ძალადობდა თუ არა მამინაცვალი 5 წლის ლუკაზე - კვირის პალიტრა

ძალადობდა თუ არა მამინაცვალი 5 წლის ლუკაზე

"მტკიცებულებად საქმეში ჩანაწერი და რკინა დევს"

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი, არკადი ძავაშვილი 20 მაისს დააკავეს... შეგახსენებთ, რომ ნინო ზალინაშვილი ერთი თვის ასაკიდან მინდობით აღზრდის პროგრამით იზრდებოდა და ბიოლოგიურ დედასთან, ლელა ქსოვრელთან, ხუთი თვის დაბრუნებული იყო. გოგონას დაღუპვამდე ორი კვირით ადრე, ბავშვი არაერთი დაზიანებით მოხვდა იაშვილის კლინიკაში. მაშინ ლელა ქსოვრელის სახელზე შემაკავებელი ორდერი გაიცა, რისი დარღვევისთვისაც ნინოს გარდაცვალების შემდგომ ქალი დააკავეს. მას ბრალი სხვა მუხლითაც წაუყენეს - პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას დედამ თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიაყენა, რის გამოც ბავშვი გარდაიცვალა...

43 წლის ლელა ქსოვრელი 8 კვმ ოთახში ქმართან, არკადი ძავაშვილთან, დედამთილსა და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. საკუთარი სამი შვილის გარდა (უფროს გოგონას დედამისი ზრდის), ლელას არკადი ძავაშვილთან საერთო შვილი, წლინახევრის გოგონა ჰყავს...

ლელა ქსოვრელის დაკავების შემდგომ მისი ბრალდების საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიება დაიწყო გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლ. ქ.-ის სხეულზე არსებული დაზიანებების გამო. თავის დროზე, არკადი ძავაშვილი "კვირის პალიტრასთან" ლუკას სხეულზე დაზიანებებს ასე ხსნიდა: "ბიჭი სახურავზე ადიოდა, ვუშლიდი, არ ახვიდე, დენია, დაგარტყამს და მოკვდები-მეთქი. ხან იქიდან ვარდებოდა, ხან სხვა ადგილიდან. მე გასული ვიყავი ხოლმე სახლიდან, ლელა კიდევ ყოველ წამს ყურადღებას ვერ აქცევდა". მეზობლები კი სხვა გარემოებებს აღწერენ: "ამ ოჯახიდან მუდმივად გვესმოდა ქალის¬წივილ-კივილი. 6 იანვარს, როცა გავიგეთ, ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანესო, გვეგონა, ბიჭს სცემა. 5 წლის ლუკა სულ დალურჯებული დადიოდა".

20 მაისს არკადი ძავაშვილიც დააკავეს. მას ბრალად ედება 5 წლის ლ. ქ.-ზე ძალადობა. შსს-ში გვითხრეს, რომ გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და ექსპერტიზის დასკვნაც, რაც დანაშაულის ეჭვს ამყარებს. ძავაშვილი ბრალს არ აღიარებს.

როგორც მეზობლები ამბობენ, ოჯახი ექვსი წელია სანზონაში, 8 კვმ ოთახში ცხოვრობს. მანამდე არკადი ძველ საყარაულო ჯიხურში¬ცხოვრობდა, მერე კი იქვე ააშენა პატარა სახლი...

ნანა ძავაშვილი, ბრალდებულ არკადი ძავაშვილის და: - მეზობლები ჩემს ძმას მიწას ედავებიან, სანაცვლოდ ფულიც შესთავაზეს. მერე უჩიოდნენ და სასამართლოში დაჰყავდათ. სწორედ მათ სჭირდებათ არკადისა და ლელას ციხეში გამოკეტვა.

- თქვენს ძმაზე პროკურატურას რა მტკიცებულებები აქვს? - რაღაც ჩანაწერი დევს საქმეში - მანქანაში არკადი ცოლისდას ელაპარაკება, ლუკას წამოვარტყი, სახურავზე ასულა, იქ დენის მავთულებია და რომ წარმოვიდგინე, დენი მოკლავდა, ლამის ჭკუიდან გადავედიო. იმ ქალმა, ვინც ლუკა წაიყვანა ოჯახში, თქვა, ბავშვს ნაცემის არაფერი ეტყობოდა, მაგრამ უკან დამწვარივით ჰქონდაო. რომ უკითხავს, რა გჭირსო, ლუკას უთქვამს, გამათბობელს მივადე ფეხიო. ისეთ სივიწროვეში ცხოვრობენ, არაფერია გასაკვირი... არკადის ლუკა შეახვედრონ და თუ ის ძალადობდა, ბავშვი ახლოსაც არ მიეკარება. საქმეში მტკიცებულებად კიდევ რკინა დევს. თითქოს ის ჩაარტყა არკადიმ ბავშვს.

- ბავშვი რას ჰყვება მამინაცვალზე? - ლუკა ამბობს, არ მცემდაო, მაგრამ პოლიციას თუ უნდა, ათქმევინებს. სადაც 80 წლის დედაჩემი ღამის 1 საათზე წაიყვანეს დაკითხვაზე, არც ეს გაუჭირდებათ. ქალს შარდი გასდიოდა, პამპერსის გაკეთებაც ვერ მოასწრო, დაავლეს ხელი, წაიყვანეს და ამ ხნის ქალს იმას ეკითხებოდნენ, როდის გათხოვდიო.

- ბავშვები ახლა სად არიან? - არ ვიცით. ჩემი ძმა გამწარებული ითხოვდა, ბავშვები მაჩვენეთ, თორემ თავს დავიწვავო და მარტო პატარა აჩვენეს.

- თქვენს რძალზე, ლელაზე რას იტყვით? - ლელას შვილი რომ არ ნდომოდა, აღმზრდელისგან არც წამოიყვანდა. ლელა მეხვეწებოდა, კარგი მასაჟისტი მომინახე, ბავშვმა სიარული რომ შეძლოსო. რატომ არავის უჩნდება კითხვა, ბავშვი ჯანმრთელი თუ იყო, 4 წლისა ბოთლებითა და საწოვარათი რატომ გამოატანა ძიძამ დედას? ბავშვი არ იყო ნაკვები, ორგანიზმი დასუსტებული ჰქონდა და ვერ გაუძლო ვირუსს. რატომ ცრუობს მისი გამზრდელი ძიძა? ლელამ და არკადიმ მისი სახლიდან აყროლებული წამოიყვანეს ბავშვი, მარტო სველი ხელსახოცებით წმენდდა თურმე. მე და ჩემი შვილი მივედით ჩემი ძმის სახლში და რა ვნახე - ბავშვი ცდილობდა, მაგრამ ჩემამდე ვერ მოვიდა, ვერ დადიოდა, კანფეტი ღოღნა და გადმოაგდო, ისიც ვერ შეჭამა.

- ექსპერტიზის დასკვნით, ბავშვს თავის ქალაზე ბლაგვი საგნით ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. - ბავშვი აუტიზმით იყო ავად. როცა ჰბანდნენ, სულ ტიროდა, წყლის ჩხრიალზეც კი. ლელა არ არის შვილის მკვლელი. ის ექიმებიც დამნაშავეები არიან, მორჩენილი არ იყო ბავშვი და უკან გამოატანეს. დალურჯებები იმიტომ ჰქონდა, რომ იმ ვიწრო ტუალეტში, სადაც ჰბანდნენ, ბავშვი ტაშტიდან ხტებოდა, მისი დამორჩილება ძნელი იყო, ვარდებოდა, ხან რას ეხეთქებოდა. ბავშვი ვერ ღეჭავდა, ვერ ყლაპავდა, ლელა ძალიან ცდილობდა მის ფეხზე დაყენებას. რატომ ტყუიან, რომ ჯანმრთელი იყო? ჩემს რძალს არ მოუკლავს ბავშვი და დაიბრალოს, მე მოვკალი შვილიო? ან ლუკა ვინ ნახა დალურჯებული?

ლელას ციხეში, ალბათ, რაღაცას ასმევენ ან უკეთებენ და თიშავენ, რადგან სასამართლოზე ურეაქციოდ ზის. ეგ ისეთი ადამიანი არ არის, გულგრილად მიიღოს ყველაფერი.