"მას ადამიანების წამება სიამოვნებას ჰგვრიდა" - ვინ არის გიორგი სამუშია, რომელიც უკრაინაში დააკავეს - კვირის პალიტრა

"მას ადამიანების წამება სიამოვნებას ჰგვრიდა" - ვინ არის გიორგი სამუშია, რომელიც უკრაინაში დააკავეს

უკრაინაში დააკავეს საქართველოს მიერ ინტერპოლით ძებნილი შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, რომელსაც ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და წამება. 2012 წელს მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან შს და თავდაცვის სამინისტროების ყოფილი მაღალჩინოსნები: კუდ-ის მაშინდელი უფროსი დათა ახალაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი დეტექტივი გიორგი სამუშია, გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და აფხაზეთის კუდ-ის ყოფილი უფროსი რომან შამათავა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის 28 ივლისს სამუშიამ ზემოხსენებული თანამდებობის პირების დავალებით ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ელბერდ კობერიძეს, ხელბორკილითა და სახეზე ნიღაბჩამოცმული გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, სადაც დაგეგმილი იყო წამებით კობერიძისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებითი ჩვენების მიღება. ამ მოთხოვნით დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა სამხედრო პოლიციის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ და აწამებდნენ კობერიძეს, რის გამოც მან გონება დაკარგა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება... სამუშიას სისხლისსამართლებრივი დევნა 2015 წლის 11 დეკემბერს დაიწყო და მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, თუმცა 9-თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვამდე მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალა და პასპორტი და პირადობის მოწმობაც ჩამოართვა. სამუშიამ თითქოს პასპორტი დაკარგა და საჯარო რეესტრში მოითხოვა ახალი, რომლითაც დატოვა საქართველო და 2016 წლის ზაფხულში ბელგიას შეაფარა თავი. ამა წლის თებერვალში ის ლიეჟში, სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე გამოჩნდა. სამუშია ჟურნალისტებს კამერების წინ დაემუქრა და დაჰპირდა, რომ სააკაშვილთან ერთად მალე დაბრუნდებოდა საქართველოში...

თავის დროზე, სამუშიას არაერთი პატიმარი ამხელდა წამებაში. მათ შორის იყო ზუგდიდელი ლ.ა., რომელმაც მაშინ "კვირის პალიტრას" უამბო, რომ 2011 წლის 14 ივნისს ის პოლიციელებმა დააკავეს, ჯერ მანქანაში სცემეს, შემდეგ ენგურის სანაპიროზე, ბოლოს კი ჯვრის პოლიციის განყოფილებაში განაგრძეს მისი წამება. ამ ოპერაციას წალენჯიხის პოლიციის იმჟამინდელი უფროსი გოჩა გოგოხია ხელმძღვანელობდა. მანამდე პოლიციელებს დაკავებული ჰყავდათ მისი მოგვარეები, რომელთაც ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებდნენ. ლ. ა.-ს აიძულებდნენ სოფელ მუჟავაში მომხდარ ტერორისტულ აქტში დაედანაშაულებინა პირები, რომელთაც არ იცნობდა, სანაცვლოდ, ორწლიან პატიმრობას აკმარებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოცწლიან "სროკზე" გაუშვებდნენ. გოგოხიამ, სამუშიამ და დანარჩენებმა ლ.ა. სასტიკად აწამეს და აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერაზე დაითანხმეს.

ლ. ა., ყოფილი პატიმარი: - სამუშია ერთუჯრედიანი არსებაა, რომელსაც ადამიანების წამება სიამოვნებას ჰგვრიდა. ეგენი კეთროვნებად მიიჩნევდნენ პატიმრებს, საკნებში შედიოდნენ და სჯიდნენ. გამოძიებამ და პროკურატურამაც კარგად იციან ჩემი წამების საქმე, რომელსაც 2012 წლიდან "იძიებენ" და თაროზეა შემოდებული.

P.S. საქართველოს გენერალური პროკურატურა შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებში მიმართავს უკრაინის გენერალურ პროკურატურას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადირების თაობაზე.