"არ უნდა მივიჩნ­იოთ, რომ პროკურატურა გონს მოვიდა, ეს იყო იძულები­თი ნაბიჯი" - კვირის პალიტრა

"არ უნდა მივიჩნ­იოთ, რომ პროკურატურა გონს მოვიდა, ეს იყო იძულები­თი ნაბიჯი"

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 ივნისს 17 წლის დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით ხორავას ქუჩის საქმის ე.წ. ოქროს მოწმე მიხეილ კალანდია დააკავეს და მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია: "პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ.კ.-ს მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა".

მირიან მეგრელიშვილი, პროკურორი:

- საქმეში დევს შემთხვევის ადგილზე მყოფი და ასევე იმ მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებსაც მ.კ. მკვლელობის ადგილიდან გამოსვლის შემდეგ შეხვდა. არსებობს ექსპერტიზის დასკვნები და კიდევ სხვა მტკიცებულებები... სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დანაშაული ჩაიდინა გ.ჯ.-მ დაუდგენელ პირთან ერთად. კვალიფიკაცია, რომ დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად, მ.კ.-სთვის ბრალის წარდგენის ერთ-ერთი საფუძველი გახდა. რაც შეეხება იარაღს, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ.კ.-მ ბასრი საგანი გამოიყენა. საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ კალანდიამ ჩაიდინა დანაშაული.

ჩვენ ზაზა სარალიძის უფლებადამცველს, ნესტან ლონდარიძეს ვესაუბრეთ:

- რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც მაღალჩინოსნებით დაწყებული, პროკურორ-გამომძიებლებით დამთავრებული, ყველა კალანდიას უდანაშაულობას ამტკიცებდა, რა გახდა დღეს მისი დევნის საფუძველი? - ახალი გარემოებები პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდგომ ეტაპზე გამოვლინდა. გამოყოფილ საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტები დაფიქსირდა, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები. სამწუხაროა, რომ პროკურატურა არ იზიარებდა ჩვენი და საგამოძიებო კომისიის პოზიციას. არადა, კომისიამ პირდაპირ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მათ კალანდიას დევნის დაწყებაზე მიუთითა. მაგალითად, არსებობდა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა კალანდიას ხელში გარკვეული საგნის არსებობაზე. როდესაც მოწმემ სასამართლო პროცესზე ამაზე ილაპარაკა, პროკურატურა თავისი კითხვებით ყველანაირად შეეცადა, სათუო გაეხადა ეს ფაქტი, ჯიუტად ცდილობდნენ, აპელაციაში პირვანდელი ბრალდება გაეტანათ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ პროკურატურას პირდაპირ მიუთითა მცდარ პოზიციაზე... არ უნდა მივიჩნიოთ, რომ პროკურატურამ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, გონს მოვიდა და თვალი აეხილა. ეს იყო იძულებითი სვლა, მას სხვა გზა არ დარჩენოდა. ჯერ პირველი ინსტანციის მართლაც გმირულმა ნაბიჯმა აიძულა ისინი, შემდეგ კი სააპელაციოს გადაწყვეტილებამ, რომ ეს იყო ჯგუფური დანაშაული დაუდგენელი პირის მონაწილეობით, პოზიცია გაამყარა. კალანდია, რომელიც "ოქროს მოწმედ" სახელდებოდა, ყველა ჩვენებაში სიცრუესა და ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს აფიქსირებდა და ვერ მოხდებოდა მათი გაზიარება. აშკარაა, საქმე გვაქვს სამოხელეო დანაშაულთან და ჩვენ ამ კუთხით ბრძოლას გავაგრძელებთ.

- რა პირდაპირი მტკიცებულებებია გამოყოფილ საქმეში? - საქმეში ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა და ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე არ შემიძლია საუბარი.

- კალანდიას ოჯახი ამბობს, რომ მ.კ. უდანაშაულოა და დანაც არ ჰქონია, რომ ის ჩვენებებს ზეწოლის შედეგად ცვლიდა. ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ მას ხელს აფარებდნენ. ეს როგორ გავიგოთ? - კალანდიების ეს განცხადება ძალზე მნიშვნელოვანი მგონია და აუცილებლად უნდა გახდეს შესწავლის საგანი. თუ მართლაც იყო ზეწოლა, უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან და დაასახელონ პირები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება გამოძიებისგან გარიგების მცდელობად მივიჩნიოთ. როცა ეს ადამიანი ასე ცვლიდა ჩვენებებს, შეიძლება მართლაც ვივარაუდოთ, რომ ზეწოლა იყო.

- თავის დროზე ზაზა სარალიძე ამბობდა, რომ დათუნას მკვლელობის საქმეში სამი პირის დანაშაული იკვეთებოდა... - ნუ გამოვრიცხავთ, რომ ბრალდებულების წრე გაფართოვდეს, განვითარებული მოვლენები ნამდვილად გვაძლევს ამის თქმის საშუალებას.

- ვინ იქნება შემდეგი? - ფაქტია, საქმე გვაქვს სამოხელეო დანაშაულთან და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებიც მონაწილეობდნენ მტკიცებულებების გაქრობა-გაყალბებასა და რეალური სურათის დამახინჯებაში. ეს არ არის საქმის დასასრული და ვიბრძოლებთ, რომ ხორავას საქმეზე რეალური შედეგი დადგეს.