"მა­მამ დათ­ქმულ ად­გილ­ზე ფული მი­ი­ტა­ნა, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლეს" - ვინ გაიტაცა 15 წლის გოგონა და არსებობს თუ არა მისი ცოცხლად პოვნის შანსი? - კვირის პალიტრა

"მა­მამ დათ­ქმულ ად­გილ­ზე ფული მი­ი­ტა­ნა, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლეს" - ვინ გაიტაცა 15 წლის გოგონა და არსებობს თუ არა მისი ცოცხლად პოვნის შანსი?

"ადეიშვილმა მითხრა, უნდა თქვა ის, რაც გამოძიებას სჭირდება, თუ არადა, ციხეში დალპებიო" - რა კავშირი აქვს აფრასიძეებს მარიამ გოგინაშვილის გაუჩინარებასთან, რომლის გატაცების საქმესაც 17 წელია იძიებენ

2002 წლის 24 ივლისს 15 წლის მარიამ გოგინაშვილი წყნეთიდან გაიტაცეს. მომხდარიდან ორ დღეში ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უკვე მეჩვიდმეტე წელია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს იძიებს. მსოფლიოს მასშტაბით უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ სხვა ბავშვებთან ერთად, ინტერპოლი დღემდე ეძებს მარიამ გოგინაშვილს.

საქმესთან დაკავშირებით AMBEBI.GE-მ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა უწყებაში მხოლოდ ის განგვიცხადეს, რომ მოზარდის გატაცების საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2002 წლის ივლისის თვეში, დაბა წყნეთიდან არასრულწლოვანის - მარიამ გოგინაშვილის, გამოძიებით დაუდგენელი პირ(ებ)ის მიერ გატაცების ფაქტზე, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში კვლავ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის No090050026 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და "თ" ქვეპუნქტებით", - ნათქვამია უწყების მიერ AMBEBI.GE- სთვის გამოგზავნილ წერილში.

არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე იმ პერიოდში ძალზედ გახმაურებული იყო და იმდენად აქტიურად შუქდებოდა მედიით, რომ შესაძლოა, საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე ახსოვდეს საქმის დეტალები.

ბურუსით მოცულ საქმეს ერთადერთი თვითმხილველი ჰყავდა: მზესუმზირის გამყიდველი ქალი. ის ამბობდა, რომ ბავშვი, რომელიც წყნეთში, საკუთარ უბანში მდებარე მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად წავიდა, გამტაცებლებს საკუთარი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. ამ ფაქტმა საქმის მოწმეს გაუჩინა ეჭვი, რომ დამნაშავეები ბავშისთვის უცხოები არ იყვნენ. გამოძებისთვის მიცემულ ჩვენებაში, ფაქტის შემსწრე ქალმა აღნიშნა, რომ ბავშვს მათი დანახვა გაუხარდა კიდეც. თუმცა მან ვერ გაიხსენა ავტომობილის ნომერი და ვერც კრიმინალების სახე აღიდგინა.

მოზარდის გატაცებიდან მეორე დღეს გამტაცებლები ტელეფონით დაუკავშირდნენ გოგინაშვილის მამას და გოგონას გათავისუფლების სანაცვლოდ 100 000 დოლარი მოითხოვეს. მოლაპარაკებების შედეგად, თანხა 70 ათას დოლარამდე შემცირდა. გოგონას მამამ 27 ივლისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დათქმულ ადგილზე ფული მიიტანა, თუმცა დამნაშავეებმა პირობა არ შეასრულეს, მძევალი არ გაათავისუფლეს და მას შემდეგ გატაცებულის ოჯახსაც აღარ დაკავშირებიან.

როგორც ცნობილია, მარიამ გოგინაშვილის მამა მხედრიონელი იყო, იმ დროისთვის ძალოვან სტრუქტურებში გავლენიან პოზიციაზე მუშობდა და მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი ჰქონდა. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, თითქოს ბავშვის გატაცება მის მხედრიონელ მამაზე შურისძიებას უკავშირდებოდა.

გავრცელებული ვერსიით, გაუჩინარებული გოგონას მამამ ორჯერ გადაუხადა სოლიდური თანხა გამტაცებლებს. თუმცა სინამდვილეში სულ სხვა პირები სარგებლობდნენ მომხდარით და რეალური გამტაცებლები ოჯახთან კონტაქტზე არც არასოდეს გამოსულან.

კულუარულად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, გოგინაშვილი თითქოსდა ძმებმა აფრასიძეებმა გაიტაცეს. 2006 წელს საგამოძიებო ორგანოებმა აფრასიძეების საქმისა და კახა კალაძის ძმის, ლევან კალაძის გატაცების კონტექსტში მარიამ გოგინაშვილის გატაცების ვერსია ოფიციალურად გამოთქვეს.

სვანეთში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა განაცხადეს, რომ სამარხში აღმოჩენილი რვა გვამი აფრასიძეების მოქმედების შედეგი იყო. მაშინვე გავრცელდა ვერსია, რომ ერთ-ერთი მათგანი მარიამ გოგინაშვილის გვამი იყო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უარყო ეს ინფორმაცია - დადგინდა, რომ ეს ცხედრები 19-ე საუკუნის დროინდელი იყო. მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ წინა ხელისუფლება ამით აფრასიძეების ოჯახში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის გამართლებას ცდილობდა. ამ ვარაუდის მართებულობა გაამყარა საქმის კიდევ ერთმა უმნიშვნელოვანესმა გარემოებამ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. გაგრძელება