"დედისთვის უთქვამს, რამე რომ დამემართოს, ინერვიულებო?" - კვირის პალიტრა

"დედისთვის უთქვამს, რამე რომ დამემართოს, ინერვიულებო?"

ვინ ემუქრებოდა 14 წლის მოზარდს?

ერთ კვირაზე მეტია 14 წლის გოგონა სიკვდილს ებრძვის. მას თავის ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, გულის მუშაობაც აღდგა და ამჟამად მართვით სუნთქვაზეა.

9 ივნისის დილას გოგონა დედამ გააღვიძა. ის საწოლზე წამოჯდა და უცებ გონება დაკარგა. დედამ პირიდან გადმოსული ქაფი რომ დაინახა, შველა ითხოვა. მეზობელმა "სასწრაფო" გამოიძახა და ექიმებმა ელექტროშოკით ბავშვს გული აუმუშავეს.

კლინიკაში გაირკვა, რომ გოგონა გაურკვეველი ნივთიერებით არის მოწამლული. სახლიდან ამოღებულია ბავშვის მობილური და კომპიუტერი, ასევე ბიოლოგიური მასალის სინჯები. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, რა ნივთიერებით მოიწამლა გოგონა.

"ამბობენ, ისეთი წამალია გაკეთებული, სისხლში კვალს არ ტოვებს"

ინეზა ბურდული, გოგონას დეიდა: "ერთადერთი შვილი ჰყავს ჩემს დას, წვალებით გაზარდა. წლის და 8 თვის იყო, მშობლები რომ დაშორდნენ ერთმანეთს. მერე მეორე ოჯახი შექმნა. ნათიას მამინაცვალი ძალიან ანებივრებდა, ცივ ნიავს არ აკარებდა. ჩემი სიძე მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა და ამას ბავშვი იმდენად განიცდიდა, ჩემმა დამ ნევროპათოლოგთანაც მიიყვანა.

ბოლო დროს სკოლაშიც შეამჩნიეს, რომ სულ მერხზე ედო თავი, მოთენთილი ყოფილა. ორი კვირით ადრე ვკითხე, შეყვარებული ხომ არა ხარ-მეთქი, ამისთვის არ მცალია, უნდა ვისწავლოო.

საავადმყოფოს ექიმმა მარჯვენა ხელზე ორი ნაჩხვლეტი აღმოაჩინა. როგორც ამბობენ, ისეთი წამალია გაკეთებული, სისხლში კვალს არ ტოვებს. ტვინს დიდხანს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა და თავში შეექმნა პრობლემები, ამიტომ ურთულესი ოპერაციის ჩატარებაზე დავთანხმდით.

- მეზობელმა გოგონა დილით ტელეფონით ხელში ეზოში ნახა, ის ვინმეს შეხვდა?

- იმ დილით ტელეფონზე დანარეკი არ არის, მაგრამ თუ ვაიბერით ან ვოცაპით ესაუბრა ვინმეს, ამის გარკვევა უჭირს პოლიციას... ფაქტია, იმ დილით ეზოში ტელეფონით იდგა.

დედა-შვილს ერთ ოთახში ეძინა. დილით ეკლესიაში აპირებდნენ წასვლას, გაუღვიძებია ჩემს დას, მაგრამ ვერ ამდგარა ბავშვი და ძილი გააგრძელეს. ამის შემდეგ გასულა ეზოში. მეზობელი ამბობს, ხელში ტელეფონი ჰქონდაო. როგორც ჩანს, სახლში შებრუნებულს ტანსაცმელი გაუხდია, პიჟამა ჩაუცვამს და ჩაეძინა. 10 საათისთვის ისევ რომ გააღვიძა ჩემმა დამ, ბავშვი კი წამოდგა, მაგრამ იქვე ჩაიკეცა. გალურჯებულს დუჟი სდიოდა პირიდან.

ვერაფრით აგვიხსნია ბავშვის ხელზე ნაჩხვლეტები, ნანემსარს ჰგავს, გარშემო მრავალი წერტილი ისახება. ვერც წამლის ფლაკონი ვიპოვეთ, არ ვიცით, რამე გაუკეთეს თუ თვითონ გაიკეთა.

მშიშარა ბავშვია, მიმნდობი, ალბათ, ჩაერთო თამაშში და დააშინეს. ამ ტრაგედიიდან მეორე დღეს ჩემი დის "ფეისბუკი" გატეხა ვიღაცამ და დადო ტექსტი, ვითომ ჩემი და წერს, გამოჯანმრთელებას გისურვებო და იქვე დადო "ლურჯი ვეშაპის" თამაშის ლინკი. მაშინვე ვაცნობეთ პოლიციას, ტელეფონიც გადასცა და უნდა გაარკვიონ, ვინ დადო.

- დედას როდის უთხრა ბავშვმა, რომ ფსიქოლოგი სჭირდებოდა? - პარასკევს უთქვამს, ფსიქოლოგთან წამიყვანეო, შაბათ-კვირა დაემთხვა და ორშაბათს უნდა წაეყვანა, მაგრამ მანამდე ეს საშინელება დატრიალდა.

- როგორც შევიტყვეთ, მისი ბიოლოგიური მამა ახლახან გამოჩნდა. ამბობენ, მასთან შეხვედრას გაურბოდაო. ეს ხომ არ იქნებოდა მისი გაღიზიანების მიზეზი? - 10 წელზე მეტია მამას არ უნახავს. მამინაცვალი იყო მისთვის ყველაფერი. მგონი, მამასთან კონტაქტი უნდოდა, დედისთვის უთქვამს, ნეტავ კინოში წამიყვანოსო. 27 მაისს დაბადების დღე ჰქონდა და რომ ვკითხე, მოგილოცა-მეთქი, მითხრა, მხოლოდ მესიჯი მომწერა და მე არ მიპასუხიაო.

ბოლო ორი დღე ფანჯრებსა და კარს კეტავდა. ძალიან მეგობრული დედა-შვილი არიან, მაგრამ არაფერი მოუყოლია. რამდენიმე დღით ადრე უკითხავს, დედა გიყვარვარო? რამე რომ დამემართოს, ინერვიულებო? დედამისმა ერთხელ შენიშნა, რომ რაღაცას თამაშობდა და მისი დანახვისთანავე გათიშა, თუმცა ბავშვი რაიმე სახიფათო თამაშს კატეგორიულად უარყოფდა. გარდა ამისა, ამ ბოლო პერიოდში ბავშვს ორჯერ დაეჯახა მანქანა, რაც დიდ ეჭვს ბადებს, რომ ეს შემთხვევითი არ იყო. ძალიან ბევრი რაღაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.

"ბოლო დროს სულ მოთენთილი იყო"

დალი ბუჩუკური, კლასის დამრიგებელი: - ბავშვს არც სწავლაში დასტყობია რამე და არც ქცევაში. კლასელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ბოლო დროს სულ მოთენთილი იყო, დადებდა მერხზე თავს და რომ ვკითხავდი, ცუდად ხომ არა ხარ-მეთქი, სიყვარულით სავსე თვალებით ამომხედავდა.

დედამისმა მითხრა, ჰემოგლობინი აქვს დაბალიო. სკოლაში მობილური ხელში არ სჭერია, რომ შემემჩნია, თამაშობდა თუ არა. ბავშვებთან შეთანხმებული ვართ, ყოველ დილით უჯრაში ვკეტავთ ტელეფონებს და 6 გაკვეთილის მერე ვაძლევთ.

- ბიოლოგიური მამის გამოჩენამ ხომ არ შეცვალა გოგონა? - ის მამინაცვალმა გაზარდა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელიც ძალიან უყვარდა. შარშან გარდაიცვალა და ამას განიცდიდა. ბიოლოგიური მამა 10 წლის მერე გამოჩნდა.

დედამ დამირეკა და მითხრა, თუ მოვიდეს სკოლაში, არ შეახვედროთ, ნერვიულობს, ამბობს, ჩემი მამა ის არის, რომელიც გარდაიცვალაო. კლასელებისთვის უკითხავს, მე რომ რამე მომივიდეს, იტირებთო?

ბავშვებმა თქვეს, სერიოზულად არ ჩაგვითვლია ეს ნათქვამი, მაშინვე გავაჩუმეთო.

P.S. გოგონას დეიდის თქმით, იმ სკოლაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, მანამდე ორმა ბავშვმა სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ ისინი გადაარჩინეს და ეს ფაქტები არ გახმაურებულა. სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ მსგავსი რამ არ გაუგია.

" ლურჯი ვეშაპი" უკვე ძალიან დიდი საფრთხეა"

თინათინ ყირიმლიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ინტერნეტის" აღმასრულებელი დირექტორი: - ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია იმ ოჯახებთან, რომლებსაც მსგავსი პრობლემა შეექმნათ. შარშან შს სამინისტროს ვთხოვეთ, მოეწოდებინა სტატისტიკა, თუ რამდენი ბავშვია ამ თამაშის მსხვერპლი, მაგრამ სტატისტიკას არ აწარმოებენ. ამ დრომდე რამდენიმე საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის. შარშან ამ თამაშს 10 ფაქტი დაუკავშირეს. საბედნიეროდ, რამდენიმე ბავშვი გადარჩა.

ბევრჯერ უთქვამთ დაზარალებულ მშობლებს, ისე არ იძიებენ საქმეს, როგორც საჭიროაო. ყოფილა შემთხვევა, არც შეუსწავლიათ ამოღებული მობილურები, ისე დაუბრუნეს ოჯახებს და დახურეს საქმე. ბევრის ლეპტოპი ახლაც მათთან ინახება, ვერა და ვერ დაასრულეს გამოკვლევა. მშობლებს გამოძიების იმედი აღარ აქვთ.

მათ ჩვენი ფსიქოლოგები ეხმარებიან, რჩევებს აძლევენ, მაგრამ ეს ისეთი სერიოზული პრობლემაა, სახელმწიფოს ჩარევაც სჭირდება. ჩვენი ორგანიზაცია ტრენინგებს ატარებს სკოლებში, ვესაუბრებით მშობლებს, ბავშვებს, რომ იცოდნენ, როგორ დაიცვან თავი, რომ არ შეიძლება მეგობრებში უცხო ადამიანების დამატება.

რუსეთში ადმინისტრატორი დაიჭირეს და მან თქვა, მიზანი ის იყო, სუსტი ნებისყოფის ბავშვებისგან გამეწმინდა მსოფლიოო. არის ეჭვი, რომ ხდება ფსონების დადებაც, თუ რამდენად შეძლებენ ბავშვის თუნდაც თვითმკვლელობამდე მიყვანას. სოციალური ქსელების გაკონტროლება ძნელია, მაგრამ ხელისუფლებას რომ უნდოდეს, გამოსავალს აუცილებლად იპოვის.

"ლურჯი ვეშაპი" მთელ მსოფლიოს მოედო. ზოგჯერ მიმოწერა ქართულადაც არის, ამას ქართველი ადმინისტრატორები აკეთებენ. თავიდან რამდენიმე თვე უბრალო თემებზე ელაპარაკებიან ბავშვებს, თამაშში თვეების შემდეგ რთავენ, ძირითადად, 13-14 წლის მოზარდებს, რადგან ამ ასაკისას უფრო ერევიან. ვინც იყო მსხვერპლი, მათ უნდა უამბონ საზოგადოებას, რაც თავს გადახდათ, რომ სხვები არ გაებან მახეში. თუ თვითმკვლელობამდე არ მივიდა საქმე, სხვა ამბავს საზოგადოება ვერც იგებს.

ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას ვერავინ ვერაფერს დაუშავებს, მას ემუქრება კომპიუტერის მიღმა პირი, რომელსაც მასთან მოსვლა არ შეუძლია, მხოლოდ დაშინებით აღწევს მიზანს. "ლურჯი ვეშაპი" უკვე ძალიან დიდი საფრთხეა. მშობლები უნდა ჩაერიონ შვილების ცხოვრებაში, უნდა იცოდნენ, რას აკეთებს მათი შვილი, რა თამაშს თამაშობს, ვის ეკონტაქტება. ინტერნეტის შეზღუდვა არ არის გამოსავალი. ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ შვილების მეგობრებთანაც. კარგი იქნება, მშობლებმაც იმავე თამაშის რეგისტრაცია გაიარონ, ითამაშონ და ნახონ, რა ტიპის ადამიანებთან აქვთ მათ შვილებს კონტაქტი. "ლურჯი ვეშაპის" მსგავსი თამაში ბევრია და ამ საფრთხესთან ბრძოლაა საჭირო.