"ჩემს ძმას დათოსთვის არაფერი დაურტყამს" - კვირის პალიტრა

"ჩემს ძმას დათოსთვის არაფერი დაურტყამს"

მიხეილ კალანდიას დაკავებას ოჯახის წევრები პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას უწოდებენ. კალანდიას მამის განცხადებით, საქმეში მისი შვილის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, მას წელიწად-ნახევრის წინ დააკავებდნენ. მიხეილ კალანდიას ძმა ხელისუფლებას და შსს-ს პოლიტიკურ თამაშებში ადანაშაულებს და საზოგადოებას გაუხსნელი კარტების გახსნას ჰპირდება.

ლუკა კალანდია, მიხეილ კალანდიას ძმა: - ჩემი ძმაც და ჩვენც უდანაშაულოები ვართ და არ გავჩერდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ამას სამართლიანი სასამართლოს პირობებში მივაღწევთ.

- ითქვა, რომ გამოძიებას აქვს პირდაპირი მტკიცებულებები, რაც თქვენი ძმის დევნის საფუძველი გახდა. თუ იცით, რომელ მტკიცებულებებზეა საუბარი? - არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მათ შორის, არც ნივთიერი. საქმეში ისევ ის მტკიცებულებებია, რაც იყო და რაც ჩემი ძმის დანაშაულის დასამტკიცებლად არასაკმარისი გახლდათ. როგორ აპირებენ ამ საქმის მოგებას, ვერ ვხვდები.

- დროებითმა კომისიამაც წარადგინა ვიდეომტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები... - არც დანა არსებობს, არც ტარი და არც სხვა მტკიცებულებები. ეს აბსურდია.

- როგორც ამბობენ, მტკიცებულებათა უმრავლესობა განადგურებულია. ვიდეო და აუდიოჩანაწერებსაც უარყოფთ? ლაპარაკია იმაზეც, რომ პროკურატურა თქვენს ძმას მფარველობდა... - ჩანაწერები ფიზიკურად არ არსებობს. რაც შეეხება მფარველობას, ჩემს ძმასა და ოჯახს თუ ვიღაც მფარველობდა, მაშინ ზეწოლის ფაქტებს რა ვუყოთ?! ამაზე ადრე ვისაუბრეთ და ახლა დაწვრილებით აღარ ვილაპარაკებთ, ასეთია ჩვენი სტრატეგია.

- ანუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ძმა უდანაშაულოა და მას სარალიძისთვის დანა არ დაურტყამს? - მიხეილს დათოსთვის არაფერი დაურტყამს, დარწმუნებული ვარ. არანაირ გარიგებაზე არ წავალთ, თუ შემოგვთავაზებენ, არაფერს ვაღიარებთ და სიმართლეს მაინც დავამტკიცებთ.

- რა რეაქცია ჰქონდა თქვენს ბიძას, მირზა სუბელიანს, როდესაც მიხეილის დაკავების ამბავი შეიტყო? - ჩვენ მასთან არ გვილაპარაკია, დეიდა თუ ელაპარაკა, არ ვიცი... ვიმეორებ, მირზა არავის მფარველობდა, ეს აბსურდია. არ მინდა დანარჩენზე საუბარი, ცოტა ხანში ამაზე ჩვენი იურისტები ილაპარაკებენ.