ლაშა თორდია: "იმ აზრს ავითარებენ, რომ ვსვამ და მერე ჭკუა არ მომეკითხება - ხალხს საცემრად დავდევ" - კვირის პალიტრა

ლაშა თორდია: "იმ აზრს ავითარებენ, რომ ვსვამ და მერე ჭკუა არ მომეკითხება - ხალხს საცემრად დავდევ"

აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სტრასბურგში უჩივის

თბილისის აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა თორდია, რომელიც ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს, მას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლებს. მანამდე კი თბილისში დაწყებულ სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდება, რომელიც პირველ ინსტანციაში გასულ კვირას განახლდა.

ცნობისთვის: შემთხვევა 2017 წლის 13 მაისს რესტორან "ელ ცენტროში" მოხდა. როგორც თორდია ამბობს, ფარცხალაძის აგრესია მისი საქმიანობის შესახებ კონტროლის პალატის დასკვნამ გამოიწვია და ამ დოკუმენტების გამოწვევას ითხოვდა ფარცხალაძე. ფარცხალაძე თორდიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს. მას ამ საქმეზე 5.000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამავე საქმეზე ბრალდებულია ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელიც, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა. "კვირის პალიტრა" აშშ-ში მყოფ ლაშა თორდიას დაუკავშირდა.

- საქმეს არასწორი კვალიფიკაცია აქვს - გამოძიება დაიწყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარ ჩხუბზე, ლაპარაკია ასევე კლუბურ გარჩევაზე, არადა, სიმართლესთან ახლოს არც ერთია და არც მეორე. ამიტომ ეს სასამართლო პროცესი ჩემთვის მექანიკური საშუალებაა, საქმე ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიტანო, გამოძიების თავიდან დასაწყებად. სამი წელია, პროცესები მიდის, ეტყობა, მალე დაასრულებენ და ამიტომაც დაესწრო ფარცხალაძე.

- ფარცხალაძესთან სამართლებრივ დავას სტრასბურგში გააგრძელებთ?

- რა თქმა უნდა. აქ საქმე სულ სხვა მიმართულებით მიმდინარეობს. გამოძიებას არანაირი შეხება არა აქვს ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებასთან, რასაც იკვლევდა აუდიტის სამსახური. არც ამბობენ, რომ ფარცხალაძე თავს აუდიტის დასკვნის გამო დამესხა და რადგან ცემის მუხლი ჯარიმასა და მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს, ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ ბარში ჩვეულებრივი ჩხუბი მოხდა... მე არ მაინტერესებს მისი დასჯა, მინდა სიმართლე ითქვას, რის გამოც მოხდა თავდასხმა, უნდა გამჟღავნდეს, რატომ დამესხა თავს თანმხლებ პირებთან ერთად. ამ საქმეზე ორ კაცს აქვს ბრალი წაყენებული, მაგრამ არა ჯგუფური თავდასხმით.

- პროკურორის განცხადებით, საქმეში დევს ალკოტესტი, რომ თქვენ ნასვამი იყავით..

- ალკოტესტი არც გამივლია, პროკურორი რა დოკუმენტს ეყრდნობა, არ ვიცი. მაშინ საავადმყოფოში მოვხვდი, სისხლის ანალიზის პასუხი მაქვს, ფორმა 100, და მსგავსი არაფერი წერია. რაც შეეხება ალკოჰოლურ თრობას, ეს მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. იმ აზრს ავითარებენ, რომ ვსვამ და მერე ჭკუა არ მომეკითხება - ხალხს საცემრად დავდევ. სრულ გიჟად უნდათ გამომაცხადონ. ჩვენებაში დაფიქსირებული მაქვს, რომ ერთ ჭიქა ღვინოს თუ შამპანურს ვსვამდი. მთვრალიც რომ ვყოფილიყავი, ვის აქვს უფლება თავს დამესხას?!

- თქვენ ასევე თქვით, რომ ვიდეოები, სადაც ინციდენტი კარგად ჩანს, აღარ არსებობს. - საქმეში დევს გვერდითა შენობის სახურავიდან, ძალიან შორიდან, ერთი კამერიდან ამოღებული ჩანაწერი, მაგრამ იქაც კარგად ჩანს, როგორ მირტყამს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი.

სხვა კამერებიდან ჩანაწერები არ ამოუღიათ, წაშლილია მტკიცებულებები. არადა, ვინც იმ ბარშია ნამყოფი, იცის, რომ იმ ტერიტორიაზე უამრავი კამერაა, დეტალურად შეგიძლია ნახო ნებისმიერი შემომსვლელ-გამსვლელი. ჩოხელიც მე აღმოვაჩინე "ფეისბუკის" საშუალებით, თორემ გამოძიება ამასაც არ დაადგენდა. ერთი სიტყვით, 7 თუ 8 კაცი რომ მირტყამდა, გამოძიება არც დაინტერესებულა. ჩოხელი და ფარცხალაძე ჩემ წინ იდგნენ, მელაპარაკებოდნენ, გვერდიდან და ზურგიდან კი რამდენიმე კაცი მირტყამდა. სად არიან ისინი?

ჩანაწერების ამოღებასა და გამოძიებაზე პროკურატურას უნდა ეზრუნა. ვიცი, რომ ვიდეოჩანაწერები იმ ღამესვე წაშალეს.

- კონკრეტულად, რა კორუფციულ საქმეზე მუშაობდა მაშინ აუდიტის სამსახური? - თბილისის მერიამ ვაკიდან საბურთალოზე მიწის ნაკვეთები გადაცვალა და შემდეგ ნახევარ ფასად მიჰყიდეს ფარცხალაძეს. ბიუჯეტმა ამით რამდენიმე მილიონი ლარი იზარალა. ფარცხალაძე შემდეგ სრულიად უკონკურენტო, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს. ასეთი რამდენიმე ფაქტია, რომელიც პროკურატურას გავუგზავნე. საგამოძიებო უწყებამ ეს დასკვნა საერთაშორისო პროკურორთა საბჭოს გაუგზავნა. არ ვიცი, ვინ არიან, ხელფასს საიდან იღებენ, თუმცა საბჭომაც ამ სამი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ეთქვა, იყო თუ არა კორუფციული გარიგებები - სასაცილოა, რომ ხუთგვერდიან დასკვნაზე გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ.

თავიდან მაბრალებდნენ, რომ თავად ვიცემე თავი და თვითდაზიანებები მივიყენე. შემდეგ შსს-მ ბრიფინგი ჩაატარა - თორდია დაესხა თავს ფარცხალაძესო. ახლა, როგორც იქნა, აღიარეს, რომ ის დამესხა, ესეც იმიტომ, რომ მაშინ სარდაფის სკანდალი აგორდა და თანაც არჩევნები ახლოვდებოდა. ხალხი რომ გაჩუმებულიყო, ფარცხალაძე ვითომ დაიჭირეს და 5-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს, თანაც ერთ დღეში.

- მიწის ნაკვეთების საკითხი მტკიცებულებებით გაქვთ გამყარებული? - რა თქმა უნდა, ეს საჯაროა.

- ხშირად ლაპარაკობენ ფარცხალაძის გავლენებზე პროკურატურაში, გაქვთ ფაქტები? - ეს ჩემი საქმიდანაც კარგად ჩანს. ჩემმა უფლებადამცველებმა პროკურატურას კვალიფიკაციის შეცვლის მიზნით მიმართეს, მაგრამ უარი გვითხრეს, რადგან მუხლის შეცვლა უფრო დიდ სასჯელს ითვალისწინებს. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ საგამოძიებო უწყება ფარცხალაძეს მფარველობს. ამჯერადაც 5 ან 10 ათას ლარს გამოუწერენ და ამით დასრულდება ყველაფერი.