ე.წ. კანონიერი ქურდი "ლავასოღლი" თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს - დაბრუნდება თუ არა ის საქართველოში? - კვირის პალიტრა

ე.წ. კანონიერი ქურდი "ლავასოღლი" თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს - დაბრუნდება თუ არა ის საქართველოში?

"კანონიერ ქურდობაში" ბრალდებული მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავასოღლი" თავისუფალია. ამის შესახებ "ლავასოღლის" ადვოკატი საუბრობს.

ალექსანდე კობაიძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ მისი შეხედულებით, "ლავასოღლი" იმიტომ გაათავისუფლეს, რომ თურქეთის მხარემ არ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის არგუმენტები მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

"თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, როდესაც პირს სხვა სახელმწიფო ითხოვს ექსტრადიციის მეშვეობით, თურქეთმა ის უნდა გააჩეროს 6 თვის განმავლობაში. ამ 6 თვის განმავლობაში მინდია "ლავასოღლი" გაჩერებული ჰყავდათ თურქეთის რესპუბლიკაში, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში, ხოლო როდესაც ამოიწურა ეს ვადა, რა თქმა უნდა, კანონიერად მოხდა მისი გათავისუფლება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაათავისუფლეს, ჩემი შეფასებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ პროკურატურის მიერ უკანონო და უსაფუძვლო მოთხოვნა იყო, "ლავასოღლის" ექსტრადიცია მომხდარიყო და თურქეთის რესპუბლიკამ არ გაიზიარა ის არგუმენტები, რა არგუმენტებიც არის ექსტრადიციასთან დაკავშირებული საკითხები. უკანონო იმიტომ იყო, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები მისი ექსტრადაციისთვის. ჩვენი შეფასება მართალი აღმოჩნდა და თურქეთის მხარემ არ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები. საქართველოში "ლავასოღლი" ვერ ჩამოვა, რადგან ჩამოსვლის შემთხვევაში მან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი - ვგულისხმობ, რომ მას მისჯილი აქვს 10-წლიანი სასჯელი, ამიტომ ეს შეფერხება მას აქვს", - აღნიშნა კობაიძემ.

"ინტერპრესნიუსი"