"თეა წულუკიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა" - კვირის პალიტრა

"თეა წულუკიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა"

"იმდენად დარწმუნებული იყვნენ, რომ პასუხს არავინ მოსთხოვდათ, გაქცევაზე არც უფიქრიათ"

იურისტი ლია მუხაშავრია ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტისა და "ოქროს მოწმის", მიხეილ კალანდიას დაკავებას აფასებს.

- ეს საქმე რომ ჩაფარცხული და გაფუჭებულია, თავიდანვე ცხადი იყო. უბრალოდ, ზაზა სარალიძის თავდადებამ ხელისუფლება აიძულა, ასე მოქცეულიყო. არ დაგვავიწყდეს არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის ოლქში - ხორავას ქუჩა მთაწმინდას ეკუთვნის, პარლამენტიც იმ უბანშია, სადაც სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, შალვა შავგულიძე კი უფლებადამცველია და ადვოკატი... ეს ყველაფერი ქმნის ძალზე ნეგატიურ სურათს "ქართული ოცნებისთვის" და თუ ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეიძლება შეფასდეს, ალბათ, ამიტომ გაწირეს კალანდია - არასრულწლოვანი, რომელსაც ამდენ ხანს ხელს აფარებდნენ.

- ციხიდან მირზა სუბელიანის შანტაჟის მიუხედავად, კალანდია მაინც გაწირეს? - აქ, ალბათ, ორსვლიანი საჭადრაკო კომბინაციაა - მალე სუბელიანს ციხიდან გამოსვლა უწევს. თუ აყვირდება, მაშინ დასჭირდებათ და სუბელიანის ნათქვამის მიხედვით ერთი-ორის თავიც შეიძლება გაგორდეს. ესეც სიუჟეტია - აი, ბატონო, არ ვიცოდით, ახლა გავიგეთ და რეაგირებას ვახდენთო. საზოგადოებას აწუხებს ის, რაც ხდება სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემაში. ეს სერიოზულად უთხრის ძირს "ოცნებას" და ამიტომ ახლა ასეთი სვლაა საჭირო. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ გენპროკურორის ადგილი თავისუფლდება და "ოცნებაში" ვიღაცებს უნდათ თავიანთი კაცის გაყვანა და ამით პოზიციის გამყარება. ეს ყველაფერი ერთი სცენარის კადრებია და საჭიროა იმისთვის, რომ ვიღაცის ფრთა გაძლიერდეს, საზოგადოებრივი აზრი "ოცნებისკენ" შემობრუნდეს, ან თუნდაც გენპროკურორი გახდეს ის პირი, რომელიც ამ სცენარისტის კლანიდანაა, ან მისი გუნდის წევრია.

- ალბათ, ნათია მეზვრიშვილზე მიანიშნებთ, ამ პოსტზე მისი კანდიდატურა მოიაზრება. - დიახ. გახარია გაძლიერებას ცდილობს და, რა თქმა უნდა, მისი გავლენა გაცილებით დიდი იქნება, თუ გენპროკურორი მისი მოადგილე გახდება. ალბათ, სხვებსაც ჰყავთ კანდიდატურები, ან სურთ ამ თანამდებობაზე საკუთარი თავის ხილვა. შიგნით სერიოზული გადაადგილებები, გათავისუფლებული სკამები ჩნდება და ბრძოლა ჩარჩოებიდან გამოდის. შედეგად, ალბათ, ვიღაც უნდა დაისაჯოს და სამართლიანადაც. მოლოდინი, რომ ხორავას საქმეს რომელიმე პროკურორის ან გამომძიებლის თავი გადაჰყვება, ნაკლებად სარწმუნოა.

- როგორც ამბობენ, იკვეთება სამოხელეო დანაშაული და სავარაუდოდ, ზოგიერთი მოხელის პასუხისმგებლობაც დადგება... - თუ საქმეს დასჭირდება, თუ კალანდიასა და სუბელიანის ოჯახები აყვირდებიან და სკანდალურ განცხადებებს გააკეთებენ, შეიძლება გამომძიებელ-პროკურორამდეც მივიდეს საქმე. თუ ჩააჩუმეს, მაშინ კალანდიაზე შეჩერდებიან. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სისტემური დანაშაულის მოთავეები ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ისჯებიან. მაგალითად, შოთაძის გადადგომა სიტუაციიდან ამოვარდნილი იყო - ჩანს, მას ნერვებმა უმტყუნა, ისევე როგორც ერთი წლისთავზე გენპროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძეს. ეტყობა, შიგნით იმდენად მძიმეა სიტუაცია, მეტ-ნაკლებად აზრიანები გარბიან. ეს ბევრ რამეს ააშკარავებს.

- სიტყვამ მოიტანა და, შოთაძის გადადგომის შესახებ თეა წულუკიანის განცხადებას შეგახსენებთ, როცა ის არ ეთანხმებოდა მის გადადგომას და ამბობდა, რომ მის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ინაწილებდა. - წულუკიანის ეს შეფასება სკანდალური და გასაოცარი იყო, ასე რომ ამოუდგა მხარში შოთაძეს. ახლა, როცა გაირკვა, რომ თურმე პროკურორიც და პროკურატურაც მტყუანი ყოფილა, წულუკიანმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. თუმცა მისგან არ მოველი, რომ მაღალზნეობრივი პოლიტიკოსი აღმოჩნდება და თავისი სიტყვების გამო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

- როგორც ამბობენ, თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის ემზადება. - თადუმაძე ძალიან დაახლოებულია ივანიშვილთან, თუ უზენაეს სასამართლოს სათავეში ჩაუდგება, ბიძინას ექნება შესაძლებლობა, მოსამართლეთა კორპუსი თავად უზენაესში გააკონტროლოს. ამ ხნის განმავლობაში, რაც მას მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან აქვს ურთიერთობა, დარწმუნდა, რომ ეს ხალხი, რომელიც ყველა ხელისუფლებაში თავის ადგილს პოულობს, მაინცდამაინც სანდო არ არის. ამიტომ სურს შიგნით ჰყავდეს ვიღაც, ვინც პირადად მისი ერთგული იქნება და მისი კონტროლიდან არ გავა.

- როგორ ფიქრობთ, ხორავას საქმეზე დადგინდება სრული სიმართლე? თუ მას კალანდიას დაკავებით დაესმება წერტილი? - არა მგონია, ზაზა სარალიძე გაჩუმდეს. მან თქვა, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. შეუძლებელია გამწარებული მამა რამემ გააჩუმოს და უკან დაახევინოს. ხშირად მიფიქრია, ღმერთო, მიეცი ამ ადამიანს მოთმინება და შეძლება, რომ ბოროტების პირისპირ შიშველი ხელებით დადგეს-მეთქი. არასოდეს დამავიწყდება, პროკურატურის ჭიშკართან ასფალტს რომ ახლიდა თავს. მას უკან დასახევი გზა არა აქვს, არ გაჩერდება...

ახლა თურმე მაჩალიკაშვილზე გაიზარდა ზეწოლა და მუქარა. სულელებს ჰგონიათ, თუ ისინი ცალ-ცალკე აღმოჩნდებიან, იოლად დაამარცხებენ. თუ საზოგადოების პროტესტი, თავდადება იქნება, ვფიქრობ, ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს, ისევე როგორც ირინა ენუქიძემ დაახევინა ხელისუფლებას. დიდი უბედურება გვჭირს - ყველა დროში გვყავს თითო ირინა ენუქიძე, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი.

- თქვენი აზრით, ამ ყველაფრის შემდეგ როგორ მოიქცევა მირზა სუბელიანი? - ლოგიკური იქნება, აყვირდეს. ის ერთ თვეში გამოდის, თუ მანამ იქ რაიმე "ხიფათი" არ შეემთხვა და არ გაუგრძელდა პატიმრობა. ციხეში უკანონო საგნის ქონისთვისაც მძიმდება სასჯელი, ამიტომ არაფერია გამორიცხული.

ხორავას საქმის ობიექტურად გამოძიების ნება არც ადრე იყო და არც ახლაა, არის მხოლოდ შიში და საზოგადოებრივი აზრის წინაშე მცირე დროით კაპიტულაცია - ამას მოჰყვა კალანდიას დაკავება. გამიკვირდა კალანდიას ოჯახის განცხადება, ორი წელი არსად გავქცეულვართ და ახლა რატომ გავიქცეოდითო. იმდენად დარწმუნებული იყვნენ, რომ პასუხს არავინ მოსთხოვდათ, არავინ შეეხებოდა, იმხელა გარანტიები ჰქონდათ მიღებული, გაქცევაზე არც უფიქრიათ.

თეა წულუკიანი: "შოთაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ვინაწილებ, ის არ უნდა გადამდგარიყო!"

გასული წლის 31 მაისს ხორავას ქუჩის საქმის გამო, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი ყოფილ მთავარ პროკურორს გადაწყვეტილებას უწუნებდა: "მთავარი პროკურორის შერჩევაში 2015 წლიდან ვმონაწილეობ და ერთადერთი მთავარი პროკურორი, რომელიც რეალურად შევთავაზე მთავრობას და პარლამენტს, ეს იყო ირაკლი შოთაძე. მე მის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ვინაწილებ და ვფიქრობ, ის არ უნდა გადამდგარიყო. გამოძიებაში რა მტკიცებულებებიც არსებობდა, არავინ არავის ხელს არ აფარებდა. ეს თითიდან გამოწოვილი არგუმენტებია. მე მის საქმიანობას ყოველთვის ვხედავდი და მას ჩემი პირადი ნდობა ჰქონდა".