"ჩვენს შვილს უკვე არაფერი ეშველება, მაგრამ..." - რას ამბობენ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მშობლები სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - კვირის პალიტრა

"ჩვენს შვილს უკვე არაფერი ეშველება, მაგრამ..." - რას ამბობენ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მშობლები სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"მისი ხელით არც ერთ სხვა ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრება", - ამის შესახებ გორში მოკლული გოგონას, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მამამ, მიშა ბერიაშვილმა განაცხადა.

მოკლული ბავშვის ოჯახის წევრებმა კომენტარები მას შემდეგ გააკეთეს, რაც ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, იაგო ნებიერიძეს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

"ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ მისი ხელით არც ერთ სხვა ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრება", - აღნიშნა ნანიკო ბერიაშვილის მამამ.

გარდაცვლილის ბაბუის, ხვიჩა ბერიაშვილის თქმით, ბრალდებული ან უნდა გამოეშვათ, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა შეეფარდებინათ.

"იდეალური გადაწყვეტილებაა. ჩვენს შვილს უკვე არაფერი ეშველება, მაგრამ გვინდოდა, რომ, ღმერთმა დაიფაროს, სხვა ბავშვი აღარ დაჩაგრულიყო და სხვას აღარ ეტირა", - განაცხადა ხვიჩა ბერიაშვილმა.

9 წლის გოგონას დედამ, ნათია ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახი ამ განაჩენს ელოდებოდა.

"შემამსუბუქებელი ვერაფერი იქნება, მაგრამ ეს იყო, რასაც ველოდებოდით", - განაცხადა ლალიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო