მარნეულში აზერბაიჯანელი უფლებადამცველი დააკავეს - რას ამბობენ შსს-ში? - კვირის პალიტრა

მარნეულში აზერბაიჯანელი უფლებადამცველი დააკავეს - რას ამბობენ შსს-ში?

შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელი უფლებადამცველის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ავთანდილ მამედოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით, თაღლითობისთვის იძებნებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 17 ივნისს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით, თაღლითობისთვის ძებნილი, 1983 წელს დაბადებული ა.მ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 17 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ა.მ.-ს მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით. ა.მ.-ს ბრალი ედებოდა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2.-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც არაერთგზის ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.

2018 წლის 24 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონული სასამართლოს განჩინებით, ა.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, შესაბამისი პროცედურების შემდეგ, დაკავებულს ქვემო ქართლის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლებენ.

2017 წელს ა.მ.-მ საქართველოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა. ყველა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, მას მოთხოვნაზე უარი ეთქვა, საფუძვლების არარსებობის გამო. თავშესაფრის მაძიებელმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში და ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე განმარტებით, პროცესის დასრულებამდე მამედოვი ითვლება საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელი პირი არ შეიძლება იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შევა.

ავთანდილ მამედოვი აზერბაიჯანელი უფლებადამცველია. მისი მეგობრები ეჭვობენ, რომ მან შესაძლოა, აფგან მუხთარლის ბედი გაიზიაროს.