებულებები? სოციალური სამსახური როგორ ამონიტორინგებდა უცხო ადამიანთან მცხოვრებ ბავშვს? სკოლა როგორ აქცევდა ყურადღებას? სამშობიარო? პედიატრი? მეან-გინეკოლოგი? ექთანი? თერაპევტი? ბავშვს იმუნიზაცია ვინ გაუკეთა? მასწავლებელი? დირექტორი?  და მილიონი სხვა ადამიანი... ვინმემ გააკეთა სავალდებულო შეტყობინება სექსუალურ ძალადობაზე, რომლის შეუტყობინებლობაც კანონის დარღვევაა? (16 წლის ქვემოთ ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარება).

გაინაწილეთ ახლა პასუხისმგებლობა სამართლიანად, რამდენმა ასეულმა ადამიანმა იცოდა, რომ ბავშვის უფლებები დაირღვა ყველაზე მძიმე ფორმით და რა რისკები ახლავს ამას თან? რამდენი ათასი ბავშვია ამავე მდგომარეობაში და თვალს ხუჭავთ?16 წლისას თუ ლამის 1- წლამდე შვილი ჰყავდა, რამდენი წლის იყო, როცა მასზე სექსუალურად იძალადეს, 14-ის? 16 წლამდე ნებისმიერი სექსუალური კავშირი არის სექსუალური ძალადობა, რადგან არ შეუძლია ბავშვს თანხმობის მიცემა...

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ცნობილ ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძეს.

- ბატონო დავით, დედა როცა შვილს კლავს, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემა აქვს? - აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ბევრნაირი პრობლემები არსებობს და ყველაფერს ფსიქიკური აშლილობა არ ჰქვია. ნებისმიერ შემთხვევაში შვილის მკვლელობა იმის მიმანიშნებელი არ არის, რომ საქმე გვაქვს ფსიქიკურ აშლილობასთან, იმიტომ რომ ბევრი კლავს შვილს მაშინაც, როცა გაცნობიერებული აქვს ეს მკვლელობა. როცა წირავს საკუთარ შვილს, ეს არ არის ფსიქოლოგიური კომფორტის მდგომარეობა, ცხადია - პრობლემები აქვს, მაგრამ ამას არ ჰქვია ფსიქიკური ავადმყოფობა. ეს დიდი საუბრის თემაა. ზოგადად გეტყვით, როცა ასეთი დანაშაულები ხდება, მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ერთ შემთხვევაში დედა კლავს შვილს, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა, აქ მხოლოდ არასრულწლოვან შვილზე არ არის ლაპარაკი, ვსაუბრობ სრულწლოვანზეც. როცა ასეთი დანაშაული ხდება შეიძლება ამის მიზეზი იყოს შურისძიება ქმარზე და ცდილობს ზიანი მიაყენოს და მერე იკლავს თავს და ა.შ.

- 16 წლის გოგოს 7 თვის ბავშვი ჰყავდა. ამბობენ, რომ ის 14 წლის გათხოვდა, შეიძლებოდა მის ფსიქიკაზე მშობიარობას ემოქმედა?

- რა თქმა უნდა, საერთოდ მშობიარობა ხშირად ახდენს ფსიქიკაზე მოქმედებას და მითუმეტეს, როცა პატარა ასაკშია გოგო. პირველ რიგში, კლინიცისტი, ფსიქიატრი ამაზე იწყებს ფიქრს ხომ არ შეიძლება ეს ყოფილიყო მშობიარობის შემდგომი დეპრესია.

- მშობიარობის დეპრესია რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს?

- ესეც ინდივიდუალურია. მკურნალობაზეც არის დამოკიდებული, გარემო პირობებზე, ოჯახურ მდგომარეობაზე, სოციალურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე და ა.შ. ერთი ვერსიით, შეიძლება ფსიქიკაზე ემოქმედა მშობიარობას. თუმცა ეს არის ვარაუდი, არ ხმაურდება გამოძიების მასალები და შეიძლება გამოძიებას გარკვეული აქვს კიდეც რეალური მიზეზი. არ მინდა დავაპანიკო მომავალი დედები, მაგრამ ზოგჯერ იწვევს მშობიარობა დეპრესიას, ამიტომ მნიშვნელოვანია მშობიარის გარემოცვის როლი ამ დროს, ქმარის, ქმრის მშობლების, გოგოს მშობლების როლი. უხასიათობას და სიჯიუტეს არ მიაწერონ სხვადასხვა სისუსტეები და ნერვიულობები, ამას ჯობია დროულად მიიყვანონ სპეციალისტთან და ის დაეხმარება.

- კასპში მომხდარ შემთხვევაზე შსს ამბობს, რომ დედამ ხელით გაგუდა შვილი, მერე გამოიცვალა ტანსაცმელი, წაიღო ფული და ოქროული...

- ხელით რომ გაგუდა შვილი, ეს გარემოება არის მნიშვნელოვანი. დამატებით აძლიერებს ეჭვს, რომ ამ დროს ფსიქიკურად ჯანსაღი არ უნდა ყოფილიყო. იმ წუთში ის აფეთქებულია, მთელი ტვინი არ არის ჩართული. დედური ინსტიქტები არ ვლინდება, იმიტომ რომ ფსიქიკა არის არაჯანსაღ მდგომარებაში. ეს არის ღრმა დეპრესიის დროს, მშობიარობის შემდეგ, თუ ფსიქიკური აშლილობის დროს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვეულებრივი, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი არ კლავს შვილს.

- ბრალდებულს უთქვამს მინდოდა ამით დედაჩემი და ჩემი ქმარი გამემწარებინაო. ეს ფრაზა რამეზე მეტყველებს? შეიძლებოდა მას დედობაც არ ჰქონოდა გაცნობიერებული?

- არ შეიძლება ამ ასაკში მას დედობის განცდა ჰქონდეს, ყველაფერს თავისი დრო აქვს. საშუალო სტატისტიკური გოგონა რომელიც არის 15- 16 წლის, არ არის მზად ოჯახური ურთიერთობისთვის, ორსულობისთვის, შვილის გაზრდისთვის. ყველას ფსიქიკა ვერ უძლებს ამას. ეს კიდევ სხვა თემაა, ამას ემატება მშობიარობის დეპრესია. არც ის ვიცით, როგორ ცხოვრობდა, რა პირობებში გაიზარდა, რა პირობებში იყო გათხოვების შემდეგ, რა დამოკიდებულება ჰქონდა დედასთან? თავადაც ხომ არ იყო ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში ან შემდეგ, ამ და სხვა უამრავ გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს. იმდენად მძიმეა სიტუაცია, რომ ყოველი ზედმეტი კომენტარი ამძიმებს მდგომარეობას და ამიტომ ჯობია სპეციალისტების დასკვნას დაველოდოთ. შემაძრწუნებელია რაც მოხდა, მაღალი ალბათობით არის ფსიქიკური აშლილობა, თუნდაც იმ ნიშნით, რომ დანაშაული არ არის დაგეგმილი, რომ კვალი წაშლილიყო, ალიბი შეექმნა და სხვაგვარად ემოქმედა... დედამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოკლას შვილი, მაგრამ აქ საკითხავია, მიეცა დედად ჩამოყალიბების საშუალება?

იხილეთ ასევე: "ფეხმძიმობა არ შეგვიმჩნევია" - რას ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლედაც დღემდე ირიცხება 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგონა?

(სპეციალურად საიტისთვის)