"მსხვერპლს კლავდა და მერე გლოვობდა, უხდიდა ორმოცს, რომ ეჭვი არავის აეღო" - ქართველი სერიული მკვლელი ქალი - კვირის პალიტრა

"მსხვერპლს კლავდა და მერე გლოვობდა, უხდიდა ორმოცს, რომ ეჭვი არავის აეღო" - ქართველი სერიული მკვლელი ქალი

ქართველ სერიულ მკვლელ ქალს 2009 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 55 წლის ქალის დაკავების შემდეგ სამართალდამცავმა უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ეჭვმიტანილი მარტოხელა ადამიანების ნდობის მოპოვებას ცდილობდა, შემდეგ სამიზნეს კლავდა და მის კუთვნილ ბინას იფორმებდა. ბრალდებულმა სამი მკვლელობა აღიარა, მაგრამ სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ქალს სხვა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი.

"ხელი ვკარი და ჩავაგდე, მატარებელმა გადაუარა"

ბრალდებულმა პირველი მკვლელობა 1984 წელს ჩაიდინა, როცა მეუღლე რუსეთის ტერიტორიაზე მატარებლიდან გადააგდო. ამ დანაშაულისთვის არ დასჯილა, ვინაიდან მისი აღიარების გარდა, საქმეში სხვა მტკიცებულება არ არსებობდა.

ამონარიდი ჩვენებიდან: "მესამე მასივში ჩემს კანონიერ ქმართან ერთად ვცხოვრობდი. 1984 წლის 22 აპრილს მე და იური მოსკოვში მატარებლით მივდიოდით. რუსეთის ტერიტორიაზე ვართ, მატარებელი ტაგანროგიდან გავიდა და როსტოვამდე სამი საათი არსად ჩერდება... გავედი და მეზობელი ვაგონის გასასვლელი გარედან კლიტეთი გადავკეტე. მერე იურის დავუძახე, მოდი, გინახავს, აქ როგორ მიდის მატარებელი-მეთქი. მოვიდა, ხელი ვკარი და ჩავაგდე. საქართველოში რომ ჩამოვედი, მასზე ძებნა გამოვაცხადე, არ ბრუნდება და რაშია საქმე-მეთქი. მშვიდად ვცხოვრობდი მის ბინაში, რომელიც ბოლოს 4.000 დოლარად გავყიდე".

ქალის დასახიჩრებული ცხედარი მდინარემ გამორიყა...

მკვლელის შემდეგი მსხვერპლი 79 წლის მარტოხელა ქალი, მ.ა. აღმოჩნდა. მოხუცთან ვ.ო. ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, რომელსაც უვლიდა. ორი თვის შემდეგ მომვლელმა მოხუცი მოკლა და მისი ბინა 20.000 დოლარად გაყიდა. ქალის დასახიჩრებული ცხედარი მდინარემ გამორიყა. მაშინ მოკლულის ვინაობა ვერ დაადგინეს და როგორც უპატრონო, ისე დაკრძალეს.

"ხელკეტი მთელი ძალით ორჯერ ჩავარტყი თავში"

მკვლელი ქალის მესამე სამიზნე მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ა.კ. იყო. მას შემდეგ, რაც ქალმა მეუღლე მოკლა, ქმრის ბინის თანხა - 50.000 დოლარი მიითვისა.

ამონარიდი ჩვენებიდან:

"ანატოლი კ. 2008 წლის ზამთარში ქუჩაში შემხვდა და მითხრა, ბინა მინდა გავყიდო, საბურთალოზეა, მეტ ფასს გადამიხდიან, ბინას შევიცვლი და ფულიც დამრჩება, იქნებ მომეხმაროო. ვაჟაზე სამოთახიანი ბინა 50.000 დოლარად გავყიდეთ. ანატოლი მეთევზე იყო და წყალი ძალიან ევასებოდა. წავედით და თან პოლის ჯოხის ტარი ავიღე, ძაღლებმა არ დაგვგლიჯონ-მეთქი. ერთად მივდივართ და ეს კაცი ატყდა, რაღაცას მეჯიჯღინება, მომიშალა ნერვები. უცებ თავში გამიელვა, ახლა ამას ხომ არ ვუტირო დედა-მეთქი და ხელკეტი და მთელი ძალით ორჯერ ჩავარტყი თავში. ის ზედ დამეყუდა, ეტყობა, დაბორიალდა. რაღაც არაბუნებრივი ძალა შემემატა. ანატოლი სუსტი ბიჭი იყო, ხმა არ ამოუღია, ალბათ, გონება დაკარგა. მოვიკრიფე ძალა, ავწიე ფეხებით და ხიდიდან წყალში გადავუშვი. რომ გადავიხედე, მომეჩვენა, რომ მიცურავდა. გავიფიქრე, ხომ არ ამოვიყვანო-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, არა, მოგიკვდა პატრონი-მეთქი".

პროკურატურამ ვ.ო.-ს მხოლოდ ანატოლი კ.-ს მკვლელობისთვის წაუყენა ბრალი, ვინაიდან დანარჩენებზე მტკიცებულების მოპოვება და მხოლოდ აღიარებითი ჩვენებით ბრალის დამტკიცება ვერ მოხერხდა.

"მითხრა, რაც ის კაცი მატარებლიდან გადავაგდე, მაშინ გავუგე გემო მკვლელობასო"

სამართალდამცველი, რომელიც სერიული მკვლელის საქმეზე მუშაობდა, გვიყვება:

- ხანდაზმულ კაცს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული და არსებობდა ეჭვი, რომ საქმე მკვლელობასთან გვქონდა. გარდაცვლილს ჰყავდა ცოლი, რომლის საქმის შესწავლის შემდგომ ეჭვი მასზე მივიტანეთ. თავდაპირველად დანაშაულს არ აღიარებდა, თუმცა დაკითხვისას გატყდა, რომ არჩევდა 70-დან 80 წლამდე ასაკის დაუძლურებულ მამაკაცებს, ერთი ან ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ხოცავდა და მათ ბინებს ყიდდა...

კომუნისტების დროს მატარებლის გამყოლად მუშაობდა, მერე საქართველოში მცხოვრებ რუსს მისთხოვდა. იმ კაცს უთქვამს, ჩემთან, როსტოვში წავიდეთ და იქ ვიცხოვროთო. როგორც კი საქართველოს საზღვარს გასცდნენ, ქალმა ქმარი გაქანებული მატარებლიდან გადააგდო. იმ კაცის ბინა თბილისში ცოლს დარჩა. კარგად მახსოვს, მითხრა, რაც ის კაცი მატარებლიდან გადავაგდე, მაშინ გავუგე გემო მკვლელობას, ამის მერე მივყევი და მივყევიო.

ქალმა საქართველოში სამი კაცის მკვლელობა აღიარა. მესამე დაუმტკიცდა, დანარჩენები - ვერა. გვამების ექსჰუმაციას ახლობლები არც გაგვაკეთებინებდნენ, თანაც ზოგი 20-30 წლის გარდაცვლილი იყო.

ბოლო მსხვერპლს ისე ძლიერად ჰქონდა თავში ბლაგვი საგანი ჩარტყმული, რომ ექსპერტი დაეჭვდა, ქალი ამას როგორ შეძლებდაო. არადა, მკვლელი დაბალი, ჯმუხი და ჯანიანი ქალი იყო, მამაკაცური ძალა ჰქონდა, დაკითხვისას კარგად დავაკვირდი, მამაკაცური, უხეში და ძლიერი ხელები ჰქონდა. ქალი კლავდა და მერე გლოვობდა, უხდიდა ორმოცს, რომ ეჭვი არავის აეღო. შვილი ჰყავდა, მას თან ჰყვებოდა, ბინა და მანქანა უყიდა. ვკითხე, რომელიმე ქმარი თუ გიყვარდა-მეთქი? არაო, მიპასუხა, მათთან არც მქონდა კონტაქტი, ასაკიანი კაცები იყვნენო.

სამი მკვლელობა აღიარა, დანარჩენებზე არ მოგიყვებითო. მსხვერპლს ჯერ ხელით გუდავდა, თუ დარწმუნდებოდა, მკვდარი იყო, მეზობლებს შეყრიდა და უბედური ქვრივის როლს თამაშობდა. ეს იყო ერთადერთი ქართველი სერიული მკვლელი ქალი, რომელიც არა მარტო ქონებრივ გამორჩენაზე ფიქრობდა, მისთვის მკვლელობები ცხოვრების სტილი იყო და ეს პროცესი დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა.

P.S. დროთა განმავლობაში სერიულ მკვლელ ქალს განზრახ მკვლელობისთვის ამნისტია შეეხო და სასჯელი გაუნახევრდა.