"შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღეს პანდორას ყუთი გაიხსნა" - რას აცხადებს სარალიძეების ოჯახის ადვოკატი - კვირის პალიტრა

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღეს პანდორას ყუთი გაიხსნა" - რას აცხადებს სარალიძეების ოჯახის ადვოკატი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღეს პანდორას ყუთი გაიხსნა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის უფლებადამცველი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე განცხადებით, რთულია მიხეილ კალანდია პოლიტპატიმრად იქცეს.

"რატომ დააკავეს მიხეილ კალანდია ასე მალე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ? - ამ კითხვას შეიძლება სხვადასხვა ახსნა მოეძებნოს. შეიძლება ვეძებოთ პოლიტიკური შემადგენელიც. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად, არსებობდა მიმალვის საფრთხე თუნდაც და სხვა გამოსავალი აღარც ჰქონდა პროკურატურას დაეკავებინა ის ადამიანი, ვის დაკავებასაც მოითხოვდა დაზარალებული ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაც ეს იყო, რომ დაეკავებინათ მიხეილ კალანდია იმიტომ, რომ გამოიკვეთა სავარაუდოდ დანაშაული კომისიის ჩატარებული გამოძიების შედეგად. ეს დაკავება იყო დაგვიანებული, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე, არასდროს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას მამის განცხადებას, რომ მისი შვილის დაკავება პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან რთულია მიხეილ კალანდია იყოს პოლიპატიმარი და მისი დაკავება პოლიტიკურ პროცესებს დავუკავშიროთ.

„ძალიან რთულია მიხეილ კალანდია იქცეს პოლიტპატიმრად, ვინაიდან, სწორედ ეს კითხვა, რასაც ახლა მიხეილ კალანდიას მამა სვამს, ისმოდა საზოგადოების მხრიდან სწორედ მიხეილ კალანდიას მისამართით, რატომ არ ხდება მისი დაკავება. იმიტომ არ ხდებოდა, რომ სავარაუდოდ, მიხეილ კალანდიას მფარველები ჰყავდა. ჩვენ ვნახეთ ის კადრები, თუ როგორ გამოჰქონდათ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის კალანდიების სახლში მისვლის შემდეგ რამდენიმე წუთში ლუკა კალანდიას და ოჯახის წევრებს ნივთმტკიცებები და ყრიდნენ საკანალიზაციო ჭაში, ანადგურებდნენ ამ ნივთმტკიცებებს. ეს იყო სწორედ მირზა სუბელიანის მფარველობით და მისი უშუალო მითითებით. ძალიან რთულია მიხეილ კალანდია იყოს პოლიპატიმარი და მისი დაკავება პოლიტიკურ პროცესებს დავუკავშიროთ. ძალიან რთულია ეს მისმა დაცვის მხარემ დაამტკიცოს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა და დასძინა: „დღეს გაიხსნა პანდორას ყუთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და შეიძლება სამინისტროს და სხვა საგამოძიებო ორგანოებს მისაღები ჰქონდეს სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“.