ვინ არიან პროკურორები, რომელთაც შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ - კვირის პალიტრა

ვინ არიან პროკურორები, რომელთაც შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ

"სიაში 10 პროკურორი და გამომძიებელია, რომელთა დასჯასაც ვითხოვთ!"

თავის დროზე, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნის პირველი ნაწილი, სადაც გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც სარალიძის მკვლელობაში აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას როლს ეხებოდა. კომისიამ მოიპოვა არაერთი ჩვენება, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ მიხეილ კალანდიამ ჩხუბში გამოიყენა გარკვეული საგანი, ტარი.

დასკვნაში ნათქვამია: "ეს საგანი 51-ე სკოლის წინ მ.კ.-მ აჩვენა თავის მეგობრებს; გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას; ჩხუბის შემდეგ მეგობრებს აჩვენა და აღნიშნა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს; საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც ფიქსირდება, თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მეგობრებს აღნიშნულ საგანს. მოცემული ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის შექმნამდე გამოძიებასა და პროკურატურას ეს მნიშვნელოვანი დეტალი არ დაუფიქსირებიათ".

მტკიცებულებების მოპოვებისთანავე კომისიამ გასცა შუალედური რეკომენდაცია, დაწყებულიყო მ.კ.-ს სისხლის სამართლის დევნა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით, თუმცა პროკურორებმა ეს მაღალი სტანდარტის მტკიცებულებებად არ მიიჩნიეს.

სერგი კაპანაძე, საგამოძიებო კომისიის წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი: - პროკურატურას არც ერთი ფაქტი არ გამოუკვლევია. გამოძიების არც ერთ ეტაპზე შსს-სა თუ პროკურატურას არ მოუპოვებიათ არც ერთი მტკიცებულება მ.კ.-სთან დაკავშირებით. ჩვენ დავადგინეთ, რომ მთელი რიგი მაღალჩინოსნები შეცდომას კი არ უშვებდნენ, ხელს აფარებდნენ კონკრეტულ ახალგაზრდებს, რომ მათი როლი არ გამოკვეთილიყო.

გამოვლინდნენ ჩხუბში მონაწილე პირები, მაგრამ არც დაინტერესდნენ მკვლელობაში იმ კონკრეტული პირის როლით, რომელსაც ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა. იცოდნენ, რომ მირზა სუბელიანი იყო მისული, მაგრამ არ დაინტერესდნენ, რომ დაეკითხათ.

პროკურატურა ამბობდა, რომ მ.კ. სარალიძეს ცარიელ ხელს ურტყამდა, კომისიამ კი დაადგინა, რომ მას ხელში კონკრეტული ნივთი ეკავა. მოწმეებიც ადასტურებდნენ, რომ ჩხუბში კალანდიამ იარაღი გამოიყენა. როდესაც პროკურატურას რეკომენდაციით მივმართეთ, დაწყებულიყო კალანდიას სისხლისსამართლებრივი დევნა, არ გაითვალისწინეს, რადგან პოლიტიკურად არ აწყობდათ. ახლა, როგორც ჩანს, სხვა ჭკუაზე არიან.

- დღეს რატომ შეიცვალეს აზრი? - ალბათ, იმიტომ, რომ მართლაც დიდხანს გაგრძელდა უსამართლობა და ძალიან მაღალი იყო საზოგადოების ინტერესი. ამას დაემატა სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომელმაც თეთრზე შავი არ თქვა. ასე რომ მოქცეულიყო, მაშინ სასამართლოს მოუწევდა თქმა, რომ ის პირია მკვლელი, რომლის დანაზეც გარდაცვლილის დნმ არ იყო და ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნებოდა.

თავის დროზე კალანდიას ბრალი იმიტომ არ წაუყენეს, რომ საქმე გაყალბდა და მასში ჩარეული იყო პროკურატურა, კერძოდ, მირზა სუბელიანი.

- ახლა სუბელიანის ფაქტორი აღარ მუშაობს? მისი შანტაჟი აღარ ჭრის? - კარგი კითხვაა და სიმართლე გითხრათ, არა მაქვს პასუხი. როგორც ვიცი, დიდი როლი ითამაშა ზაზამაც, კომისიის მუშაობამაც, საზოგადოებამაც, ამას დაემატა სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადასტურა კომისიისა და პირველი ინსტანციის დასკვნები.

- თუ საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები იყო და არ გაითვალისწინეს, ან თუ არ იყო და ახლა გამოჩნდა, ეს რაზე და ვის პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს? - აქ პირდაპირ იკვეთება სამოხელეო დანაშაული და ჩვენ გამოვაქვეყნეთ კიდეც დამნაშავეთა სია, რომელთა მიმართაც საქმის აღძვრას ვითხოვთ:

ზვიად ფხაკაძე (საქმის ზედამხედველი პროკურორი), კახა სირაძე (შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი), იოსებ სიგუა (შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი), შალვა ბედოიძე (შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი), გიორგი გაბოძე (მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე), მიხეილ შაყულაშვილი (მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და თბილისის ყოფილი პროკურორი), კონსტანტინე სირაძე (თბილისის პროკურორის მოადგილე), მალხაზ კაპანაძე (თბილისის პროკურორი), გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი), ირაკლი ფიფია (საქმის მწარმოებელი გამომძიებელი).

ისინი მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ კალანდიას ბრალეულობა არსად იკვეთებოდა.

- თავის დროზე თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი შოთაძეს, შეაქო კიდეც და ისიც თქვა, რომ მის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ინაწილებდა. ახლა, როცა შოთაძის უწყების ჩავარდნები გამოაშკარავდა, მანაც უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა? - მან მხარი დაუჭირა შოთაძეს მაშინ, როდესაც ყველა გარემოება მიუთითებდა, რომ ამ საქმეში შოთაძის როლი უარყოფითი იყო. ჩვენ წულუკიანი დავიბარეთ კომისიის სხდომაზე, რათა კიდევ ერთხელ მოგვესმინა, იმავე პოზიციაზე იყო თუ არა, და მან იგივე გაიმეორა. მე წულუკიანი ყველაზე უარეს მინისტრად მიმაჩნია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაცია არის უდავოდ რელევანტური და ის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გულისხმობს.

რატომ ცვლიდა კალანდია ჩვენებებს

მიხეილ კალანდია 2017 წლის 1-ლ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილეა. კალანდიამ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს ჩვენება არაერთხელ შეცვალა: პირველად თქვა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ჩხუბის დროს დანა არ ჰქონიათ, მომდევნო პროცესზე კი ჩვენების შეცვლა ბრალდებული მეგობრების დაცვის სურვილით ახსნა. კალანდიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, თუ ვის ეჭირა დანა და ვინ ურტყამდა სარალიძეს. მან ასევე თქვა, რომ თავად მოგვიანებით, რამდენიმე წამით შევიდა ფარდულში გასაშველებლად. კალანდიას საბოლოო სცენარი ემთხვევა პროკურატურის ვერსიას.

2018 წლის ივნისში შსს-მ დააკავა მერაბ მორჩაძე, რომელიც ბრალდებულ გ.ჯ.-ს ნათესავია. უწყება მას მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავებოდა. მორჩაძემ ბრალი აღიარა.

შსს-ში აცხადებდნენ, რომ მორჩაძემ სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით გავლენა მოახდინა დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიაზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს, ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მათივე თქმით, მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებ კალანდიებს ბრალდებულ გ.ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით და მათ განსაზღვრული თანხა გადასცა.

სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანი, რომელიც იმ დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.