"ექსპერტიზის დასკვნით, იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა და ათივე ბავშვს ერთი ბიოლოგიური მამა ჰყავს" - კვირის პალიტრა

"ექსპერტიზის დასკვნით, იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა და ათივე ბავშვს ერთი ბიოლოგიური მამა ჰყავს"

არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული 37 წლის იულია სუსლიაკის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განუცხადა, აღნიშნული ექსპერტიზით მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა დასტურდება.

"ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სუსლიაკს ბავშვები ნაყიდი კი არ ჰყავს, ბიოლოგიურად ჰყავს გაჩენილი. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა. ეს ბავშვები ბიოლოგიური და-ძმანი არიან მამის ხაზით.

უტყუარად დასტურდება ფაქტი, რომ სუსლიაკი სრულიად უდანაშაულოდ არის ციხეში მოთავსებული, ხოლო პროკურორი, რომელმაც ეს ბრალი მოიფიქრა, დროა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი მაქვს შუამდგომლობა იულია სუსლიაკის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით პასუხს დღეს მეტყვიან", - განაცხადა თოდუამ.

იულია სუსლიაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"