"ამბობს, შვილის გაგუდვით დედის და ქმრის გამწარება მინდოდა და ამით სიამოვნების მიღებაო" - კვირის პალიტრა

"ამბობს, შვილის გაგუდვით დედის და ქმრის გამწარება მინდოდა და ამით სიამოვნების მიღებაო"

"ჩაიკეტებოდა ოთახში და მთელი დღე ვიღაცას ეკონტაქტებოდა. მიშომ ბოლოს უსაყვედურა, ყელში ამომივიდა შენი მესიჯები, წამოხვალ ოფისში და ამონაწერი გავაკეთოთ, უნდა გავიგო, ვის ემესიჯებიო..."

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი გოგონა დააკავეს. ვინაიდან განსასჯელი არასრულწლოვანია, სხდომას მხოლოდ ბრალდებული, მისი ადვოკატი, პროკურორი და სოცმუშაკი ესწრებოდნენ. პროცესზე არც 16 წლის გოგოს მშობლები გამოჩენილან, არც მეუღლე და ნათესავები. ოფიციალური ინფორმაციით, დედამ ბავშვი 21 მაისს ღამით საწოლში გაგუდა. შსს-მ პირველივე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული შვილის მკვლელობას აღიარებს, რომ მან დეტალურად აღწერა ყველაფერი და მიზეზად შურისძიება დაასახელა...

ნონა დვალიშვილი, ბრალდებულის ქმრის მამიდა: "20 მაისს სოფელში დღეობა იყო, მარიამმა იცოდა, იმ დღეს ქმარი და მამამთილი დალევდნენ და დაიძინებდნენ. ეტყობა, ეს საშინელი მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. გამუდმებით იმაზე ვფიქრობ, როგორ გაგუდა საკუთარი ხელით შვილი, არ მინდა დავუშვა, რომ ასეთი ცივსისხლიანია, მაგრამ რა ვუყო მწარე რეალობას? ხან იმასაც ვფიქრობ, რომელიმე სექტაში ხომ არ იყო გაწევრებული. მან აღიარა დანაშაული, ამბობს, დედის და ქმრის გამწარება მინდოდა და ამით სიამოვნების მიღებაო. ნუთუ თვითონ არ გამწარდა? როცა ბავშვი გარდაცვლილი ვნახეთ, გვეგონა, შვილის მოულოდნელი სიკვდილით სასოწარკვეთილი დედა, სახლიდან გაიქცა და თავი მოიკლა, ამიტომ მას ეზოებსა და ბაღებში ვეძებდით. ვინ წარმოიდგენდა, ეს პატარა გოგო შვილს ასე სადისტურად რომ მოკლავდა...

იმ ღამით ნასვამ მიშოს აივანზე ჩასძინებია, მარიამს გაუღვიძებია და ხვევნა-კოცნით ოთახში შეუყვანია, უთქვამს, არ გაცივდეო. ჩვენებაში ამბობს, ბავშვს პირველის 10 წუთზე პლედი მივაფარე და საძილე არტერიაზე მივაჭირეო. შემდეგ მძინარე მამამთილის ოთახში შესულა, ფული ამოუცლია, წაუღია თავისი და ქმრის საქორწინო ბეჭდები, ოქროული და ტაქსით თბილისში ჩასულა. სასტუმროში ვიღაც ბიჭი ელოდებოდა. მანამდე ოქროული დაულომბარდებია... დილის 6 საათზე მიშოს გაეღვიძა და საწოლში ცოლი ვერ ნახა. ბავშვი იქვე იწვა. შუქი არ აუნთია, არ გაეღვიძოსო და ცოლის ძებნა დაიწყო.

ბავშვის მამა, მიხეილ დვალიშვილი იმ საზარელ წუთებს ასე იხსენებს: "ცოლს მთელ სახლში ვეძებდი, გარეთაც გავიხედე, საშინლად წვიმდა და შემოვბრუნდი, ვიფიქრე, თბილად ჩავიცვამ და მერე მოვძებნი-მეთქი. ქურთუკი ავიღე და ამ დროს გადავწყვიტე, ბავშვისთვის დამეხედა, მანამდე არ ვანთებდი სინათლეს, არ გავაღვიძო-მეთქი. ცოლი რომ ვერსად ვიპოვე, გამწარებულმა შუქი ავანთე და ბავშვს დავხედე, პირიდან დუჟი ჰქონდა გადმოსული, გავიფიქრე, ალბათ, საჭმელი ამოაღებინა და მოვწმენდ-მეთქი. პლედი რომ გადავხადე, მივხვდი, ჩემი შვილი გარდაცვლილი იყო... შვილი გაგუდა და ყველაფერი აღიარა, ამას როგორ გადავიტანთ, არც ვიცი...

მიხეილის მამიდა, ნონა დვალიშვილი ჰყვება, რომ თურმე ბრალდებული იმ საშინელი ტრაგედიის შემდეგ თბილისიდან არკვევდა ვითარებას. "წარმოიდგინეთ, მეორე დილით იმ გარეწარმა გოგომ მულს მისწერა, ნინო, ბავშვი როგორ არისო? ამ დროს უკვე პოლიცია იყო ჩვენთან და ნინოს აპასუხებინეს, ცუდად არის, საავადმყოფოშიაო, მაგრამ აღარაფერი მოუწერია, ალბათ იმიტომ, რომ უკვე "ფეისბუკში" წერდნენ, ბავშვი გარდაცვლილიაო".

სამართალდამცავებმა დამნაშავე თბილისში, სასტუმროში დააკავეს, მასთან ერთად იყო მამაკაციც. როგორც შევიტყვეთ, ბიჭი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. არც ის იცოდა, რომ გოგო გათხოვილი იყო.

ხომ არ არის ბრალდებული შეურაცხადი, ეს ექსპერტებმა უნდა დაადგინონ. თუ ეს დადასტურდა, საქმის კვალიფიკაციაც შეიცვლება და სასჯელი შემსუბუქდება, მაგრამ თუკი შერაცხადი აღმოჩნდება, ბრალი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც შევიტყვეთ, გათხოვების მიუხედავად, მარიამი მეთერთმეტე კლასში ირიცხებოდა. ჩვენ დავუკავშირდით სკოლის დირექტორს, შოთა კუბლაშვილს. კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ გოგონას შვილი ჰყავდა, დირექტორი ამბობს, რომ ფეხმძიმე არ უნახავს სკოლაში. თუმცა, ამბობს, რომ 2017 წელს გოგონა დაიკარგა და მას ოჯახი ეძებდა, საქმეში პოლიციაც იყო ჩართული.

- პოლიციასთან ჩვენს გასაუბრებას დედამისიც ესწრებოდა. 2 დღეში გავიგეთ, რომ გაპარულა... იმ ფაქტიდან რამდენიმე ხანში სკოლაში გამოჩნდა. ზოგჯერ თვეში ერთხელ მოდიოდა და გამოცდებს აბარებდა. კარგად სწავლობდა, თანატოლებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია. არასდროს გაგვიგია, რომ მშობლებთან კონფლიქტი ჰქონოდა...

როგორც ირკვევა, არასრულწლოვნის გათხოვებაზე მაშინ სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ. ცნობილია ისიც, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ შსს-მ ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერა იმის გამო, რომ მომხდარზე გამოძიება არ დაიწყო. პოლიციაში ორჯერ შესულა შეტყობინება: პირველად 2017 წლის სექტემბერში, როცა მისი სახლიდან წასვლის შესახებ აცნობეს პოლიციას, მეორედ კი 2018 წლის ოქტომბერში, როცა არასრულწლოვანმა შვილი გააჩინა (ეს შსს-ს იუსტიციის სამინისტრომ აცნობა), ახლა ამ ფაქტს გენინსპექცია იძიებს...

ნონა დვალიშვილი: - მიშომ და მარიამმა სოცქსელით გაიცნეს ერთმანეთი, იმ გოგომ აქეთ დაურეკა და უთხრა, ქუთაისიდან მოვდივარ, სადგურში დამხვდი, თუ არადა, თავს მოვიკლავო. პირველად დიდუბის ავტოსადგურში შეხვდნენ, ისე ელაპარაკა მიშოს, სახლში წამოიყვანა იმის შიშით, თავი არ მოიკლასო. მისი ასაკიც კი არ ვიცოდით. გოგოს მშობლებს ვუთხარით, რომ არ მივიღებდით ოჯახში, მაგრამ მაინც დატოვეს. შვილსაც ცუდად უვლიდა - თვეში ან კვირაში ერთხელ აბანავებდა. უმეტესად ჩემი ძმისშვილი გოგონა, სკოლის მოსწავლე უვლიდა ბავშვს. მარიამი სულ ვიღაცას ემესიჯებოდა. ქმარს ეუბნებოდა, დაქალს ვწერო. სულ იმის მეშინოდა, ეს ქარაფშუტა გოგო ვინმე ბიჭს სოფელში არ გადაჰკიდებოდა და ჩემს ძმისშვილს მასთან ჩხუბი არ მოსვლოდა. ჩაიკეტებოდა ოთახში და მთელი დღე ვიღაცას ეკონტაქტებოდა. მიშომ ბოლოს უსაყვედურა, ყელში ამომივიდა შენი მესიჯები, წამოხვალ ოფისში და ამონაწერი გავაკეთოთ, უნდა გავიგო, ვის ემესიჯებიო...

ბრალდებულის მეუღლეც ადასტურებს, რომ სმს-ების გამო კამათობდა ცოლთან, თუმცა ამბობს, რომ სერიოზული ჩხუბი არ ჰქონიათ. რა განმარტებებს გააკეთებს ის არასრულწლოვნის ცოლად მოყვანის შესახებ, მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანთან ქორწინების გამო, შესაძლოა მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც ნონა დვალიშვილი ამბობს, შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის დედა მზად არის, პოლიციასთან ითანამშრომლოს და სიძის სასარგებლოდ მისცეს ჩვენება...