"ჩემ შვილს არავის გავაწირინებ!... ბევრი შეეწირება მთავრობიდან" - რას ამბობს მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა? - კვირის პალიტრა

"ჩემ შვილს არავის გავაწირინებ!... ბევრი შეეწირება მთავრობიდან" - რას ამბობს მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა?

"სარალიძე შეცდომაში შეიყვანეს, მას მოატყუეს, რომ სუბელიანს რაღაც ჰქონდა. გამოიყენეს სარალიძე. ძალიან მეცოდება, რა ტრაგედიაც მას შეემთხვა, ჩემს მტერსაც კი არ ვუსურვებ"

2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე წელიწადნახევრის შემდეგ დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია "ინტერპრესნიუსთან" სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ თენგიზ კალანდია ამტკიცებს, რომ სასურველი ჩვენების მისაცემად მასა და მის შვილებს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. კალანდია მზადაა, თითოელი პოლიციელის სახელი და გვარი დაასახელოს და აღნიშნულ საკითხზე გამოძიებას ჩვენებაც მისცეს. რაც შეეხება უშუალოდ მისი შვილის დაკავებას, თენგიზ კალანდია მიიჩნევს, რომ მიხეილ კალანდია "გაწირეს" და ირწმუნება, რომ ამ ამბავს შსს-ს, პროკურატურის და პარლამენტის არაერთი მაღალჩინოსანი შეეწირება.

- მიხეილ კალანდია უდანაშაულოა. ამას არ ვამბობ იმის გამო, რომ ჩემი ოჯახის წევრია. მას არც ხელნაკეთი იარაღი ჭერია, არც დანა, არც დანის ტარი, უბრალოდ, იჩხუბა, როგორც დანარჩენმა იქ მყოფმა ყველა ბავშვმა. თუ ასეა, მაშინ დასაჭერია ყველა ბავშვი, ვინც იქ იყო. დაკავების მოტივი ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტკურია. აქამდე ჩუმად ვიყავით, პირიქით, გამოძიებასთან ვთანამშრომლობდით, რომ სიმართლე დაგდგენილიყო, მაგრამ მათ ის სიმართლე დაადგინეს, რომელიც მათ აწყობდათ. ერთ-ერთ მსჯავრდებულს, რომელსაც მკვლელობას ედავებიან მეორე ბავშვის ასპექტში, ვერ უმტკიცებენ. სწორედ, ამიტომ ყველაზე მარტივ მიზნად მიხეილ კალანდია აირჩიეს, ვინაიდან ის ჩხუბში მონაწილეობდა და მასზე თავიდანვე იყო საზოგადოებრივი ინტერესი. გადაწყვიტეს, რომ ჯოხი მიხეილ კალანდიაზე გადაეტეხათ.

- პირველივე დღიდან ისმოდა თქვენი შვილის მისამართით ბრალდებები. ზაზა სარალიძე დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილის მკვლელობაში სხვა პირებთან ერთად სწორედ მიხეილ კალანდია მონაწილეობდა...

- იმ დიდი ტრაგედიის შემდეგ, ჩვენი ტრაგედია არაფრად მიგვაჩნდა და ჩუმად ვიყავით. ორი ბავშვი იყო გარდაცვლილი, როგორ შეიძლებოდა, ჩვენ რამეზე ხმა ამოგვეღო? თუ ხმას არ ვიღებდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დამნაშავეები ვიყავით. იმ ტრაგედიის ფონზე, რაც მოხდა, ჩუმად ვიყავით, ჩვენი გაჭირვება და ჩვენი ტრაგედია არაფერი იყო იმ უბედურებასთან შედარებით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცაში დამნაშავეები ვიყავით, ან ვიღაცას ვემალებოდით. ახლა ასე აღარ იქნება! 2 დეკემბრიდან მოყოლებული ჩვენს ოჯახზე ზეწოლა იყო, ჯოხი გადაგვამტვრიეს.

- თქვენმა შვილმა სასამართლოში, პირველ ჩვენებაში განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა თქვენზე ფიზიკურად იძალადეს და ჩვენება ასე მიგაცემინეს, თუმცა მეორე დღეს ეს უარყო და განაცხადა, რომ მოიტყუა. ფიზიკურად გაგისწორდნენ?

- ჩემზე ფიზიკური ზეწოლა იყო, თან ისე, რომ ჩემს შვილებს გაეგოთ. ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემასა და ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც. ჩემს შვილებს ემუქრებოდნენ არასრულწოვანი დის და დედის დაჭერით, თან მცემდნენ, ჩემი შვილები ცალკე ცემეს. ჩვენი ჩვენება, არცერთი არაა ჩვენი დაწერილი. ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მოგონილია, რათა თავიანთი სკამები შეენარჩუნებინათ. სარალიძეც და კალანდიას ოჯახიც სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ყველა გამოიყენეს!

- შეგიძლიათ იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებმაც გცემეს?

- კი ბატონო! გვარიც, სახელიც ვიცი და ხელსაც დავადებ, ვინც მონაწილეობდა ჩვენს ცემაში. უბრალოდ, ამის დრო დღეს არ არის და აუცილებლად მოვა. ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნებით, რომ ხვალ და ზეგ დამიჭერენ მეც და ჩემს უფროს შვილსაც, ასევე ჩვენთან ერთად ორი ბიჭი რომ იყო, მათაც. 9 თვეა, გარეთ ვართ და სპეციალურად არ დაამთავრეს ჩვენი პროცესი, რომ ჩვენს გასაჩუმებლად ბერკეტი ჰქონოდათ, ხმა არ ამოგვეღო. ჩვენ როგორც კი ხმას ამოვიღებთ, სახელებს და გვარებს დავასახელებთ, ჩვენს დაკავებას არ გამოვრიცხავ, რომ ხმის ამომღები არავინ დარჩეს.

- თქვენმა შვილმა გამოძიებასა და სასამართლოში ჩვენება არაერთგზის შეცვალა. ვინ აცვლევინებდა მას ჩვენებებს?

- დაწერილი მიუტანეს და ძალით მოაწერინეს ხელი! კონკრეტულად ვინ აცვლევინებდა მას ჩვენებებს, არ ვიცი, მაგრამ ამ საქმეში მერაბ მორჩაძეა გარეული, რომელიც გ.ჯ.-ს ახლობელია და იმას მოკითხეთ. იმან უკეთესად იცის, ვის რა შეაცვლევინეს. იმ დროს მე ციხეში ვიჯექი და ისარგებლეს მომენტით, რომ 6 შვილი უპატრონოდ მიმიგდეს, მარჩენალის გარეშე და 8 სული შემოსავლის, ლუკმა-პურის გარეშე დატოვეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ოჯახი ზეწოლისა და ტერორის ქვეშ იყო? ციხეში ისე ამომკეტეს, რომ ინფორმაცია არ მქონოდა, ჩემ ოჯახს კი, ჩემ შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია. 8 თვე ისე ვიჯექი ციხეში, ჩემ ოჯახთან ერთი ზარი არ განმახორციელებინეს.

- თუ თქვენი შვილი დავით სარალიძის მკვლელობაში არ მონაწილეობდა, რატომ მოხდა თავიდანვე მისი ამ საქმეში დადანაშაულება?

- სარალიძე შეცდომაში შეიყვანეს, მას მოატყუეს, რომ სუბელიანს რაღაც ჰქონდა. გამოიყენეს სარალიძე. ძალიან მეცოდება, რა ტრაგედიაც მას შეემთხვა, ჩემს მტერსაც კი არ ვუსურვებ. შვილის სიკვდილი ძალიან მძიმეა, მაგრამ გაჭირვებული კაცის ნერვებზე, ტრაგედიაზე ითამაშეს, პოლიტიკური სარჩული დაუდეს. ის ჩვენს წინააღმდეგ აამხედრეს, ჩვენ მის წინააღმდეგ, გვარებით გადაგვკიდეს ერთმანეთს, რომ თვითონ სავარძლებში თბილად ისხდნენ თუნდაც, შინაგან საქმეთა სამინისტროში და თუნდაც, პარლამენტში. ასე უბრძოლველად არ გავჩერდებით, უდანაშაულო ბავშვს, 15 წლით ციხეში არ გავუშვებთ, იმიტომ რომ ვიღაცას ასე აწყობს! გაგრძელება