გოგონები დღეს სკოლაში არ მისულან - ბორჯომში ორ არასრულწლოვანს ეძებენ - კვირის პალიტრა

გოგონები დღეს სკოლაში არ მისულან - ბორჯომში ორ არასრულწლოვანს ეძებენ

ბორჯომში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ისინი მეცხრეკლასელები არიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოსწავლეები, დილით, სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია. გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან.

1-ლი საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი გოგონები სახლიდან დილით გავიდნენ და მას შემდეგ არავის უნახავთ. გაუჩინარებული მოზარდების ახლობლები ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული გოგონების მობილური ტელეფონები ბორჯომში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

"ყველა უკიდურესად შეფოთებული ვართ, ამ დრომდე დაკარგული მოსწავლეების შესახებ არაფერი ვიცით. დილიდან არავის უნახავს, არც სკოლაში ყოფილან. განსაკუთრებული ხასიათით გამორჩეული ბავშვები არ არიან, ორივე ჩვეულებრივი, მათი ასაკისთვის დამახსიათებელი გოგონაა, ვერაფერს ვიტყვით ვერსიებზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა, იმედია, უახლოეს მომავალში დადგინდება მათი ადგილსამყოფელი", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ.

"პოლიციამ ბორჯომში 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები",-აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

ფოტოები: ტელეკომპანია "ბორჯომის" ვიდეოდან

"ინტერპრესნიუსი"