"დედამისს უთქვამს, რადგან გიპოვე, მშვიდად მოვკვდებიო" - დღემდე ბურუსით მოცულია 24 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ისტორია
19-06-2019
"დედამისს უთქვამს, რადგან გიპოვე, მშვიდად მოვკვდებიო" - დღემდე ბურუსით მოცულია 24 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ისტორია
"ეჭვი გვაქვს, რომ თბილისიდან ის ოტობაიაში აღმოჩნდა ვიღაცასთან შეფარებული. მერე გაირკვა, რომ იმ ოჯახში მოუკლავთ ქალი წამებით. ამის მერე შეექმნა დათას მეხსიერების პრობლემა, იმათ, როგორც ოჯახის წევრებს, ისე გლოვობდა..."

გასულ კვირას სოციალური ქსელით გავრცელებულმა ამაღელვებელმა ვიდეომ, სადაც 24 წლის წინ დაკარგული შვილის, 38 წლის დავით ბებიაშვილისა და დედის შეხვედრაა ასახული, მთელი საქართველო აალაპარაკა. გახოკიძეების ოჯახი მარტვილის რაიონის სოფელ ნაგებერაოში ცხოვრობს. დედას, მავლინა გაგუას, შვილის დანახვაზე მუხლები მოეკვეთა. დათო დედასთან შეხვედრის
შემდეგ ისევ თერჯოლაში, თავის სოფელში დაბრუნდა და იქ გამზრდელ მშობლებთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობს. ახლა ოჯახის პოვნით გამოწვეულ დიდ სიხარულს კიდევ ერთი სიხარული დაემატება, ის მესამე შვილის მოლოდინშია. ბევრჯერ ვცადე დავკავშირებოდი დავით ბებიაშვილს, მაგრამ მან არც წერილებს და არც ჩემს ზარს არ უპასუხა. არადა,
ყველაზე მეტად სწორედ მას შეუძლია გასცეს კითხვებს პასუხი.

დათა გახოკიძე წლებია დავით ბებიაშვილის სახელითა და გვარით ცხოვრობს. დღემდე ბურუსით მოცულია მისი გაუჩინარების დეტალები და ისიც, თუ ოჯახი მას ოფიციალურად ეძებდა, რატომ გაუჭირდათ სამართალდამცავებს მისი ადგილსამყოფლის დადგენა, მით უფრო, რომ მშვილებელ ოჯახს პოლიციაშიც კი ჰქონია გაცხადებული, ბიჭი რომ იპოვეს.

საყურადღებოა ერთი გარემოება, ბიჭი გაუჩინარებიდან რამდენიმე თვეში თერჯოლაში იშვილეს. ჩვეულებრივ სოფლის სკოლაში დადიოდა და ყველამ იცოდა, ქუჩაში ნაპოვნ ბიჭს უშვილო ოჯახი რომ ზრდიდა. თავად დათა ახლობლებთან ამბობს, რომ ბავშვობიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი ახსოვს. ვერც სოფელი, სადაც დაიბადა და გაიზარდა, მის მეხსიერებას მხოლოდ დედის და დის სახელები შემორჩა.
გახოკიძეებს 5 ბავშვი ჰყავდათ, დათა ყველაზე უმცროსი იყო. 1995 წლის ზაფხუ­ლში დათა სოფლიდან თბილისში დეიდ­ასთ­ან წავიდა, მას შემდეგ კვალი იკარგება.

წლების წინ დათა ბათუმში ავტობუსის მძღოლმა იპოვა. მისმა შვილმა, სოფო ბუცხრიკიძემ­ ამ ამბის დეტალები გვიამბო:
- მამაჩემი ავტობუსის მძღოლია, მან ბათუმში იპოვა დათო. უთქვამს, 8 წლის დათო გახოკია ვარო, არადა, 12 წლის დათა გახოკიძე ყოფილა.

- მამათქვენი სად შეხვდა?
- თურმე ბიჭი დოლზე უკრავდა და მათხოვრობდა. რომ მოსაღამოებულა, მამაჩემთან მისულა და უთქვამს, ბიძია, ღამე გამათევინეო. მამას წაუყვანია, დაუბანია, უჭმევია და ავტობუსში დაუძინებია. მამაჩემი იხსენებდა, მთელი ღამე ძილში ბორგავდა, ვიღაცებს ებრძოდა და ეხვეწებოდა, არ მომკლათო. ბიჭს უთქვამს, გალიდან, სოფელ ოტობაიიდან ვარ, აფხაზებმა დედაჩემი და ჩემი და აწამეს, ორივე ჩემ თვალწინ დახოცეს, მეტი არავინ მყავსო. მამას ჯერ პოლიციაში მიუყვანია და განცხადება დაუწერია, მერე კი სახლში წამოიყვანა. ასე აღმოჩნდა ჩვენთან ტყიბულში. მაშინ დედაჩემი ახალი გამოწერილი იყო სამშობიაროდან, ჩემს პატარა ძმაზე იმშობიარა. ჩემს ძმასაც დათო ერქვა და მასაც. ოჯახს არ გვიჭირდა. ერთად ვიზრდებოდით, ის ჩვენი ძმაა.

- რამდენ ხანში გაშვილდა?
- მამამ აგვისტოს დასაწყისში იპოვა. ერთხანს ჩვენთან ცხოვრობდა. მერე თერჯოლაში ახლობლის ნათესავის ოჯახმა იშვილა, ძალიან კარგმა ხალხმა. დათაზე ააგეს­ თავიანთი ცხოვრება. დათა სპორტს მიჰყვებოდა, საქართველოს ჩემპიონიც არის. ჩვენს ოჯახთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია, მამაჩემი დათოს ნათლიაა.

ყოველ ზაფხულს ერთად ვიყავით. მისმა მშვილებლებმა მაშინვე მიმართეს პოლიციას... მოსიყვარულე, აქტიური და უნიჭიერესი ბიჭია. მას მზრუნველობა და სიყვარული არ დაჰკლებია.

ეჭვი გვაქვს, რომ თბილისიდან ის ოტობაიაში აღმოჩნდა, იქ იყო ვიღაცასთან შეფარებული. მერე გაირკვა, რომ იმ ოჯახში მოუკლავთ ქალი წამებით. ამის მერე შეექმნა დათას მეხსიერების პრობლემა, ეტყობა­, დიდი სტრესის გამო. იმათ, როგორც ოჯახის წევრებს, ისე გლოვობდა.

- დათო გაშვილებას ადვილად დაეთანხმა?
- მამამ დათოს ჰკითხა, გინდა მათთანო, იმან კი უპასუხა, სულ მინდოდა სოფელში მეცხოვრაო.

- ხომ არ იცით, როგორ იპოვა ოჯახი?
- გაუგებრობა მოხდა და დათო ციხეში აღმოჩნდა. თვე-ნახევარი იჯდა, მერე გამოუშვეს. იქ შეხვდა ბიჭს, რომელიც დედამისის ნათლული აღმოჩნდა. იმ ბიჭმა მიამსგავსა დათოს ძმას და უკითხავს, სადაური­ ხარო. მას მოუყოლია, დედაჩემს მავლინა ერქვა და ჩემს დას მაია, ოტობაიელი ვარო. იმ ბიჭს უთქვამს, შენ დათა ხარ, პატარაობაში სულ ერთად ვიყავით, ერთხელ ქილაზე ხელი გაიჭერი, ჩემი ხელით შეგიხვიე და მას შემდეგ დაგრჩა იარა, რომელიც "კ" ასოს ჰგავდაო. დათას მართლაც აქვს ხელზე ნაიარევი.

- ეძებდა ოჯახს?
- სულ, ყველაფერს ეჭიდებოდა. გამოჩნდებოდა ვიღაც, მაგრამ არ ემთხვეოდა­ და ბრუნდებოდა იმედგაცრუებული.
ციხიდან რომ გამოვიდა, სოციალური ქსელით მისწერა თავის ნათესავს, დაელაპარაკა თავის დასაც და იმ გოგომ მაშინვე იცნო, შენ დათა ხარო. ზღაპარში ჰგონია თავი, ძალიან ბედნიერია.

- გამზრდელების რეაქცია როგორი იყო?
- გამზრდელები უკეთილშობილესი ხალხია. დათას უთქვამს, თქვენ არასდროს დაგკარგავთო. თურმე დათა 38 წლის ყოფილა, ჩვენ კი 4 წლით პატარა გვეგონა.



- რატომ ამბობდა, რომ გალიდან იყო?
- რაღაც დიდი შოკი ჰქონდა მიღებული და მეხსიერება დაეკარგა. დედამისს უთქვამს, რადგან გიპოვე, მშვიდად მოვკვდებიო. სოფელში მეორე დიდი სახლი ჰქონიათ, დათა რომ ვერ იპოვეს, მამამისს დაუწვავს, დათა არა მყავს და რად მინდაო.

დათას თანაკლასელია მარტვილის რაიონის ნაჯახაო-ნაგებერაოს თემის რწმუნებული ირაკლი დანელია. მას კარგად ახსოვს მეგობრის დაკარგვის დღეები.
ირაკლი დანელია: - დათა და მე მეხუთე კლასამდე ერთად ვსწავლობდით. ამდენი წლის შემდეგაც, მისი თვალებიდან ისევ ისეთი სითბო და სიყვარული გადმოდის. 1995 წელი იყო, არეულობისა და გაჭირვების წლები. მეექვსე კლასში გადავედით, ზაფხული იყო, რომ დაიკარგა. ამბობდნენ, მტკვარში იყვნენ ბიჭები საბანაოდ შესულები და წყალმა წაიღოო. მის კვალს მაშინ ვერსად მიაგნეს.

- ამბობენ, თითქოს მოიტაცეს.
- ჯერ არ მოგვეცა დათასთან საუბრის საშუალება. იმდენად ღელავდა, ლაპარაკი არ შეეძლო. დაბრუნდება სოფელში და მოგვიყვება, რაც ახსოვს, რაც თავს გადახდა. რაღაც სერიოზული რომ მოხდა, აშკარაა. არ ახსოვს ჩვენთან გატარებული წლები.

დედამისს მთელი ცხოვრება იმედი ჰქონდა, რომ იპოვიდა, სულ ამბობდა, გული მიგრძნობს, არ იქნება ჩემი შვილი მკვდარიო. მისი ამხანაგები მივდიოდით დედამისის სანახავად, მოვიკითხავდით, ვაიმედებდით.

იმ დღეს მარტო ჩამოვიდა სოფელში, ცოლ-შვილის გარეშე, მხოლოდ ერთი მეგობარი ახლდა. მთელი სოფელი შევიკრიბეთ. გაოგნებულები და გახარებულები ვიყავით. დედმამიშვილების გვერდით რომ დადგა, ვერ გავარჩიეთ, ისე ჰგვანან ერთმანეთს, დნმ-ის ანალიზის ჩატარებაც კი არ სჭირდება. ისე ღელავდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ვერც ერთი ამხანაგი ვერ გაგვიხსენა. ჩვენ ვუყვებოდით ბავშვობიდან რაღაცებს, მაგრამ არაფერი ახსოვს. რომ დაგვემშვიდობა, დაიბარა, ცოტა დრო მომეცით და მერე ყველაფერს ვიტყვიო.

ნანა
20 ივნისი 2019 11:29
ვინც 12 წლის ბიჭი წაიყვანა, იმედია იმის კოორდინატები გაქვთ და უნდა დაკითხოთ....
დათო
20 ივნისი 2019 10:22
კაცო რავა თუ 6-ე კლასამდე მშობლებთან იყო რავა დაიკარგა თბილისში.
zaali
20 ივნისი 2019 08:25
გიოგიო 1995 წელს რომ დაიკარგა და კვალი გაქრა კიდევ ბიძინა-მიშას ბრალია???

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?