"პოლიტიკური განაჩენით გაწირეს ჩემი უპატრონო შვილი" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური განაჩენით გაწირეს ჩემი უპატრონო შვილი"

"ზაზას ყველა ეჩიჩინებოდა, რომ ჩემი შვილი სიმართლეს მალავდა. ცდილობდნენ ჩემს წინააღმდეგ აემხედრებინათ"

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ.-ს სასამართლომ 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომიდან გამოსულმა მოზარდის მამამ, კახა ღლონტმა, განაჩენი გააპროტესტა და საზოგადოებას ჩანაწერების გასაჯაროება, მათ შორის ზაზა სარალიძის მოზარდებთან საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნება აღუთქვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ რომელიც უშუალოდ შეესწრო მკვლელობის ფაქტს, განზრახ ცრუჩვენება მისცა - მოწმედ გამოკითხვისას განაცხადა, რომ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ. და მ.კ,. რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ.-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დაჩი ღლონტი შეხვდა ზაზა სარალიძეს და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე ესაუბრა, თუმცა სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი რამ უარყო. "კვირის პალიტრა" დ.ღ.-ს მამას, კახა ღლონტსა და მის ადვოკატს - ფრიდონ სიხუაშვილს ესაუბრა.

კახა ღლონტი: - სასამართლოს გადაწყვეტილებას სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს, ეს იყო პოლიტიკური განაჩენი, რითაც გაწირეს ჩემი შვილი. ისიც თქვეს, რომ ჩვენ მოგვისყიდეს, ფული ავიღეთ. ჩემს შვილს მიზანმიმართულად დაუნგრიეს ცხოვრება, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავდა ისეთი ცნობილი მაღალჩინოსანი პატრონი, რომელიც საქმეს ჩააწყობდა. ნახეს დაბალი ღობე და შეაწმინდეს ხელები. თურმე დაჩიმ ფაქტების დამახინჯებით არასწორი გზით წაიყვანა გამოძიება. წესიერად რომ ჩაეტარებინათ გამოძიება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა. ან შეგნებულად არ ჩაატარეს სწორად, ან კვალიფიციური კადრები არა ჰყავთ.

- როგორც გამოძიებით იკვეთება, საპირფარეშოში ინციდენტი თქვენს შვილს და სუბელიანის ვაჟს შორის დაიწყო, თქვენი შვილი იყო ფარდულშიც და უნდა სცოდნოდა, ვინ მოკლა სარალიძე.

- დაჩის და სუბელიანს შორის წუთიერი ბავშვური ხუმრობა იყო. დაჩიმ სათამაშო პისტოლეტი ფეხებში ესროლა, რაც სუბელიანს არ ესიამოვნა, თუმცა ინციდენტი იქვე ჩაცხრა, ბავშვები შერიგდნენ და საპირფარეშოდან ხელგადახვეული გამოვიდნენ. ცალკე აგორდა სხვა კონფლიქტი, რომელშიც აღარც ერთი არ მონაწილეობდა - ორი ბავშვი, რომლებიც საპირფარეშოში დარჩნენ, ისინი წაკინკლავდნენ და გადაწყვიტეს, სკოლის მერე დავილაპარაკოთო. ხელისუფლების გავრცელებული ჭორია, თითქოს საპირფარეშოს ინციდენტს მოჰყვა გარჩევა. ხორავას ქუჩაზეც უკვე მორიგებული იყვნენ ბიჭები, როცა გ.ჯ.-სა და სარალიძეს შორის ატყდა ამბავი.

დაჩიმ არ იცის, ვინ მოკლა დათო, არ უნახავს, დანას ვინ ურტყამდა. ჩემს შვილსაც შეუთხზეს, დანა ჰქონდაო. დაჩის დანა ჰქონდა, მეგობრები დაუხოცეს და ისე იდგა?..

- დაპირისპირებული მხარის დაკითხულები ადასტურებდნენ, რომ დაჩი იყო ფარდულში და მის გარეგნობა-ჩაცმულობასაც აღწერდნენ... - იმ მხარემ ისიც თქვა, თითქოს ჩემმა შვილმა მოკლა თავისი მეგობარი სარალიძე. დაჩი რომ გამოტრიალდა, ფარდულში დათოს გარდა, 51-ე სკოლელი არავინ იყო. მხოლოდ დაპირისპირებული მხარე, ამიტომ, რა მოხდა, იმათ უნდა დაენახათ.

- არსებობს ფარული ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენი შვილი შეხვდა ზაზა სარალიძეს და მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე ესაუბრა. სასამართლო განხილვის სტადიაზე თქვენმა შვილმა უარყო ეს შეხვედრა? - ჩემი ადვოკატები ისმენდნენ დაჩის ჩვენებებს. ბავშვს არ დაუმალავს ზაზა სარალიძესთან შეხვედრა. როგორც ვიცი, ბავშვებთან შეხვედრაზე ზვიად კუპრავა და ზაზა იყვნენ, კუპრავამ ფარული ჩანაწერიც გააკეთა. სამი ძმაკაცი იყო ზაზასთან ასული და ჰყვებოდნენ, რა მოხდა. ეს ფარული ჩანაწერი ერთი-ერთში ჯდება სასამართლოში მიცემულ დაჩის ჩვენებასთან. პროკურატურას არც აინტერესებდა, შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს დაჩი და სარალიძე. ეს კითხვა გ.ჯ.-ს ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ დასვა. ზაზას ყველა ეჩიჩინებოდა, რომ ჩემი შვილი სიმართლეს მალავდა. ყველა მხარე ადვოკატებიანად, ცდილობდა ზაზა ჩემს წინააღმდეგ აემხედრებინა.

- იმ ჩანაწერში გავლენიან პატრონებზე, სასურველი ჩვენების მისაღებად ოჯახის წევრების მცდელობაზე, მუქარაზე, მოწმეებისთვის ფულის შეთავაზებაზეც იყო საუბარი? - მე სხვებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩემი შვილის მიმართ მსგავსი არაფერი ყოფილა. მირზა სუბელიანი სანამ ტელევიზორში არ გამოჩნდა, არც ვიცოდი, ვინ იყო. ჩვენ ფულს ვერ შემოგვთავაზებდნენ, დაჩი დათოს უახლოესი მეგობარი იყო და სიმართლე რომ იცოდეს, იტყოდა.

ზაზა სარალიძე დღემდე დარწმუნებულია, რომ ჩემმა შვილმა იცის სიმართლე და მალავს, იმიტომ, რომ ფული აქვს აღებული, ან დაშინებულია.

- დარწმუნებული ხართ, რომ დაჩიმ არ იცის სიმართლე? - დაჩის ჩხუბის დროს ვიღაცამ დაარტყა, შებრუნდა, იმას გამოეკიდა და ამასობაში ცხვირში შემთხვევით იდაყვი მოხვდა, დაეცა და გაითიშა.

გონს რომ მოვიდა, დაინახა, ფარდულიდან დაჩეხილი დათუნა გამოდიოდა და მას პირველადი დახმარება აღმოუჩინა - ქამარი მოიხსნა და ჭრილობაზე გადაუჭირა. სულ იმას ამბობს, ჩემი დანაშაული ის არის, როცა ჩხუბის დროს ვიღაც ბიჭმა ჩამარტყა, იმას გავეკიდე და დათოსთან არ დავრჩი, ერთად უნდა მოვმკვდარიყავითო. იმას რომ არ გამოვკიდებოდი, ან დათოსთან ერთად დავიჩეხებოდი, ან ორივე გადავრჩებოდითო.

მაინტერესებს, მოსამართლე ლელა შკუბულიანმა როგორ უნდა ჩახედოს შვილებს თვალებში? მას პასუხი უნდა მოეთხოვოს ჩემი შვილის გაუბედურებისთვის, ფაქტები და დოკუმენტები ედო წინ და ამის მერე ბავშვი ციხეში შეაბრუნა. ამ ტრაგედიის მერე დაჩი შოკში იყო და ფსიქოლოგთან დადიოდა, ძლივს დაიწყო წესიერად მეტყველება. გაჩერებას არ ვაპირებ, განაჩენი გასაჩივრდება და სიმართლე დადგინდება.

ფრიდონ სიხუაშვილი, დაჩის ადვოკატი: - ეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების, მთავარი პროკურატურისა და შსს-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როდესაც სარალიძემ აქციები დაიწყო, ამ უწყებებს მოუვიდათ ბინძური აზრი, არასრულწლოვნები ცრუჩვენებისთვის მიეცათ პასუხისგებაში, რითაც გადაფარავდნენ გამომძიებლებისა და პროკურორების სავარაუდო დანაშაულებს: მტკიცებულებათა განადგურებას, მოწმეთა დაუკითხაობას და ა.შ. ამასობაში ზოგს პატრონი გამოუჩნდა, ამიტომ უპატრონო ბავშვი გაწირეს. დაჩი და დათო ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ეს უახლოესი ოჯახები ერთმანეთს დააპირისპირეს. ზაზა სარალიძეზე ყველა უწყებამ იმუშავა და დააჯერეს, ვითომ დაჩიმ იცის რაღაც და არ ამბობს. მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ ის ფარდულში არ იმყოფებოდა. დათოს მხოლოდ მან უპატრონა, თითქმის ხელში ჩააკვდა და საზოგადოებას კი დააჯერეს, თითქოს დაჩის ჩვენების გამო არ აღსრულდა მართლმსაჯულება.

- როგორც ვიცით, მოწმედ დაკითხვისას მან თქვა, რომ იყო ფარდულში და შეესწრო, როგორ უსწორდებოდნენ დათოს გ.ჯ. და მ.კ, რაც სასამართლოზე უარყო. - ასეთი რამ არ უთქვამს, ეს არის ზუსტად ცრუ ინფორმაცია, რასაც პროკურატურა ავრცელებს. 1-ლი დეკემბრის ღამეს გამოძიებამ დაჩი ძალის გამოყენებით გაიყვანა სახლიდან, გზაში ურტყეს და აგინეს, ეუბნებოდნენ, შენ მოკალი დათო სარალიძე და დაგიჭერთო. დილამდე პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ. როცა გამოჰკითხეს, შედგა ოქმი, მაგრამ ეს არ დაუბეჭდავთ, არ დააფიქსირეს, რა თქვა და არც ხელი მოაწერინეს, ანუ ოქმი ბუნებაში არ არსებობს. ასე მოექცნენ მოწმეთა უმრავლესობას და მხოლოდ 2 კვირის მერე, 14 დეკემბერს დაჰკითხეს ხელახლა. ამ დროს დაჩი ღლონტი ამბობს: "როდესაც დაიწყო კონფლიქტი და ჯანაშია და სარალიძე ერთმანეთს დაეჯახნენ, შევიდნენ ფარდულში და მათ შეჰყვა კალანდიაც. დაიწყო ჩხუბი და დათოს კალანდიაც ურტყამდა". გამომძიებელი მას აღარ ეკითხება, რას ურტყამდა - ხელს, ფეხს თუ დანას. ეკითხება, შენ რას აკეთებდიო: "ესენი რომ შევარდნენ, უკნიდან ორჯერ მომხვდა ხელი თავში. როცა გამოვეკიდე, მეგობრის იდაყვი მომხვდა ცხვირში, თვალთ დამიბნელდა, დავეცი, თავი დავარტყი, გავითიშე და როცა აზრზე მოვედი, წამოვხტი და დავინახე, დაჭრილი სარალიძე გამოდის ფარდულიდან". ამის შემდეგ, სასამართლოში მისვლამდე (ჩვენება უნდა მიეცა), ფხაკაძემ და გუგუშვილმა პროკურატურაში დაიბარეს, სადაც ბავშვმა თავისი სიალალით თქვა, ყველანი ვჩხუბობდით, ყველა ერთმანეთს ურტყამდა. დავინახე, კალანდიამ ჯიბისკენ წაიღო ხელი, მაგრამ დათოსთვის ხელი რომ დაერტყა, ეს არ დამინახავსო.

- ანუ გადათქვა, რომ ურტყამდა. - ეს არ ნიშნავს ცრუჩვენებას. კალანდია ურტყამდა თუ არა, ამას საქმესთან შემხებლობა არა აქვს. ბავშვი ამბობს, თავიდან იმ კონტექსტში ვთქვი, ურტყამდა, რომ იქ ყველა ერთმანეთს ურტყამდაო. თუ ეს ფაქტი მნიშვნელოვანი იყო, მის დაბარებას და დამატებით დაკითხვას რა უშლიდა ხელს? თავად კალანდიამ თქვა, ხელი დავარტყიო. თუ ასეა, აქ ცრუჩვენება რომელია? სახელმწიფო კბილებით იცავს კალანდიას, შოთაძით დაწყებული, გამომძიებლებით დასრულებული. საგამოძიებო კომისიაზე აცხადებდნენ, კალანდიას ქმედებაში არ იკვეთება დანაშაული, ვერ მივცემთ პასუხისგებაშიო. კალანდია თუ უდანაშაულოა, არაფერი ჩაუდენია, მაშინ მის ნაწილში დაჩიმ ცრუჩვენება როგორ მისცა?

- რაზეა ლაპარაკი ჩანაწერში, რომლის გასაჯაროებასაც აპირებთ? - იკვეთება, რომ ზაზა სარალიძე ბავშვებს ემუქრება, რომ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე, რომ თვითონ აღასრულებს სამართალს, აგინებს სასამართლოს, მოსამართლეს და გამომძიებლებს. ამბობს, რომ ყველას დასჯის, ხოლო თუ გაიგებს, რომ დაჩი და დ.ნ. (დაჩის და დათუნას მეგობარი) სიმართლეს არ ეუბნებოდნენ, მათაც დასჯიდა. მათ ჩანაწერიდან ის ნაწილი ამოიღეს, რაც აწყობდათ, ჩვენ კი მთელ ჩანაწერს გავასაჯაროებთ.

თებერვალში ბავშვები ზაზას და კუპრავას ხვდებიან სარალიძის ბინაში და ეს ჩანაწერი ფარულად კეთდება. 14 მარტს დაჩი სასამართლოში აძლევს ჩვენებას და მისი ყველა ჩვენება და ჩანაწერის ტექსტიც ერთმანეთს ემთხვევა. როცა კუპრავა საუბარს მალულად იწერდა, ფურცელზეც ინიშნავდა რაღაცებს და ამის მერე მისი ტელეფონი ქრება. ეს ჩანაწერი როგორ მოხვდა დისკზე, ამაზე ზაზა ამბობს, ჯერ კომპიუტერში გადავიტანე, მერე დისკზე, ერთი "რუსთავი 2"-ს გადავეცი, მეორე კი მე შევინახეო. სასამართლომ და პროკურატურამ დაუშვა საშინელი პრეცედენტი, როცა ეს მტკიცებულება საქმეს დაურთო. ეს არ არის მტკიცებულება - ფირს არ ჩასტარებია ექსპერტიზა, არ არის დამტკიცებული ავთენტურობა, არ დადგენილა, ვინ ლაპარაკობს.

- რატომ თვლით, რომ სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო? - ბავშვს ედავებიან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრა დამალეო, თუმცა გ.ბ.-ს და გ.ჯ.-ს საქმეზე მოწმედ დაკითხვისას დაჩი სამჯერ მაინც ამბობს, შევხვდი ზაზა სარალიძეს, ვესაუბრეო, რაც დადასტურებულია. მოსამართლეს წინ კრებსი უდევს, არადა, ჩვენებას მიჰყვება. როდესაც მივედით იმ ადგილზე, სადაც კითხვაა დასმული, შეხვდით თუ არა ზაზა სარალიძესო, დაჩი ამბობს: "დიახ, შევხვდით, ვისაუბრეთ, ტუალეტის ინციდენტზე არ გვისაუბრია". კრებსი გადავახვიეთ და იქ ეს სიტყვა არ არსებობს. გამოდის, პროკურატურამ და შსს-მ დაავალეს ექსპერტს კრებსის გაყალბება, ამოეღოთ ეგ ფრაზა და ეთქვათ, არ შეხვედრიაო, ბავშვისთვის ცრუჩვენების მიცემა რომ დაემტკიცებინათ. ჩვენ ვიდექით და დავდგებით სარალიძის მხარეს და გვინდა სიმართლის დადგენა, მაგრამ არა უდანაშაულო ბავშვის ხარჯზე. ზაზა სარალიძეს ისევ ბოროტად მოექცა სახელმწიფო, გააცურა, ისევ "გადააგდო". აღუთქვეს, თითქოს სიმართლეს დაუდგენდნენ და მასზე ყველანაირად იმოქმედეს. მიზანმიმართულად გაანადგურეს მტკიცებულებები... ზაზა ისევ მოტყუებული და იმედგაცრუებულია, საზოგადოება კი თვალში ნაცარშეყრილი. რეალურ დამნაშავეებს ისევ ხელი აქვთ დაფარებული, პასუხისგებაში არავინ მიუციათ, არც ერთი მოხელე არ ისჯება და მხოლოდ ეს ერთი ბავშვი ყოფილა ქვეყნის ამომგდები. ამიტომ არ ვაპირებთ გაჩერებას, ვიბრძოლებთ და დაისჯება ყველა ის, ვინც ეს სიბინძურე ჩაიდინა.