შსს-მ 300 ლარით დააჯარიმა მამაკაცი, რომელმაც უცხო ქალბატონს ქუჩაში სექსუალური ხასიათის ურთიერთობა შესთავაზა - კვირის პალიტრა

შსს-მ 300 ლარით დააჯარიმა მამაკაცი, რომელმაც უცხო ქალბატონს ქუჩაში სექსუალური ხასიათის ურთიერთობა შესთავაზა

ახალი კანონის ამოქმედების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური შევიწროების საქმეზე სამართალდამრღვევი გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 3 ივნისს, შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დაზარალებულმა მიმართა, რომელიც მიუთითებდა უცნობი მამაკაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ.

მათივე ცნობით, შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული იქნა 1973 წელს დაბადებული ვ. მ., რომელმაც ქუჩაში სექსუალური შევიწროება განახორციელა 1986 წელს დაბადებული მ. ს.-ს მიმართ.

„მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ დაზარალებულს შესთავაზა სექსუალური ხასიათის ურთიერთობა, რაც ამ უკანასკნელისთვის იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი.

სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და ვ. მ. სცნო სამართალდამრღვევად სექსუალურ შევიწროებაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ვ.მ.-ს სახდელის სახით 300 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მხრიდან პოლიციისთვის მიმართვა მოხდა სექსუალური შევიწროების ჩადენისთანავე, დაუყოვნებლივ, რამაც ხელი შეუწყო მტკიცებულებების დროულად შეგროვებასა და სამართალდამრღვევის დადგენას“,- აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 3 მაისს, ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნა მიჩნეული.

"ინტერპრესნიუსი"